„ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში.
ამიტომ სჭირდება ქალი - ყველაზე სახიფათო სათამაშო.“
ფრიდრიხ ნიცშე
შავი საბურველი
თეთრი ჩარჩო
და მეგობარი...
ნატვრაში ბევრი რამ იკვეთება და საგნობრივი იერსახე დაჰკრავს-ხოლმე მას, მაგრამ არის ერთი, განსხვავებული ნატვრა მამაკაცისთვის თან ნაზავი ორი უკიდურესობისა: ხიფათისა და თამაშის.
თითქმის ყველა ხელსაქმე გენეტიკურია და კოდირებული. რა იცის ადამიანმა?! ის რაც ყოველთვის იცოდა და იმაზე მეტი რაც არასოდეს იცოდა თუ რა სურდა? ისევ უკიდურესობას ვაწყდებით, მაგრამ ეს ყველაფერი გასაგებია ადამიანისთვის, რომელსაც ქალს ეძახიან.
დღეს, რაღაც საპირისპირო მოხდება ან იქნებ არც...
დიახ ის ღამე, წყვდიადად ექცა და სულს, მბორგავს ეკამათებოდა. მობეზრებოდა მარტოობა. განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა უთხრეს საავადმყოფოს დერეფანში: „მეუღლე გარდაგეცვალათო“.
შავი საბურველით იჯდა ჭირისუფალთა გარემოცვაში, ზუსტად ისე, როგორც ქართველ ქალს შეჰფერის. ახალგაზრდამ დაჰკარგა ქმარი. შვილი თავად იყო დედის.
იჯდა და დუმდა.
სხვანი გოდებდნენ...
თითქოს ტრაგიკული დასაწყისია, მაგრამ გეტყვით რომ არაფრის მომცემი. დღეს უკვე კვდებიან, მაგრამ აღარ ახსოვთ. არც თქვენ მკითხველებს მოგადგათ ცრემლები თვალებზე. რა მოხდა მერე? მეც არ ვტირი...
ეეჰ... წუხილს რა ვუყოთ?!
ლაჩარი და ამავდროულად კაცი სხვების თვალში.
- იცნობთ ამ კაცს?
- როგორ არა?! მას ვინ არ იცნობს... არ მეგულება ადამიანი, რომ მას არ იცნობდეს.
- შენც მოგცლია, რა... გაუმართლა და ეგაა!
- რაში კაცო?! გამართლებას ეძახი შენ ცოლის მილიონებით, რომ სუნთქავს?
კარიდან, მეოთხე მაგიდასთან ისხდნენ: მილიონერი ცოლის მეუღლე და მისი მეგობრები. კართან ახლოს კი ისინი ვინც ბჭობას განაგრძობდნენ.
- აი ამ ჭიქით, იმას გაუმარჯოს, ვინც ქალს თავბრუს დაახვევს, ქალის ნიფხავსა წამოიხურავს და მისი მილიონებითა ცოცხლობს! - თქვა და გადაჰკრა ლუდი.
- ეჰ, შე მამა ცხონებულო... ლუდი სასმელად აკურთხეს, შენ კიდევ ძველით უბერავ რაა...
- აბა, შენ ეგ თქვი... რა მასტია არა?!
- ჰო, გეთანხები!
- ბიჭო, გამომხედე ერთი აქეთ! ე, მაგ ლუდის კათხაში, რომ ერთი კარგი ჟიპიტაური გავუშვა, დალევ?
- აბა, სად არის?
- მითხარი, დალევ?
- მოიცა, რა თორიავ! - გვარით მიმართა მეგობარმა მეგობარს. - აბა რა დროს ეგ არი?! ვერა ხედავ ძლივსა დგას ფეხზე. მოდი, შევირგოთ რა ხინკალი და მწვადი!
- მართალია თორიავ, მართალი, ჩვენი სუფრის მგოსანი!
- დადე, ეგ კათხა მაგიდაზე და ჩვენცა შევსვამთ რა... მაგ ძალად მილიონერის სადღეგრძელოს.
არ გახლდათ ადგილი და ოჯახი, სადაც მათ ქორწინებაზე, სიყვარულზე არ ესაუბრად. ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო ისტორია, რომელიც ასე დაიწყო:
ქალი.
ზღვისპირეთიდან სახლში ბრუნდებოდა. ვაგონის ტამბურში სიგარეტს მოუკიდა და მადიანად ჩაუშვა ბოლი ყელში. ფიქრებს, ყელიდან ამოშვებულ ბოლს ატანდა, შემდეგ თითებით სცრიდა მათ. გაფანტულ თეთრ ოცნებებს მზერას არ სწყვეტდა. უყურებდა თითქოს ამოეშვას ბოლო წამები მასთან გატარებული, ხოლო მოწმეებად მთელი არმია ჰყვდა, ვინც კი მოჰკრა თვალი გაფანტულ სითეთრეს...
გათავისუფლდა...
მიიძინა.
დილით, მასთან მყოფ თანამგზავრთ დაემშვიდობა და დედაქალაქის ავტო-ვაგზლისკენ გაემართა. გზად კაფე-ბარში შეირბინა. ყავა მიირთვა, უშაქროდ. მიმტანს კეთილი უთხრა და კაფე-ბარიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა.
ავტობუსს მიუსწრო. თხუთმეტ წუთში სტოვებდა დედაქალაქს. აქ არაფერია მისთვის უცხო, ფანჯრიდან ნაცნობი ხედი სჩანდა. უცნობი მხოლოდ ის იყო, ვინც ზღვასთან დასტოვა.
„იცით, შემიყვარდით! თავს ვკარგავ... როდის გნახავ, ჩაგეხუტები, მოგეფერები?“ ფიქრებში ჩაკარგულს ლავირების უნარი დაჰკარგვოდა. გონება მხოლოდ ერთზე ფიქრობდა - მასზე.
მამაკაცი.
ზღვისპირეთიდან სახლში ბრუნდებოდა მამაკაცი. მოკლე მანძილის გამო, სახლში დაბრუნება ავტობუსით არჩია. საზეიმო სუფრასთან დანაყრებულს არაფერი უნდოდა. სასიამოვნო ამფასით აითვალა ავტობუსის ორი საფეხური და ბილეთზე მითითებულ ადგილზე დაჯდა. თავი სავარძლის უკანა ტანს მიადო და თვალები დახუჭა. იხსენებდა ჩრდილ ქვეშ, თვალებს უკან მიმალულ ნეტარებას, სურვილს, რომელიც მადიანი იყო. სხეულს უფარავდა მისი სურნელი.
- უკაცრავად რა სუნამო გასხიათ?
- ნინო. - დაუფიქრებლად მიუგო მამაკაცმა.
- ნინო?! - გაოცება აღებეჭდა სახეზე გვერდზე მჯდომს, რომელიც სცდილობდა გასაუბრებოდა თანამგზავრს. - ასეც ვფიქრობდი! ქალის სუნამოს სურნელი აგდით.
- თქვენ, როგორ მიხვდით? თუმცა რა გამოგეპარებათ?!
- „ისი პარში“ ვმუშაობ. - იხუმრა ახალგაზრდა ქალბატონმა.
- გასაგებია, ყველაფერი! რა ჰქვიათ?
- მაია. თქვენ?
- გიორგი. რა მოგწონთ მაია?
- ის რაც თქვენს სხეულს ამშვენებს!
- ქალი?!
- არა, სუნამო. - ჩაეცინა მომხიბვლელ ქალბატონს.
- მაპატიეთ! ეს უნებლიედ წამომცდა.
- არაფერია, მესმის თქვენი გულისტკივილი!
- შესაძლებელია!
- არა, მართლა?!
- გმადლობთ! - მამაკაცს თავი სავარძლის საზურგესთვის არ მოუცილებია. პასუხებს თავის მოძრაობით იძლეოდა. გადახედავდა-ხოლმე მშვენიერ ქმნილებას, რომელიც არ მალავდა დაინტერესებას მისით. - რა დღეა დღეს?
- კვირა.
- ვერ გამიგეთ... ვიცი, რომ კვირაა, უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, შესაბამისად ყველაფრით გამაოცა კვირამ. დღის ბოლოც არაჩვეულებრივი ძღვენი მერგო.
- რა გაჩუქეს?
- თქვენი უახლოესი მეგობარი, მიამიტი, ხომ არ არის?
- არა, მე ვარ!
- არ ხართ მეამიტი, პირიქით თქვენი საქმისა იცით.
- იცით რას ვსაქმიანობ?
- სტრიპტიზს ცეკვავთ ბარში.
- ძალიან პირდაპირი ხართ.
- რატომ, სამსახური გამოვიცანი თქვენი - მეტი არაფერი?!
