Litclub.ge

ხარისა და გუთნის მადლითა
მაღალი ღმერთის მადლითა, ცისა და მიწის მადლითა, ხარისა და გუთნის მადლითა, დღევანდლამდე მოვაღწიეთ ადამიანებმა.
მეოცე საუკუნემ უღლიდან გამოხსნა ხარი და იგი თანდათან დაშორდა ადამიანს. თავისი ძველისძველი და წმინდა მოვალეობიდან გადადგა ხარი. წავიდა ჩვენგან, ოდნავ ნაღვლიანი, მშვიდი, უწყინარი, კეთილი, ჭირში და ლხინში სულ მუდამ კაცის გვერდით მყოფი და ვინ იცის, ჩვენგან არც ისე მადლიერი, ხარი.
არავინ იცის, რამდენი საუკუნე იდგა ხარი კაცის გვერდით, რამდენი საუკუნე ეწეოდა მძიმე უღელს, უღელს რომელიც ერთი ქართული ხალხური ლექსის მიხედვით, თვითონ ხარს, თავისი ნებით დაუდგია ქედზე:
ორშაბათობით აშენდა ციხე-ქალაქი ქვაზედა,
გარს გალავანი არტყია, ცანი დაჰყურებს თავზედა.
სამშაბათს იყო ყრილობა, დიდი მეუფის კარზედა,
ხარი და ადამიანი დადგნენ ერთ სამართალზედა.
ადამიანის დარჩენა ვერვინ ვერ იდვა მხარზედა,
ადგა, ხარმა მოახსენა: «მე დამიდვია თავზედა».
წამოდგნენ ანგელოზები, აკოცეს ორსავ თვალზედა,
ჩამოქნეს წყვილი სანთელი, დააკრეს ორსავ რქაზედა:
- წადი, ხარო და იხარე ცასა და ქვეყანაზედა,
ექვსი დღე კი იმუშავე, მეშვიდეს დაწექ მხარზედა,
ვინც მეშვიდეს შენ შეგაბას, რისხვა მიადგეს კარზედა!
და ამის მერე მოდიოდნენ კაცი და ხარი. ხნავდნენ მიწას, თესავდნენ, აშენებდნენ დიდ ქალაქებს.
ქართველმა კაცმა ღვიძლ ძმასავით შეიყვარა ხარი, შეებნენ ერთ უღელში და დღემდე მოვიდნენ.არც კაცს ჩაუხრია მუხლი, არც ხარს მხოლოდ დრო და დრო წაიბორძიკებდნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ:
- ჰამო, ჰო, ჩემო წიქარავ, მიდი გენაცვალე, მიდი! - ამხნევებდა კაცი. ხარს კი ისეთი ერთგულება და სიკეთე ჰქონია თვალებში ჩამდგარი, რომ კაცს ძალა ემატებოდა, ხნავდა, თესავდა და მტერს ებრძოდა. საომრად წასულს, ცოლ-შვილზე არა ნაკლებ ენატრებოდა თავისი ხარი.
ხარს საწოლი ადგილიც კაცის გვერდით ჰქონდა მიჩენილი.
კვირაში ექვსი დღე მუხლჩაუხრელად მუშაობდა ხარი. დაიწყებოდა გაზაფხული და თბილი ქვეყნებიდან მოფრინდებოდნენ თუ არა გუთნის ჩიტები, კაცი ხარ-გუთანს გამართავდა. საუკუნეების მანძილზე შეუცვლელ იარაღს წარმოადგენდა გუთანი. რაკი მას ხვნაში დიდი ძალა ადგებოდა, მის ნაწილებს სხვადასხვა გამძლე ხისაგან თლიდნენ.
ხნავდნენ კაცი და ხარი.
