ფიქრად ქცეული დავიარები,
ბნელში ავლიე შენი აღმართი,
გულს ეწერება შენი პწკარები,
ხელში – პატარა თეთრი ბარათი.
თითქოს ბარათი მუნჯი, უტყვია,
ჩუმია ისე, ვით სიმარტოვე,
აქ ჩაგიწყვია იმდენი ტყვია,
რამდენი სიტყვაც ბარათში ვპოვე.
მთაწმინდას მხრებზე ნაბადი ესხა,
მთვარის დალალი მკერდზე ეყარა
და ვარსკვლავები – მძივების ასხმა,
გადმოსცქეროდნენ მაღლით ქვეყანას.
მოვდივარ ისევ, ძველ აღტაცებას
უკან მიბრუნებს შენი აღმართი,
შენ წახველ, მაგრამ ჩემთან დარჩება
შენი პატარა, თეთრი ბარათი.