- ვერ გამოიცანით. მიმტანი ვარ. პარალელურად ვსწავლობ...
- სწავლობ? - ფეხი იცვლა გიორგიმ. მარცხენა დაბუჟებოდა. მარჯვენას დაეყრდნო.
- კი. საინტერესო პროფესიაა! იქნებ, მითხრა სუნამოს რა ჰქვია და მეც...
- ნინო.
- მე მაია.
- რა შენ?
- მაია.
- ეგ ჰო, მაგრამ რატომ მაია? გვანცა მოგიხდებოდა.
- შეიძლება, მაგრამ ასე დამარქვეს. მიყვარს ჩემი სახელი.
- მეც მიყვარს.
- თავისთავად, გიორგი კარგი სახელია.
- არა ნინო მიყვარს.
- უცნაურად საუბრობ.
- შენც! ნახევარი გზა გავიარეთ. - სახეზე წყენა აღებეჭტა მამაკაცს.
- რა გწყინს?
- ვშორდები, მოგონებების ქალაქს, მაგრამ მიხარია, რომ თან მიმაქვს. როდის შევხვდები მას?
- ნინოს?
- ჰო.
- იქნებ გვანცას ან მაიას?
- გვანცას... მაიას, უკვე შევხვდი.
- მაგრამ, არაფერი ამით, არა? - სევდანარევი თვალებით დააცქერდა ახალგაზრდა მამაკაცს გოგონა.
- ვერ ვიტყვი, რომ არაფერი. ორივე მომხიბვლელები ხართ!
- იქნებ ერთზე შეაჩერო არჩევანი.
- შენ, რომელი ხარ?
- მაია.
- ჰოდა იყოს მაია! მომწონს მაია. გვანცა წარსულია...
- წარსულიც ჰქონდა?
- მქონდა რა თქმა უნდა. შენ რა იფიქრე, აქ, ავტობუსში დავიბადე?
- მე არა, ასე შენ ფიქრობ.
- ფრენოლოგიაზე გსმენია რამე?
- არა. რას ნიშნავს?
- მეცნიერებაა. ადამიანის თავის ქალის აგებულების მიხევით, მისი ხასიათისა და მიდრეკილებების განსაზღვრა შეიძლება.
- საინტერესოა!
- სამწუხაროდ დრო არ გვეყოფა, რომ ვისაუბროთ.
- იქნებ, რამე თქვა ჩემს შესახებ?!
- კი, ვიტყვი! ლამაზი ხარ, მაგრამ სახიფათო, ასევე განათლებული ხარ.
- რატომ, რითი მიხვდი?
- ფართო შუბლი გაქვს. ეს კი განათლების, ცოდნის ნიშანია, ხოლო ყველა განათლებული სახიფათოა! შუბლზე ორი ხაზი გაქვს, რაც სამოცდაათი წლის სიცოცხლის ხანგრძლივობის მანიშნებელია. იმედია სამოცდაათ წლამდე საინტერესო ცხოვრება გელის. ხშირად ჭმუხვნი შუბლს და წარბებ შუა ორი ვერტიკალური ხაზი შევამჩნიე, რაც უვარგის და ძალაუფლების მოყვარულ ადამიანად წარმოგაჩენს. ბოდიშს ვიხდი პირდაპირობისთვის, მახასიათებს. უვარგისში შეიძლება ვცდებოდე, რადგან არ გიცნობ. ეს შთაბეჭტილებაა ვიზუალური დაკვირვების, მხოლოდ.
- მე, რომ არ დაგაკვირდი, იქნებ შეცდომა დავუშვი?
- არა. შენ ფრენოლოგია არ იცი. შეცდომა კი შედეგია ქმედების. შენ უმოქმედოდ ხარ.
- რატომ უმოქმედოდ?
- ჯერ არაფერი დაგიწყია.
- ძალიან საინტერესო ხარ!
- შენც, როგორც საექსპერიმენტო ნივთი.
- ხომ არ ფიქრობ, რომ შეურაცჰყოფას, მაყენებ?
- არა.
- მე კი.
- ცუდია, რადგან მე კარგი ვთქვი.
- ვერაფერს ვხედავ კარგს საექსპერიმენტო ვირთაგვის შედარებაში.
- არა... წრუწუნა, ეს, მე ვარ. შენ წუნა ხარ.
- ე.ი. საკუთარ თავსაც იმეტებ.
- ჩვენ არაფერს ვიმეტებთ, საზღაურის გარეშე. იძულებულნი ვართ ვიყოთ.
- მოკლედ, დავიბენი. ფსიქოლოგის კაბინეტში ვარ თუ ავტობუსში ვერ მივხვდი. ალბათ არ უნდა გაგსაუბრებოდი.
- ნება შენია. შენვე დაიწყე, თავადვე შეგიძლია შეწყვიტო.
- საინტერესოა?!
- რა?
- არაფერი. შენი პერსონით ვიხიბლები.
- გენიალურია!
- ბევრს საუბრობ.
- უვიცობის ბრალია.
- აბა, შენ ხარო უვიცი? - თითქოს გაუხარდა გოგონას, რომ გიორგიმ საკუთარ თავს უვიცი უწოდა.
- უვიცთან აუცილებლად ბევრი უნდა ისაუბრო, რათა მასზე უვიცი გამოჩნდე. ეს ჭკვიანი ფიქრობს ასე. შენ კიდევ ფიქრობ: „რა ჭკვიანია ეს მამაკაციო!“ - ტუჩები ოდნავ ჩამოსწია ნიკაპისკენ და ჩაიღიმა.
- მაშინ მე ვიტყვი ერთს: მცდარია, გამონათქვამი - „ჭკვიანი დუმსო“.
- აქ უკვე ლოგიკურ დასკვნამდე მივედით. მალე, ჩემი ჩასვლის დროა.
- სამწუხაროა!
- რატომ, პირიქით, უნდა გიხაროდეს. ტვინი გიღრძე ამდენი საუბრით.
- მაინც სამწუხაროა და სასიამოვნოც, რომ გაგიცანი. ნინო მომიკითხე.
- არ იცნობ, რა საჭიროა?! ფამილიარული გამონათქვამია. - არაფერი უთქვამს ახალგაზრდა ქალბატონს მისთვის. დუმილი არჩია.
ავტობუსი უახლოვდებოდა გიორგის მშობლიურ ქალაქს. უყვარდა ძალიან. ღამეში ჩაკარგულს, ხიბლავდა მისი სიწყნარე, სიმშვიდე. მთვარე ფანჯრიდან ყვითლად მოსჩანდა.
- დაბერებულა მთვარე. სიყვითლე შეჰპარვია! რა კარგი სიბერე აქვს, უდარდელი...
- იქნებ დარდმა გააყვითლა?!
- ორივეს ჩვენი აზრი გვაქვს. მე ასე მირჩვენია. შენთვის, თუნდაც, იყოს დარდიანი...
მაიამ ფურცელი და კალამი ამოიღო ხელჩანთიდან. რაღაც დაწერა. კალამი ისევ დააბრუნა ხელჩანთაში, შემდეგ ფურცელი დაკეცა.
- ჩასვლის დროა. მიხარია, რომ გაგიცანი! იმედი მაქვს ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს ნინო.
- მაია.
- ნახვამდის გვანცა! ძალიან მესიმპატიურეთ!
- ნახვამდის. - დაკეცილი ფურცელი ხელისგულზე მიიკრა და გამოსამშვიდობებლად გაუწოდა. სახელის შეხსენება აღარ ღირდა.
- შენ თამაშს იწყებ! ეს მე მომწონს. - ფურცელი ჯიბეში ჩააცურა ხელთან ერთად.
- მიხარია!
- აჰა... მოქმედებას იწყებ. ეს კი შეცდომებს წარმოშობს.
- მე საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ...
- ნახვამდის მაია.
- გმადლობთ, როგორც იქნა სწორად წარმოსთქვით ჩემი სახელი.
- მართლა გვანცა? - თბილად გაიცინა გიორგიმ და დაემშვიდობა მას.
- კარგი სუნამოა „ნინო“!
- მადლობა!
* * *
წვიმს...
„მოოქროვილი დრო.“
ქართული გენი
წვიმა ზოგჯერ ტალახიანი!
მის ფანჯარას წვიმის წვეთი აეწება. დაორთქლილ მინას შუბლი მიადო, შეეცადა შუბლს იქით ნაფიქრს ბზარი არ გასჩენოდა. სურდა და ნატრობდა. წამწამებს აფახულებდა. გასცქეროდა შიშველ ხეს. ტოტიდან ჩამოვარდნილ მოფარფატე ფოთოლს, ეულად მიმავალს მიწისკენ. დაუცხრომელი და აუტანელი მოანტრება დასჩემდა. არაფერს ეკვროდა მისი სხეული. მხოლოდ სახით მიბჯენილს მინაზედ, ახსენდებოდა - კრებითი სახე, რომელიც ლურჯი პლანეტიდან კენტად შობილი იმზირებოდა. „როგორი სივრცული ხარ, დაუჯერებელი ხარ! ჩემი ხარ!“ წვეთებში ჩაახრჩო მოჭარბებული სევდა. ვაშლივით ჩაკბიჩა ვნება და დააგემოვნა. არც კი ფიქრობდა ვინ აცდუნა!