ხარს დიდი, წყლიანი და ჭკვიანი თვალები ჰქონდა. ხოლო რაკი ქართველი კაცი ჭირსაც და ლხინსაც ლექსად გარდაქმნიდა, თითქოს იმიტომ იყო ეს ქვეყანა გაჩენილი, იმიტომ ომობდნენ, იმიტომ მრავლდებოდნენ ადამიანები, იმიტომ შრომობდნენ, იმიტომ ამოდიოდა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, იმიტომ ხდებოდა სამყროში ყველაფერი, რომ ქართველ კაცს ყოველივე ეს ლექსად გარდაექმნა. გუთნის გაკეთება რა არის, გუთნის გაკეთებაზეც აი ასეთი ლექსი უთქვამს:
გუთანს გავმართავ მე ისე, როგორც რო მართებულია.
პირველ გათალე ხის რვილი, სახელდებული თელისა,
მოუჭერ სახლმე შუაზე, შემოუღერე ყელიცა,
ყელი კარგად მოუვიდა და შიგ შუა წელი სრულია.
კაკლის დედანი შევაბი შალაშინ – გადასმულია,
ზედ გაუკეთე ხელკუდი, როგორც რო ჩამოსხმულია,
იფნის ხმალი გავატარე ფარეშით გათანგულია,
ღირღიტოს მორი გავთალე პიტალო კაკლის გულია,
მუხისა სოლი ვიხმარე ხელეჩოთ დაწმენდილია,
ჯაგრცხილის ფერხოს მოკიდე, როგორც დუღაბი კირია,
ზედ შაუბი საყვირები წნელებით გადაბმულია,
შიგ დავუმართე უღლები ახალი დატუსულია,
შიგ ჩავუყარე ტაბიკი დათლილი შვინდის გულია,
შავაბი აპეურები, ახალი დაგრეხილია,
შავაბი უღელი ხარი, რქა-კუდით შამკობილია...
არ ვიცი თუ შეიძლება თანამედროვე ადამიანმა ტრაქტორის ნაწილებზე და აწყობაზე დაწეროს ლექსი და ასე მოხვდეს გულს, როგორც ეს ლექსი. ჯერ ერთი, როგორი სულიერი დამოკიდებულებაა იმ ხის ჯიშებთან, რისგანაც გუთნის ნაწილები გამოუთლია მთქმელს, მერე როგორ მოდის, ლექსში თანდათან როგორ ეწყობა გუთანი და როგორ ლამაზადაა ნათქვამი: «შავაბი უღელი ხარი, რქა-კუდით შამკობილია»... ალბათ ისევ და ისევ ხარების სიყვარულმა ათქმევინა ასე მადლიანად, ასე სულიერად, ხოლო ის ფაქტი, რომ ტრაქტორის ნაწილებზე ასე ვერ დაწერ, ეს ალბათ იმიტომ რომ დამოკიდებულება დაიკარგა, სული დაიკარგა, ის სიყვარული დაიკარგა რაც ხარს მოჰქონდა ადამიანის სულში.
თითქოს მიწასთან ხარი იყო ადამიანის სიყვარულის შუამავალი. ხარი სიბერით არ გამოდიოდა უღლიდან: «ბებერი ხარის რქანიც ხნავენო» და ხნავდნენ კაცი და ხარი. კაცს ყოველთვის არ ჰკმაობდა სიყვარული და უდიერად ექცეოდა ხარს. იმას კი ვისაც სიყვარული ჭარბად ჰქონდა, ხარის სათქმელი აი ასეთ ლექსად ამოსდიოდა გულიდან:
ავი გუთინისდედის სული
დაწერილია ქვაზედა
ეს უღმერთო ჩემი მეხრე მირტყამს ხმელ ბეჭის თავშია,
თითოს ასეთსას ჩამიშვებს, თითქოს ჩამაწვენს კვალშია,
დავიჩოქებ და შევსტირი ჩემ მეუფესა ცაშია:
«მიშველე, ჩემო გამჩენო, ჩემს გაჭირვების დღეშია!»
- მე რა გიშველო, საწყალო, მეც მაგინებენ ცაშია!
მე მაშინ მოურიგდები, როს მოვლენ სამართალშია,
დავადგამ რკინის უღელსა, შევგზავნი ჯოჯოხეთშია,
გარს შემოვუსვამ ეშმაკებს, ურაკუნებდნენ თავშია,
«აწი-აწი» იძახოდნენ, «სულო ამოდი ყელშია!»
და მიუხედავად მძიმე უღელისა, ხარი სიკეთის განსახიერება იყო. ხარი არ გაბოროტებულა.
არ ვიცი იმიტომ რომ ჩემ ბავშვობასთან აქვს საერთო, არ ვიცი, რატომღაც ისე ტკბილად მახსენდება ხარი და გუთანი. ვხედავ, როგორ გამოაქვთ სამშაბათ დღეს კალოდან უღელი, დაადგამენ ხარებს, წაიყვანენ სახნავად, გამოუბამენ გუთანს, რქებზე კვერცხს გაუტეხენ და ეტყვიან: «ასე გასკდეს იმის თოლი და გული ვინც შენ თოლი გცესო». მერე შეჭამანდის ჯვარს გაუკეთებენ ხარს მარჯვენა მხარეზე, სანთელს აანთებენ, დაილოცებიან და გატეხენ ყამირს. წინ ხარ-გუთანი მიდიოდა, უკან ბალღები მივყვებოდით და ჩვენს უკან გუთნის ჩიტები გრძელი, ზოლებიანი ბოლოების ქნევით მოჰყვებოდნენ კვალს. ჩვენ ვაგროვებდით ფხოლას, გუთნის ჩიტები კი გუთნის ჭიებს კენკავდნენ. ფხოლაი მრგვალია, თხილის გულის ტოლა, მიწიდან ყანასთან ერთად ამოდის, ფხოლის თავაი ჰქვია მის ღეროს, ისიც საჭმელია, ტკბილი გემო აქვს. გუთნის ჭია კი ქათქათა თეთრია და მსუქანი. ერთი გოჯის სიგრძე იქნება, მეტი არა.
იმ ბავშვობაში ნაჭამ ფხოლასავით ტკბილად მახსენდება გუთნისდედა. ფარცხზე დაჯდომა. ხარების წყლევა. მერე ჯეჯილი, მწიფე ყანა, ყანაში ბარდალაი და ფხოლისთავაი. მერე ნამგლების წკრიალი, ძნები, კალო და ისევ ხარები. ახლა კალოზე ბრუნავდნენ დილიდან გვიან ღამემდე ხარები, პირზე საპირეები ჰქონდათ აკრული და ბრუნავდნენ. იმათ მადლიან ფეხებქვეშ ილეწებოდა, ის რითაც ადამიანი დღემდე მოვიდა _ პური.
სანამ ჯეჯილი იყო და ყანები მწიფდა, კაცი და ხარი სხვა საქმეს აკეთებდნენ. აშენებდნენ სახლებს და ციხე-სიმაგრეებს. მართალია ხარი ბრძოლაში არ მიჰყვებოდა პატრონს, მაგრამ ხარი ზიდავდა ქვებს, რითაც შენდებოდა სიმაგრეები და უმაგრდებოდა მტერს საქართველო.
ერთხელ, თურმე, ორი ძმა აშენებდა ციხეს. ერთი კლდეს ანგრევდა, ქვებს მარხილზე უწყობდა ხარს, რომელსაც მიჰქონდა მარტოკას და მეორე ძმა ადგილზე სცლიდა მარხილს, თან აშენებდა. გზა ტყეში გადიოდა და ერთხელაც, შუა გზაზე მგელი დახვედრია ხარს... ძმებმა ის ციხე ააშენეს, ერთ ქვაზე კი იმ ხარის საპატივსაცემოდ მისი თავი გამოკვეთეს და კედელში ჩაატანეს ის ქვა _ აი, ყველაზე დიდი მაგალითი ხარისა და კაცის ერთგულებისა, კაცისა და ხარის ურთიერთპატივისცემისა. ის ციხე კი დგას ახლა, სარბილიდან ნახევრადგამდგარი, ვალმოხდილი, როგორც ხარი.