სადარბაზო ჩაირბინა. ორი წუთის წინ მეგობარმა დაურეკა: „იქნებ ჩემთან მოხვიდე, მჭირდებიო.“ მეზობლებს მიესალმა, რომელთა ყიჟინა, ერთმანეთში ჩვეული ფორმით მეტი არაფერი იყო თუ არა საუბარი. კამათობდნენ ერთსადაიმავეზე: „ჩვენს დროს ეგრე სად იყოო... ქალმა ყოველთვის იცოდა თავის ფასიო, აბა დღეს ნახე, დღეს რა იცის ქალმაო? იქით აბამენ კაცებსო.“ და ა.შ... ახალგაზრდა ქალბატონმა შრიალით ჩაუარა მათ.
- იცი ნიცშემ რა თქვა? „სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი, მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათიო.“
- რა თქმა უნდა იშვიათია. განა ეგრე არ არის კაცებო? დამეთანხმეთ: ოდითგანვე არსებულა ჩვენსას, რომ ქალი და მამაკაცი ერთად სუფრასთან არა სხდებოდნენ. ასე, რომ სრულყოფილება ცოტა გაზვიადებულია ჩემის აზრით.
- კარგი რა ადამიანო, რატომ ამტკიცებ ყოველთვის საპირისპიროს? - მესამეს ჩაეცინა და დასძინა ცინიზმით:
- არ იცი განა რატომ? მას ხომ გენიოსებთან უყვარს პაექრობა. აბა ერთი ქალი ანახე! ნახავ, ენა როგორ ჩაუვარდეს... დაშტერდება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არაფრის მაქნისია, მაგრამ მამლაყინწობს მაინც.
- მართალი ხარ.
- ხო, შეჰკარით პირი ჩემს წინააღმდეგ არა? თქვენ რას მიკეთებთ? მე გენიოსებს ვედავები მაინც. თქვენ ესეც არ შეგიძლიათ. ყველაფერში ეთანხმებით ყველას.
- ყველას არა შოშია.... აი, მაგალითად, შენ არ გეთანხმებით. შენც ხო გენიოსი ხარ ან სულელი. - ერთხმად ასტეხეს სიცილი, რომელიც ხარხარში გადაეზარდათ.
მაინც რა არის ადამიანი არა? გასართობს მოძებნის-ხოლმე.
ისევ წვიმს... გაჩერებასთან დგას ახალგაზრდა ქალბატონი, მაღალ ქუსლებზე. მას მეგობართან ეჩქარება. ქოლგის ქვეშ იმალება ის... ყვითელ ხელთათმანს იკეთებს. შესცივდა. მაჯის საათს დახედა. უკვე თორმეტია. სამარშრუტო ტაქსი უახლოვდება, თუმცა მას “მერსედესის” ფირმის ავტომანქანამ დაასწრო და მის წინ დაამუხრუჭა. ფანჯარა ჩამოსწია მძღოლმა და ნინოს შესთავაზა დანიშნულების ადგილამდე წაყვანა. იცნო კლასელი. უსიამოვნოდ ჩაჯდა მანქანაში და ოქროსფერ დროს, თვალუწვდენელი სისწრაფით გაჰყვნენ. საინტერესო საუბარი შედგა მანქანის სალონში. რა თქმა უნდა ნინო უკანა სავარძელში მოთავსებულიყო კომფორტულად. გრძელი თმები ლივლივებდა ვითარცა ზღვა სიწყნარეში. მდუმარება დაირღვა. მოკითხვები მანამდე ეთქვათ ერთმანეთისთვის სანამ სიჩუმე ჩამოვარდებოდა. მორიდებით იჯდა ახალგაზრდა ქალბატონი.
- ნინო, გახსოვს სკოლა? რა პატარები ვიყავით?
- როგორ არ უნდა მახსოვდეს?! განა დიდი დროა გასული?
- საკმარისად, ჩვიდმეტი წელი.
- არაფერია საკმარისი, როცა განვლილ წლებს ნატვრაში მოიხსენიებ.
- ისე, მართალი ხარ! შვილები რამდენი გყავს?
- ერთი. ბიჭია.
- ღმერთო, რამდენი წელია არ მინახიხარ. რამდენი წლისაა?
- უკვე თხუთმეტის. - ჩაფიქრებული სახე, მას დღე ნაკლულს აჩენდა. სწყუროდა ხანგრძლივობა. მეტყველ სახეს საათისთვის ისრები მოუპარავს...
- სკოლაში დადის, ხო? - კლასელს სიჩუმე სძულდა, შესაბამისად სცდილობდა კითხვებით გამოესწორებინა, ახალგაზრდა ქალბატონის თვალებზე ლაქად დასმული სევდა.
- ჰო, დადის...
- რატომ არ ჩანდი?
- შენ, მხოლოდ ახლა მნახე...
- მართალი ხარ!
- უკვე მოვედით. გამიჩერე!
- მიგიყვან. შესახვევი მოსჩანს.
- მადლობთ, გელა, მაგრამ მირჩევნია, ფეხით მივიდე დანიშნულების ადგილამდე.
მანქანა დაამუხრუჭა.
- რა გჭირს ნინო?
- არაფერი. ყველაფერი კარგადაა. გმადლობთ, რომ მომიყვანე!
- არაფრის.
მანქანის კარები მიხურა. ახალგაზრდა ქალბატონი, ისევ ქოლგით ხელში განაგრძობდა გზას მეგობრის სახლამდე. „ძალიან საინტერესოდ დაიწყო ჩემი დღე. ან ეს რეგვენი რამ შემახვედრა, რაა?!.. როგორ ვერ ვიტანდი ბავშვობაში... მით უფრო, როცა მახსენდება მისი საშინელი გამოხტომები და ის ქმედება, რამაც ასე საშინლად შემაძულა ის. რატომ ჩავჯექი? ნერვებს ხომ არ მომიშლიდა?! აინტერესებს ბიჭს ჩემზე რაღაცეები, არ მოგწონთ? არადა მთავარი, რომ იცოდეს გაცილებით ცუდ დღეში აღმოვჩნდებოდი. მიხარია, რომ არაფერი ვუთხარი. დამპალი, ვერ ვიტან! შვილი მიმყოფე კარგად უფალო!“ - რამოდენიმე წუთით დაავიწყდა ყველაფერი. მხოლოდ ერთი დღე ახსენდებოდა და ისიც არაზღვისპირეთისა. წვიმა ტალახიანი წამოვიდა. ქოლგას მიწისფერი დასდებოდა.
„ვერ დაემალები, წარსულს. გზად შეგხვდება-ხოლმე. არადა როგორ მინდა შენი სითბო, რას მერჩის ძველი ტილო, რომელიც სხვამ დახატა უგვანოდ?“ ფიქრებით აუყვა სადარბაზოს კიბეს. ზარი დარეკა.
კარი მისმა მეგობარმა გაუღო. პალტო გამოართვა და იქვე შემოსასვლელში მდგარ საკიდზე ჩამოჰკიდა. კაშნე შემოიხსნა, შემდეგ თითების ნაზი შეხებით, ქარის მიერ აფუებული თმები გაისწორა. უზარმაზარ სარკეში ჩაიხედა, სადაც აალებული სახე შეამჩნია. „დაწყნარდი ნინო!“ ბრძანებით მიმართა სულს. შესრულებული ქმედებების შემდეგ გაახსენდა, რომ მეგობარს უნდა მისალმებოდა. შემობრუნდა, თვალებში ჩახედა მეგობარს და ლოყაზე, მისთვის ჩვეული ამბორი უსახსოვრა.
- რა კარგი გოგო ხარ, რომ მოხვედი! რა გჭირს? არ მომწონხარ, ნერვიულობ რამეს?
- მარტო ხარ?
- ჰო, მარტო ვარ. არავინაა სახლში, ამიტომაც დაგირეკე. ვიფიქრე გავერთობოდით!
- შემოგევლე! - კიდევ ერთხელ გაიწია საკოცნელად ნინო.
- კარგი, ვიცი, რომ გიყვარვარ. შენ ეს მითხარი რა დაგემართა, სახლიდან აქამდე?
- არაფერი. ის დეგენარატი შემხვდა.
- ვინ?
- ვისზე ვიტყვი დეგენერატი-თქო?
- აჰა გასაგებია. მერე?
- მანქანით იყო.
- არ მითხრა, ახლა მან მომიყვანა აქამდეო?!
- ჰო ეგრე იყო.
- ყველაფრის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა?
- ჰო... მეშინია მისი, თან თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ასე მოვიქცე. თითქოს პატივს ვცემ.
- ვერა ხარ შენ კარგად ხო იცი?
- შეიძლება?! - საკუთარ თავში არ იყო დარწმუნებული ახალგაზრდა ქალბატონი, სწორად იქცეოდა თუ არა. რჩევას ელოდა მეგობრისგან და არა გაკიცხვას. - იქნებ მირჩიო, რამე? როგორ მოვიქცე? არც კი ახსოვდა ჩვენი შეხვედრები. მითხრა: „ჩვიდმეტი წელია რაც არ მინახიხარო“, არადა ორი თვის წინ შემხვდა გზაში ჭადრებს შორის მიმავალ გზაზე.
- რას ლიტერატორობ თუ ღმერთი გწამს, რა?!... რა დროს ჭადრებია და მათი გამყოფი გზა... ქალი ნერვიულობისაგან ლამის გიმიგიჟდე. სარკეში ჩაიხედე რა სახე გაქვს. ვერ გაარკვევს ადამიანი. სევდა უფროა აღბეჭდილი შენს სახეზე თუ გაბრაზება...
- უკვე ჩავიხედე.
- ვნახე, მაგრამ მგონი საკმარისი არ ყოფილა. გინდა მოისვენო? გაგიშლი ლოგინს...
- არა. წამოვწვები!
- როგორც გინდა. დღეს არავინ შეგვაწუხებს.
- შენები სად არიან?
- დასავლეთში წავიდნენ, ორი დღით. ჩემს დეიდაშვილს დაბადების დღე აქვს. დაპატიჟეს.
- შენ რატომ არ წახვედი?
- მერე შენ, ვისთან მოხვიდოდი, ან ვინ დაგირეკავდა? იქნებ ახლა წავიდე? - ჩაიცინა მეგობარმა.
- წადი! მარტო მინდა დარჩენა. სახლს მე მივხედავ.
- შენ მე გჭირდები! აშკარად ვატყობ. ყავას დალევ სანამ წამოწვები?
- სიამოვნებით.
- უშაქრო, რა თქმა უნდა, ხო?
- დიახ! ისე, დღეს ცეტობ იცი? მიყვარხარ, როცა ასე ზრუნავ ჩემზე დაი!
- ისე... არა?
- ისეც. - დააგვიანა პასუხი ახალგაზრდა ქალბატონმა.
- მეც მიყვარხარ! დამელოდე. არ შეხვიდე საძინებელში. ახლავე მოვადუღებ.
სასიამოვნოდ ლამაზი გარეგნობისა იყო ნინოს მეგობარი. ბავშვობის მეგობარი გახლდათ მისი. ერთად გაიზარდნენ და სარეცელსაც ბავშვობიდან ერთად იყოფდნენ. ოვალური, ფართო შუბლითა და სწორი ცხვირით გამოირჩეოდა მისი მეგობარი, ისეთივე გრძელი თმებით, როგორიც მას ჰქონდა. ერთ ფერში იცვამდნენ თუ სადმე სტუმრად ეპატიჟებოდნენ. საშუალო სისქის ბუნებრივი სიწითლის ტუჩები ალმაზებდნენ ღაწვთა კიდეებს. შეფაკლულ ლოყებს კი პატარა მდიდრული, ხელთნაკეთი საყურეები ამშვენებდნენ. გრძელ კისერსა და მოშიშვლებულ გულმკერდს ლალისა და ზურმუხტისაგან აკინძული შესანიშნავი ყელსაბამი ამშვენებდა. ისიც ხელთნაკეთი იყო. მამა ჰყავდა ოსტატი. ნინოს მარჯვენა ხელის შუანა თითს ამშვენებდა, ასევე მეგობრის მამის ნაკეთობა, რომელიც გაცილებით მიმზიდველს ხდიდა მასზე შემყურე ჭაბუკებს, შესაბამისად სურვილიც დიდი იყო დაწაფებოდნენ მტევანს საკოცნელად, იქნება წასართმევად?! გაცილებით ლაღი ბავშვობა ჰქონდა მეგობარს. უდარდელსა და გაზარმაცებულს არაფერს სთხოვდნენ. განებივრებულ ბავშვს მხოლოდ ერთი სადარდებელი ჰქონდა: როგორ მიეღო მისთვის საჭირო რაოდენობის სიამოვნება. ეს რაოდენობა კი არ გახლდათ განსაზღვრული. ხან როგორ და ხან როგორ, მოკლედ ძალიან მხიარული გოგონა იყო, რომელსაც სახის ყველა ნაკვთი უღიმოდა და ხშირი ოფლიანობაც იცოდა, რაც ვნებიანობისა და სიმხურვალის ნიშანია. მეტყველი, წყლიანი თვალები ითრევდა ყველას, ვინც კი შეხედავდა. დაფიფქულ მკერდს აუცილებლად აჩენდა-ხოლმე, ცდილობდა კაცთა მოდგმა ჭკუიდან შეეშალა და შესაბამისად მიუწვდომელსა და სასურველს ხდიდა მის სხეულს.
სამზარეულოდან ფინჯანი ყავით ხელში გამოვიდა ახალგაზრდა მეგობარი და მისაღებ ოთახში ნინოს მიართვა. ნინოს ფეხი-ფეხზე გადაედო და ფითქინა ბარძაყიც გამოეჩინა, საკინძე შეეხსნა მეგობრის არ ყოფნაში. თავი იმართლა მეგობართან: „ცხელა შენთან საკმარისზე მეტადო“. ყელსაბამი მკერდსშორის ღარში ჩასცურებოდა. უხდებოდა ოქრო, ყელსა და მკერდს! სამაჯურს მალი-მალ ათამაშებდა მარჯვენა ხელის თითების დახმარებით, იხდენდა სილამაზეს. ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი კი სამი თითის დახმარებით მოჰყავდა მოძრაობაში. იდგა მის წინ უძრავად მეგობარი და უცქერდა საოცარ სილამაზეს.
- დაჯექი!
- დღეს ძალიან ლამაზი ხარ დაი! - რბილი ხმით, უთხრა ნინოს. ბავშვობიდან ასე მიმართავდნენ ერთმანეთს.
- იქნებ სიგარეტი მომაწევინო, გაქვს?
- კი, როგორ არა?! ახლავე მოვიტან! - ისევ სამზარეულოში გავიდა მეგობარი. სამზარეულოს მაგიდაზე, გაუხსნელ სიგარეტის კოლოფსა და საფერფლეს მოჰკიდა ხელი, რომელასაც თევზის ფხის ფორმა ამშვენებდა.
- აჰა, ჩაუშვი ფილტვებში. მეც გავაბოლებ „ზა კამპანიუ“.
- მადლობა! - სავარძლიდან წამოიწია ნიბლია და მიწოდებული კოლოფი გახსნა. ორი ღერი ამოიღო. ერთი ღერი ტუჩებს შორის მარჯვენა კიდეში ჩაიდო, ხოლო მეორე ღერი ბავშვობის მეგობარს გაუწოდა. ოთახში დატრიალდა სიგარეტის მხრჩოლავი სუნი, თუმცა მათთვის სასიამოვნოდ! თავს ზემოთ ნისლი გაჩნდა. სიჩუმეში ეწეოდნენ. არავის უთქვამს ერთი სიტყვაც კი. ერთმანეთს უცქერდნენ, ზოგჯერ კი ოთხივე თვალი, ოთახის ოთხივე კედელს ათვალიერებდა. აკვირდებოდნენ ოთახში მდგარ ნივთებს. თვალში საცემი იყო, ავეჯი, რომელიც გასული საუკუნისა გახლდათ. ხეში ამოტვიფრული ორნამენტები ამშვენებდნენ სხვადასხვა სახეობის ავეჯს. თავად სტუმარს, ლომის თავისთვის წაევლო ხელი, რომელიც სავარძლის სახლურებს ამშვენებდა.
- ყოველთვის მომწონდა შენი სახლი. ვფიქრობდი, რომ აქ გაცილებით მშვიდათ ხარ ვიდრე ჩემთან. ძალიან ძველია აქ ყველაფერი... მით უფრო როცა იცნობ მათ და იცი მათი ისტორია. არ მეთანხმები?