კაცის დამარხვაშიც ერთგული იყო ხარი. თუ საფლავები სოფლიდან შორს იყო, ხარ-მარხილით მიასვენებდნენ მიცვალებულს. საფლავის სიპებიც ხარ-მარხილით მოჰქონდათ და ზემოდან დასადები ქვაც ხარებით მიჰქონდათ საფლავზე. ძველთაგანვე ულამაზესი დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ კაცს საფლავის ქვასთან. თუ გუთნისდედა იყო, ხარებს გამოჰკვეთავდნენ მიცვალებულის ქვაზე, თუ
მწყემსი იყო ვერძს და ასე, რა საქმესაც ემსახურებოდა ამ სოფელში. ახლაც უამრავი ასეთი შედევრი _ საფლავია შემონახული ძველ სასაფლაოებზე.
ხნავდნენ კაცი და ხარი. მოჰყავდათ პური და ბრუნავდა წისქვილი. კაცმა არ იცოდა რომ მიწაც ბრუნავდა და ამბობდა: «დედამიწა ხარის რქებზე დგას»-ო. მერე გაიგო რომ მიწა ბრუნავდა. მერე თანდათან ბევრი რამ გაიგო და თანდათან დაშორდა ხარს, სხვანაირი ხასიათი გაუხდა, სხვანაირი ლექსების წერა დაიწყო. ხარს ახლაც ზრდის, მაგრამ ახლა იმ ხარს ერთი ძმიდან მეორესთან ციხე-სიმაგრის ქვები აღარ მიაქვს. ახლა იმ ხარის გზა წისქვილისაკენ მიდის. სიტყვა ხარს, ლექსის მაგიერ, სიტყვა «კარგი სახორცე» დაემატა.
თანდათან გადადგა ხარი. წავიდა თავისი მშიდი ნაბიჯებით, დიდი, წყლიანი თვალებით.
მიდის.
მიდის და ჩვენს სულში ღრმა კვალს სტოვებს:
სიკეთის კვალს.
სიმშვიდის კვალს.
მოთმინების, ამტანობის, გაუტეხლობის, სათნოების კვალს.
გვიტოვებს მოგონებებს გუთნის დედებზე, ხის გუთნებზე, ურმებზე... გვიტოვებს სიმღერებს:
«ურმული»,
«გუთნური»...
და კიდევ იმდენ რამეს სტოვებს ქართველი კაცის სულში რომ კიდევ დიდხანს გვეყოფა, დიდხანს გვეყოფა კი არა, მუდამ ჩვენთან იქნება. ხარმა ხომ დიდ საუკუნეს, ტექნიკის საუკუნეს ჩააბარა ადამიანი. მან პირნათლად მოიხადა თავისი ვალი... ღმერთისა და კაცის წინაშე.
გადადგა, მაგრამ იმ წუთში ისევ გვერდით ამოუდგება ხოლმე კაცს, სადაც დასჭირდება. უტყუარია ყველა საქმეში.
ამბობენ, ყაყაჩოები მტერთან ბრძოლაში დახოცილი მამულიშვილების სისხლის წვეთებზე ამოდიანო. არსებობს ყვავილი, რომელსაც ხარისთვალა ჰქვია. არ ვიცი, იქნება ეს ყვავილი იმ ხარის ცრემლებზე ამოვიდა, უეცრად გუთნისდედა რომ მოუკვდა კვალში, ანდა იმ ხარის ცრემლებზე, ძმებს რომ ციხისთვის ქვებს უზიდავდა და გზაზე მგელი შეხვდა... ანდა კიდევ იმ ხარის ცრემლებზე, მეხრემ რომ შოლტი დაარტყა... არ ვიცი, ერთი კია რომ ის ყვავილი ცრემლზე მოსული ყვავილია. კაცმა არ იცის...
კაცმა მხოლოდ ის იცის, რომ დღემდე ის მოვიდა მაღალი ღმერთის მადლითა, ცისა და მიწის მადლითა, ხარისა და გუთნის მადლითა.