- მე კიდევ პირიქით მჭირს, სიხარულო! როცა შენთან ვარ, გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს. დამღალა ჩემმა სიძველემ. იცი რა ხდება?! ძალდაუტანებლად ვფიქრობ ყველაფერზე, როცა ჩემთან ვარ: ეს ნივთები, ეს წიგნები, ეს გარემო, უკვე გულისამრევი გახდა ჩემთვის, რადგან უშენოდ მეშინია მათი ცქერა. აი შენ კი როცა აქ ხარ, მამშვიდებ მათზე საუბრით. ეს ყველაფერი მოოქროვილი დროა ჩემთვის! ვიცი ეს და მიხარია, მაგრამ ზოგჯერ შიშით ვუმზერ მათ. ისინი ხომ წარსულის გადმონაშთები არიან. გეთანხმები! წინაპართა ნაქონია, მაგრამ დღეს სულ სხვა დროა, სულ სხვა აზროვნება უყალიბდებათ ადამიანებს, მათ შორის მეც. ზოგჯერ კლასიკური მუსიკის ჰანგების ხმა ჩამესმის, რაც ჩემთვის არც თუ ისე ფართო მცნებაა, რადგან არ ვიცნობ ამ შემოქმედებით მხარეს. მიყვარს მხოლოდ ის რაც დღესაა და არა ის რაც იყო. არ ვგულისხმობ ისტორიას ჩვენსას ზოგადად, არამედ ჩემს თავს რაც იყო... აი ეს მაგიჟებს. არ მინდა ვიცხოვრო მიცვალებულთა სურათებში და მათ გვერდით. არადა მშობლები ვერ ელევიან მათ. გახედე კედლებს! გინახავს ამდენი მიცვალებულის სურათი ვინმეს ოჯახში? რა უბედურებაა ღმერთმანი?!... იქნებ დროა ეს ყველაფერი ჩაიფერფლოს ან წარსულს საბოლოოდ ჩაბარდეს.... განა დავაშავე მე რამე? რა უფრო სჯობს იყო მათ გარემოცვაში თუ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრო? მეც ხომ მაქვს უფლება სიცოცხლისა? თუ კი, ნება მომეცით ვისარგებლო ამ უფლებით და არ ვიყო რაღაც წარსულის ნივთების ჯადოქრული ზემოქმედების ქვეშ, რაც შენ ასე გახარებს.
მეგობარი გაკვირვებული შესცქეროდა აღელვებულ მეგობარს, რომელიც ლამის ნერვულ სტრესამდე მიდიოდა. ვერ იფიქრებდა, რომ ასეთ რეაქციას გამოიწვევდა მისი ინტერესი ძველი ნივთების მიმართ. არადა ეს პირველად არ ხდებოდა მეგობრთან. ყოველთვის აღნიშნავდა-ხოლმე ოჯახის სიდიადეს, რაც თავად მაიას ასე მოსწონდა.
- რამ აგაღელვა ასე? მე მხოლოდ ვთქვი, მეტი არაფერი. მართლა მომწონს შენს სახლში ყოფნა. ის ნივთებიც რაც აქ აწყვია და ძევს. მათ ძლიერ ვცემ პატივს. მათში უძველესი ქართული გენი იმალება. თითოეული ნაკეთობა მეტად განსაცვიფრებელია და ყურადსაღები. არ მსურს მათზე აუგი ვთქვა, ვერ ვიტყვი. მით უფრო როცა ის შენი ნაწილია, ეს შენ გსურს თუ არა. იცი ვდარდობ შენზე! ძნელია მიცვალებულებს უყურო. ამაში გეთანხმები. სასწრაფოდ უნდა მოაშორო მათი სურათები! მე როგორც ვიცი, მიცვალებულს ატანენ გარდაცვლილთა სურათებს. მახსოვს, ბოლოს ბებო გარდაგეცვალა...
- არ ჩააყოლეს. რამდენი ვეხვეწე. „როგორო, თითო-თითო სურათი არ უნდა დაგვრჩესო?!“ მეც გავჩერდი. ჩემს აზრს არასოდეს სცემდნენ პატივს. მით უფრო თუ ის ჩემს სულიერებას ეხებოდა ან რაღაც ამდაგვარს. იცი?! ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სული ჩემი ნასვრეტებიანია და მასში ჰაერი ისევე ატანს, როგორც საცერში. არავის აინტერესებს ჩემი მომავალი, მით უფრო წარსულის გახსენება... ერთი განებივრებული ბავშვი ვიყავი, რომელსაც ყველაფერს უსრულებდნენ, მაგრამ წამოვიზარდე თუ არა, რასაც ჰქვია შემაჯდნენ რაა... არც ცემას თაკილობდნენ ჩემსას და მით უფრო შეურაცჰყოფებს. თუმცა რას გიყვები, თავად შესწრებიხარ ასეთ ამბებს ჩემთან. ერთი კი არ იცი: დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ შენს დარჩენაზე თანხმობა მიმეღო. საშინელი ომი მქონდა სახლში-ხოლმე, მაგრამ შენ უყვარხართ და ბოლოს მთანხმდებოდნენ.
- მაგრამ, შენ ხომ ყველაფერი გქონდა? კარგი სათამაშოები, უზრუნველი ცხოვრება. დღესაც საკმარისად გაქვს ის რაც ყოველთვის გსურდა?!
- რა მაქვს?
- არ ვიცი?! ყველაფერი. მანქანა, ტანსაცმელი, ფული, ბოლოსდაბოლოს სიყვარული მშობლების. განა ეს ცოტაა?!
- სიყვარული?! ჰმ... მიკვირს, როცა შენ სიყვარულზე მელაპარაკები. გეთანხმები - მე მიყვარს, მაგრამ მათ არა. ხუთი წელია რაც ასეთ გაურკვევლობაში ვარ. არ ვიცი რა ვქნა. არაერთი ბიჭი ჩამომაშორეს. არავის მაკარებენ. მეც...
- შენც, ყველაფერზე ბრაზდები.
- შეიძლება. არაფერია... დამიჯერე ყველაფერი გაივლის. წვიმა ზოგჯერ ტალახიანიც მოდის. სულ დამავიწყდა, ძილს არ აპირებდი? წამო საძინებელში შევიდეთ.
- კი, მართლა დავიღალე დღეს. დღემ მომთენთა და დამღალა.
სავარძლის კიდემდე ჩამოიწია, ქუსლიანი ფეხსაცმელები გაიძრო და შიშველი ტერფებით ფეხზე წამოდგა. საძინებელში შესულს მშვიდი გარემო შემოხვდა. ისეთივე სიძველისა და მრავლის მეტყველი, როგორიც თავად ოჯახი ტრადიციების მოყვარული.
- მადლობა, რომ დამითმე საძინებელი!
- დღეს შენი იყოს! - მზერა, მეგობარმა უკვე გასახდელად გამზადებულ სხეულისაკენ გადაიტანა.
- მოგწონვარ? რას იტყვი კარგი სხეული მაქვს?
- ძალიან საყვარელი ხარ!
- შენც! გინდა ჩემთან დაწვე? მარტო მოვიწყენ. თან ვისაუბრებთ. მოსაყოლი საკმარისად მაქვს. საინტერსო დღე გვექნება.
- ხომ არ შეგაწუხებ?
- რას ამბობ?! დღეს რაღაც განსაკუთრებით მორიდებული ხარ. ასეთი უფრო მომწონხარ! არ გიხდება იცი, როცა საქციელით ზედმეტ ემოციებს გამოხატავ. ასე უფრო მიმზიდველი ხარ! ბიჭებიც მეტად დაგაფასებენ.
- მართლა? ეს არ ვიცოდი?! მართლა ვზედმეტობ?
- ჰო, კარგი ვიხუმრე. არ ზედმეტობ უბრალოდ მეტი, რა მეთქვა?! ისე მომაშტერდი, თითქოს პირველად ვიხდიდე შენს წინაშე. ბავშვობიდან ეგრე არ ვართ?
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთიდან მოდენილ ღრუბლებს, საოცარი ფერი დაჰკრავდა მათი საძინებლის ფანჯრიდან. გასცქეროდნენ ისინი მსუქან, ღორმუცელა ღრუბლებს და გულისრევის შედეგად ციდან მომდინარ ტალახიან ცრემლებს. სტკივათ მუცლები... რა ჰქნან, ურჩევნიათ ერთ დიდ უნიტაზში მოისაქმონ, ვიდრე მოკვდნენ - გაიფანტონ! ცა დაიწრიტა... ოთხმა თვალმა გაიღიმა! ცხოვრება ოთხთვალაა, მაგრამ ბევრი გამოუცდელი მესაჭე შემომდგარა სამართავად. დიდია სურვილი ცოდნისა და გაძღოლისა. სიცოცხლე მაინცს სავსეა მოულოდნელობებით! და, რა უნდა იყოს სიცოცხლეზე მეტი? ალბათ ის რაც სიცოცხლემდე გვქონდა ან ის რაც სიცოცხლემდე გვიყვარდა ან რაც სიცოცხლემდე სიკვდილმა განიცადა ან რაც სიცოცხლემდე სამყაროს ერქვა, და მაინც სიცოცხლეზე მეტი არის ის რაც სიკვდილზე ნაკლებია!
მზემ სხივები დაამისამართა.
მზე ჯაშუშია, რომელიც ღმერთმა სათვალთვალოდ გამოგვიგზავნა…
მზე იმ მუსიკით გვათბობს რაც მისი შუა გულიდან გამოისტყორცნება და ეფინება სრულიად სამყაროს! მუსიკა მხოლოდ ნოტები არ არის და მზე მხოლოდ სითბო არ არის, როგორც მთელი არ შეიძლება მთელი იყოს თუ მის შემადგენელ წილადებს დავივიწყებთ. რად ღირს მამაკაცის ცხოვრება ქალის გარეშე? ვიოლინოს გასაღებში აწყობილნო ბანს რად ივიწყებთ? ან რა არს ხალხური სიმღერა ბანის გარეშე? იმღერეთ ანიდან ჰაემდე ლიტერატურის გარეშე... გამოვა რამე? კალამს ასხმული მტევანი ვიოლინოს გასაღებს ჰგავს, მაგრამ რა ხიბლი აქვს მას თუ მეორე მტევანმა ფურცელი არ დაუჭირა და ბანის გასაღების მსგავს (რკალის) ინტიმურ პოზაში არ გარდაისახა? ორი წერტილი იხილება ნამეტნავად მასში... დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლო! მამალია და იცის თავის ფასი. რამ შექმნა ვიოლინოს გასაღეები? იქნებ წართმეულმა ხელკეტმა, რომელიც ზედმეტ ნეკნად აჯდა ბანს?! ფრთხილად ვიყოთ სამყაროს ნოტებდათ, ისინი სულთან წამოწოლილნი ისვენებენ!
იწვა ორი ქალბატონი. ისვენებდნენ. მათ თვალებს რული არ ეკარებოდათ. ღია თვალებში განვლილ ჩანახატებს ათვალიერებდნენ, უცქერდნენ და ფიქრობდნენ... შემთბარ სხეულებს ნაზად დაჰფენოდათ ზეწარი. ოთახში, მათ მოპირდაპირე კედელს გუგულის საათი ამშვენებდა. კომოდზე ფაიფურის გოგონა ცეკვავდა, გვერდით სამკაულების სკვივრი იწონებდა თავს. სკივრის პატარა ურდული მალავდა საუკუნის საგანძურს. სასანთლეს, მათ შორის, ამაყად წამოეწია ტანი და სიმაღლიდან დასცქეროდა. კუთხეში ტორშერი დაბერებულა. ეტყობოდა დიდი ხნის უმოქმედობა. ტორშერს მეგობრის დედის ყაიზნახით ნაქსოვი ტანსაცმელი ემოსა. ერთ დროს დასვრეტილ საბურველში ნათურის სხივები იფანტებოდა... მათ უკან, კედელზე ფიროსმანის „მეეზოვის“ ასლი ეკიდა.
მაიკომ მზერა გვერდით მწოლ ნინოზე გადაიტანა. ბღუჯად, ბალიშზე დაფენილ თმებს დააცქერდა. მოსწონდა ის... თითები გახლართა მასში... ყელწამოღერებულმა და თავქვეშ ხელამოდებულმა გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ ნინომ მის ტუჩებს საჩვენებელი თითი დაადო.
- გთხოვ, ჩუმად! - უმალ თითი ჩამოუშვა.
- რა მოხდა?
- არც არაფერი...
- მაშინ?!...
- მზერა დავიჭირე. იცი რა სასიამოვნო ხმა აქვს?
- მოიცა რაა...
- არა, მართლა! მითხრა რომ სურვილმა სძლია მას.
- როგორ?
- ჩვეული ცეცებით მიმახვედრა.
- ვისი იყო?
- შენი.
- ჩემი? მე არაფერი მითქვას.
- შენ არა. მან თქვა. თმებში შეიპარა და დამალულ ყურებში ჩამსჩურჩულა: მარტო ვარო!
- ეეჰ, ნუ მაგიჟებ რა...
- არ გაგიჟებ, სურვილს ვესაუბრები.
- კიდევ...
- ნეტავ როგორ არის ჩემი რჩეული?
- ვინ?
- გიორგი.
- მოიცა, ვინმე გაიცანი დაი?
- კი გავიცანი.
- როდის? - თმების ფერებას შეეშვა მაია.
- გუშინ.
- ვინ არის?
- არ ვიცი?! წარმოდგენა არ მაქვს. ლურჯ სანაპიროზე მარტო ვსეირნობდი და იქ მოხდა ყველაფერი.
- ყველაფერი... მითხარი რაა, გთხოვ!
- შენს სითბოს ვერ შევადარებ. გაცილებით უკეთესია.
- შეგეხო?
- არა, რა სისულელეა?! უბრალოდ ვისაუბრეთ.
- და...
- და... ის, რომ საშინლად მოვიხიბლე და მენატრება.
- დარწმუნებული ხარ?
- რა თქმა უნდა... მაგრამ გელა?
- როგორ ფიქრობ მან რა იგრძნო შენთან? ყველაფერი მოუყევი? გელას შესახებ უთხარი?
- არაფერი მითქვამს. მხოლოდ ის საუბრობდა.
- ვერ ვიტან მოლაყბეებს.
- ვერც მე, მაგრამ ის განსაკუთრებული იყო. ბავშვობის ოცნებები გამანდო.
- მაინც რა?
- უფალთან კამათი მსურდა ბავშვობაშიო. თუმცა არასოდეს გამომდიოდაო.
- რატომო?
- არ იცნობდა. ასე მითხრა.
- გასაგებია. ეს სიყვარულთან რა კავშირშია?
- ზუსტად ეს კითხვა დავუსვი მეც. იცი რა მიპასუხა: „პირდაპირ კავშირშიაო. უფრო შემიყვარდებოდაო.“
- კომუნისტებში გაზრდილია, ალბათ არა?
- კი. მაგრამ დღეს განა უკეთ იცნობენ უფალს?
- შეიძლება?! არ ვიცი.
- შენ იცნობ მას?
- არ ვიცნობ, მაგრამ მასთან კამათს არ ვაპირებ. მკრეხელობაა.
- შეიძლება, თუმცა საინტერესო მომენტია. არ მეთანხმები?
- საინტერესო ნამდვილად არის. კიდევ რა ოცნებები აწუხებს?
- ძირითადად უფალს უკავშირდებოდა. აი მაგალითად, ხშირად უსვამდა კითხვებს ხატს.
- როგორს?
- შემიწყალებ თუ არაო? რატომ ჩავდივარ ცოდვებს ადამიანებიო, და ა.შ...
- შენზე რა თქვა?
- უფალთან ერთად თავისუფალი დრო თუ გაგიტარებიაო?
- ეგ რა კითხვაა ადამიანოოო?
- ე.ი. ეკლესიაში თუ დადიხარო?
- ზოგჯერ მეთქი. „ზღვაზე და გარუჯვაზე უკეთესი რამ არისო.“ - ასე მიპასუხა.
- გამაცნობ?
- არ ვიცი?! ისევ შევხვდები, რომ გაგაცნო? დასავლეთელია.
- არ ჩამოდის -ხოლმე?
- დაოჯახებულია.
- ცოლ-შვილი ჰყავს? - გაკვირვებული სახით გახედა უკვე ფიქრებში წასულმა მაიამ.
- კი. მხოლოდ ოცნებისაა მაი... მხოლოდ ოცნების.
- მაშინ შეეშვი რა!..
- არ არის ადვილი. გულშია!
- მესმის, მაგრამ შენთვის რთული იქნება. იქნებ შვილს მიხედო?
- ნეტა სად არის ახლა ჩემი ვაჟკაცი? მე კიდევ შენთან ვირთობ თავს ლაყბობით...
სიჩუმის კვალს დროებითმა დიალოგმა ოდნავ სიცოცხლე შემატა, მაგრამ მისი ტლანქი მოძრაობა ოთახში სიმძიმედ დააწვათ ხელმეორედ ორივეს. ჰაერში გაფანტულან დიალოგის შედეგად, ბაგეთაგან წამოსული ასოები. ოთახი ფერებში მოიხატა. ქაოსში გახვეულ საძინებელს ქანებად დალაგებული ვნებები აწესრიგებდნენ. ვნებებში დიან-მუ* შემოპარულა... ძაბვამ იმატა... ოთახის კედლებს სცვიოდათ ღორღის ფანტელები, დაშაქრულ სასთუმალს ეკვროდა ორი სხეული... ძილს მისცემოდა მათი გონება. ათას მეორე სიზმარს ითვლიდნენ ძილში... ოთახს ღამის სილურჯე შემოეპარა. უჩვეულო ფორმაში მძინარე, ახლშობილს განასახიერებდა. ლედას* ჰგავდა. დალალებს მიღმა ჩამალულ სახეს სიწითლე დაჰკრავდა...
***
დაუსრულებელი, სულის მონოლოგი...
სიყვარულთან ახლოს...
ოთახი და მარტო გედი...
მადერათი** შევსებული ჭიქები გვერდი-გვერდ მდგარნი ამშვენებდნენ სუფრას, რომელიც ვერანდაზე გაეშალათ. ირგვლივ შემომსხდარან სამეგობრო და სანათესაო გიორგისი. ჭახა-ჭუხი ისმის ჭიქებისა. პატარა ვაჟკაცი დარბის სუფრის ირგვლივ. უყვარს მამა და დედა. ჯერ მხოლოდ ოთხი წლისაა. მისი ბედნიერი სახე ამშვიდებს ირგვლივ მყოფთ. მეუღლეს უხმეს სუფრასთან. დალოცვამ თხუთმეტი წუთით შეაყოვნა ის. მადლობებმა კიდევ თხუთმეტი წუთით გაზარდა მისი ლოდინი სუფრასთან. თითქოს ისვენებდა...
ის ისევ ფანჯარასთან დგას და ტირის!
დღე ახსოვს... როცა ის და გიორგი ნოტიო ჰავის თანხლებით გზის პირზე, საღამოობით სეირნობით ირთობდნენ თავს. ყველაფრის მიუხედავად უყვარდა ის.
„გიორგიც უყვარდათ, მაგრამ ფულის გამო - ჩემი ფულის გამო. მამა - რა იქნებოდა ფული, რომ არ ჰქონოდა? რისთვის მჭირდებოდა ამდენი ფული? ვიცი კარგია, მაგრამ... ხედავ რა მოხდა? როგორ მენატრები ჩემო პატარა! უშენობამ თვალები ამიხილა. სიძლიერეს ვკარგავ, ოფლად ვიღვრები და ვიცლები სითხისგან... მტკივა შენობით გამოწვეული სიხარული. მძირავს სიხარულით ნაქონი გრძნობები, ვეტრფი შენს უმოძრაო სხეულს, მიჭირს ტანგო გეცეკვო... ჯერ კიდევ სიცოცხლეში გეპირფერებოდნენ, მათ სიცოცხლეშივე განამწესეს შავ მიწაში ღირსება და პატიოსნება. გულს რა ვუყო? რით ვინუგეშო ან ვინ დამეხმარება? შენს ვაჟკაცს მამა სჭირდებოდა. მე ვინ ვარ? მხოლოდ ქალი, რომელიც გაურეცხავს და ჩააცმევს, ასევე ვასწავლი, გპირდები! ეს არ გაგვიჭირდება, მაგრამ რითი შეავსებს სიყვარულს მამისას? ეტყოდი-ხოლმე: - მამი დედას მიმიხედეო! ისიც თავს მევლება. სიცარიელეს მივსებს. რა კარგია... მზეა! ისეთივე, როგორც მაშინ ჩევნი პირველი პაემანისას. გახსოვს შემოდგომის ფურცლებში შრიალის ხმაზე მეძებდი... იქვე ახლოს მდგარ ჭადრის ხეს მოყრდნობოდი. უცქერდი ფოთლებს და ტუფლის წვერით რაღაცას წერდი წინა დღით დანამულ მიწაზე. იქვე მტრედი ღუღუნებდა და ფრთების ტლაშანით, ხმაურით გაგეცალა. ჩემთან მოფრინდა. მე მაშინ შადრევანთან ჩავიარე. ის მომყვებოდა. შენამდე მიმაცილა. მზისგან ოდნავ შეფერილ სახეს გრძელი პალტო ამშვენებდა, ხელი გამომიწოდე. შავი ფერის თეთრ ზოლებიანი პიჯაკი შეკრული გქონდა ერთ ღილზე. ხელის გული თბილი იყო, თუმცა თითები ოდნავ ცივი. მე გაგითბე.“
დარდი ჰკლავდა ქვრივს. კედლის საათმა, ღამით, თორმეტჯერ დარეკა. ოთახში შვილი შემოვიდა. „დედა, ძილის დროაო.“ - ფრთხილი ხმით უთხრა. დაორთქლილ ფანჯრის მინას წარწერა დაუტოვა: „უშენოდ“ და შვილს გაჰყვა.
ილინჭა*** დაუდგამს ახალგაზრდა მამაკაცს სათავისოდ. მათში გაბმული არსებები ფრთხიალით ცდილობდნენ თავი დაეხწიათ, მაგრამ ამაოდ. მბალი**** ხასიათი ჰქონდა გიორგის, სიკეთით ჰმოსავდა ირგვლივ მყოფთ, მაგრამ გვერდით ჩამვლელთა მოძახილი ზოგჯერ აბითურებდა მის ქმედებებს, რადგან ამაო ეჩვენებოდა გარჯა თავისი. ხელგაშლილი და მოქეიფე, პურის მტეხველი, ყველასთან, განურჩევლად მათი წარმომავლობისა. ერთხელ მუსულმანთან იქეიფა. იქვე პარალელურ ქუჩაზე ცხოვრობდა. მას ყველა იცნობდა. მელექმეთი ერქვა, შემოკლებით მელექს ეძახდნენ. ჰოდა... ერთ მშვენიერ და არც თუ ისე თბილ დღეს დაპატიჟა გიორგიმ საქეიფოდ სხვა ძმა-ბიჭებთან ერთად. წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ფული გიორგისი იყო. შესაბამისად მის სურვილს დაემორჩილა „ნაღები საზოგადოება“. გზად ბავშვობის მეგობარ მამაოსთან გაიარა და ისიც დაპატიჟა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეკრიბა სუფრასთან ერთად გიორგიმ. სითბოს სჩუქნიდა მათ. ძვირი ჯდებოდა მისი სითბო, მაგრამ სჯობს ძვირი ღირდეს ვიდრე გაუფასურდეს! ამ დალოცვილ მიწაზე ორი დღეა ადამიანისთვის განსაკუთრებული: დაბადებისა და გარდაცვალების. დანარჩენი დღეები კი ერთი კარგად აწყობილი, შეკრული მოთხრობაა, რომელსაც სიამოვნებით წაიკითხავს ადამიანი. მორიგი სადღეგრძელოს თქმის ჯერი მოვიდა. სუფრას თავად გიორგი ხელმძღვანელობდა.
- მამაო, თქვენის ნებართვით, კიდევ ერთი ჭიქით მინდა შემდეგი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ.
- გისმენ შვილო. - გაეღიმა მამაოს.
- არა რა... ისე როგორ მახარებს, რომ შვილოს მეძახი, მაგრამ ბავშვობის მეგობრობა მიშლის ხელს სერიოზულად აღვიქვა შენი სიტყვები. მეცინება. შენც ჩაგეღიმა. იქნებ სახელი სჯობდეს?! რას იტყვი?
- სჯობს, ნება შენია! - გაახსენდა, რომ ეკლესიის მშენებლობას უფინანსებდა. საპატიო ადგილს უთმობდნენ მას ეკლესიაში. არადა გიორგის მხოლოდ სიკეთე სურდა.
- დიახ მამაო! მე მამაოთი მოგმართავ. საკმაო დრო დამჭირდა რათა შევგუებოდი და შენთვის მამაო დამეძახა. დღეს კი ეს ჩემთვის პატივია!
- მეც მიჭირდა შენთვის შვილო მეთქვა. შენი ყოველი გამოჩენა ბავშვობაში მაბრუნებდა.
- დღეს ჩემთვის დღე არის სასწაული, რადგან სუფრას ორი აღმსარებლობის მქონე ადამიანები ვსხედვართ. დიდია უფლის მადლი!
- ალაჰ! - წარმოსთქვა მელექსმა.
- უფალო, დიდება შენდა! - იყო პასუხად მამაოსგან.
- ბატონებო, მინდა სიყვარული ვადღეგრძელო! დაგილოცოთ გონება და თვალები, რადგან ისინი ირჩევენ მეგობრებსაც და ცხოვრების სამარადჟამო მეგზურს. და შემდეგ გული, რადგან მას არჩევანის უფლებას ვუტევებთ! უფალს მადლობა ვუთხრათ ყველაფრისთვის!

- მელექს! იქნებ გაგვილექსო?! სპარსული პოეზიისა იცი რამე? - განათლებული კაცი იყო მელექსი, მაგრამ ჯიუტი. უარზე დადგა. „მირჩევნია სიტყვა გითხრათო“. ხელები მაღლა ააპყრო და შემდეგ იქვე ჩაიმუხლა. რამოდენიმეჯერ შეასრულა მეტანია. მხოლოდ ამის შემდეგ წარმოსთქვა სიტყვა: „მე თქვენში ვცხოვრობ სამივე ცოლით და სიყვარული საქართველოსთვისაც მეყოო!“
- თქვენ რას იტყვით მამაო? - თქვენობით მიმართავდა გიორგი ბავშვობის ძმაკაცს და სიამოვნებდა.
- მე ერთს გეტყვით შვილებო: სამყაროს უფალი დაჰპატრონებია და დღეს ჩვენი ერთად ჰყოფნაც უფლის ნებითა შედგა. სიყვარულიც იგივეა - სამყაროშია გაბნეული და წელიწადის ყველა დროში გვევლინება: იად, მზის სხივებად, წვიმის წვეთებად და თოვლის ფანტელებად. ბრძენი ვარო - იჩემებს ადამიანი, მაგრამ მასზე ბრძენი მივიწყებას მისცა. ჭიქა ყოველთვის სველდება... მასში სითხე შეიძლება მწარეც იყოს და ტკბილიც. საქმე იმაშია, ჩამომსხმელი ვანაა და დამლევი! სოლომონს უთქვასმს, ძეს დავითისას: „მრუდი სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სრული წონა კი - მისი მოსაწონი“. (რჯლ 25:13) თქვენ ქალებს სადღეგრძელო მიუძღვენით, მე კი გეტყვით ამას შემდეგით. ისევ სოლომონს დავესესხები: „რაც ღორის დინგზე წამოცმული ოქროს ბეჭედია, ის არის ლამაზი და უჭკუო ქალი“. (ფსალ 111:10) რაა სიყვარული ქალის გარეშეო? - მეტყვით. მე ბჭობას ვაგრძელებ და გეტყვით: რაა სიყვარული უფლის გარეშე? არავინ იტყვის: თუ რაა სამშობლო სიყვარულის გარეშეო? აქ გეტყვით: თქვენს ოთახში უკითხავად შეუშვებთ უცნობს თუნდაც მარტო იყოთ? ჭეშმარიტად გეტყვით. არა, მაგრამ როცა სახლში, ოთახს გარეთ მყოფთ ემუქრებიან და ამით გაშინებენ? რა თქმა უნდა დათმობთ. ისმინეთ! არასოდეს დაუთმოთ სიყვარული უფლისა სხვას! გიყვარდეთ ის და ხმალიც გალესეთ თქვენი ოთახებისთვის სადაც მარტო ხართ. მარტოობაში მეტია სიბრძნე და სხარტი აზროვნების უნარი. მელექსმა სიმართლე თქვა და არ შემიძლია არ დავეთანხმო! უყვარს ამ კაცს სამშობლო. შენც გიყვარს გიორგი და მეც მიყვარს. ჩვენს ათეისტ სტუმარსაც უყვარს ის, რადგან დაბადების საიდუმლო ვარსკვლავებმა უთხრეს. მეტყვის: „უფალი არაფერ შუაშიაო. ვარსკვლავებიო“, მაგრამ პასუხად ჩემგან მას: განა უფლის ძე მოარულ ვარსკვლავ ქვეშ არ დაიბადა?! ასე, რომ მათი განლაგებაც უფლის ნებითაა ზეცაში. მე დავამთავრე. დაგლოცოთ უფალმა!
- არაფერი მეთქმის მამაო... ამომწურავი იყო თქვენი ქადაგება. ერთი მინდა დავამატო, მხოლოდ. უღრმესი მადლობა ყველას მობრძანებისთვის და თქვენთვის საჩუქრები მიბოძებია. ხელთნაკეთი ხატები მამაო, ხატმწერთა შესრულებით. კანონიკურობა დაცულია მამაო.
- დიდებული საჩუქარია შვილო ჩემო! შენ ხალხისთვის ისედაც საკმარისად ზრუნავ. თქვენი მეოხებითა და ზრუნვით შენდება ჩვენი ეკლესია. მადლობა ამისთვის! უფალო, დიდება შენდა!
- ალაჰ! - წარმოსთქვა მელექსმა.
- პატარა ისტორია გამახსენდა მამაო. ჩემი სიმამრის მეგობარს სახლში ერთი გედი ჰყავდა. სიმამრი იცით გავლენიანი პიროვნებაა და მისი მეგობარიც ერთი, უკუღმართი და უკვე დამონებული ხალხით დასახლებული დიდი წუთისოფლის მეპატრონე გახლდათ. ეზოში დიდი აუზი ჰქონდა. აუზის შუაგულში ზევსის ქანდაკებიანი შადრევანი გაეკეთებინა. შემდეგ გადაწყვიტა ბერძნული მითოლოგიის ღმერთები, სოფლის სხვადასხვა კუთხეებში განეთავსებინა, არადა მდიდარი იყო სოფელი ადგილობრივი მითებით, რომელთა წარმართობაც არაფრით ჩამოუვარდებოდა უცხო ტომთა ღმერთებს. რაც კი სოფელსა შინა ძეგლები იდგა მიმოფანტა სხვადასხვა ადგილებში და ამით სურდა მის მონობაში მყოფი ხალხი ისტორიული სკლეროზით დაევადებინა. შემდეგ მემატიანეს უხმო და ახალი ისტორიის შედგენა დაავალა. - ჩემი მეფობიდან დაიწყეო! - ეს იყო ბრძანება. უცნაური ის იყო, რომ აუზი მელნით იყო სავსე. აქვე ერთი ისტორია მახსენდება ებრაელის ნატვრაზე: „ნატვრა ჩვენა ვიცითო... აი ზღვა მელნად აქცია და რასაც მე დავწერ გედის ბუმბულითა ის იყოს ჩემიო.“ ჰოდა ისე აგიხდეს ყველაფერი როგორც ჩვენი სოფლის მეფესა აუხდა. წერდა მემატიანე მეფისთვის საოცნებო ისტორიას გედის ბუმბულით. ხოლო როდესაც გედი გატიტვლდა და სიკვდილის უკანასკნელი სიმღერა აღმოხდა ნისკარტიდან, დახმარებისთვის გადამთიელ მეზობლებს უხმეს, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ შეშფოთება გამოხატეს გედის სიკვდილზე. ასე სრულდება ჯერ-ჯერობით ეს ამბავი.
- მე ვიცი ამ ამბის გაგრძელება, შვილო: უფალმა თეთრი მტრედი იხმო მასთან და ღვთისმშობლის დავალებით მას გედისთვის სულის შთაბერვა უბრძანა. და მანამ არ დაბრუნდეო, სანამ წმინდა წყლით არ აპკურებო! დაბრუნების ჟამი კი უფლის მოსვლისას დადგება! მე მჯერა ამის. - მშვიდი ღიმილით ანუგეშა ბავშვობის მეგობარი. მოეხვია მას. ერთმანეთს მხრებზე ეამბორეს. სუფრაც აიშალა და ერთმანეთისადმი სიყვარულის მტკიცებით დაიშალნენ.
დასავლეთში უკვე აცივდა. ზღვიდან მონაქროლი ცივი და ნესტიანი ჰაერი ძვალ-რბილში ატანდა. ქურთუკით, კაშნეთა და ქუდით შემოსილ გიორგის ფიქრად არ მოსვლია ისევ ვინმე თუ აედევნებოდა. „ალბათ მათხოვარიაო“ - გაიფიქრა. მართალი იყო. მას ხომ ყველა იცნობდა. წყლიან სიბნელეში, ლამპიონები დროდადრო ისვენებდნენ...
***
მდევარი ორი კურდღლისა...
თეთრი კედლები...
შური უფეროა და ღვივდება...
ვერანდა თოვლს დაეფარა. ბავშვი არსად ჩანდა.

- რაში ქალო? გამართლებას ეძახი შენ, ცოლის მილიონებით, რომ სუნთქავს?
იგივე დიალოგით დაიწყო დღე მეზობლებისთვის. შემოდგომის, ჯერ კიდევ თბილ დღეებს სწორედ ისინი აკლდნენ. დაბნეულ სხივებს ალაგ-ალაგ გაეთბო ქალაქი. ქალაქის ჩრდილებს შემოდგომის სუსხი დაპატრონებოდა. ჭორის მოყვარული ქალების შუბლი ოფლით დანამულიყო. ხუთ თითს გადაისვამდნენ და განაგრძობდნენ ლაყბობას. ქმრები იქვე ახლოს დომინოს თამაშით ირთობდნენ თავს. გაუმართლათ ამინდმა.
- შენც არ მომიკვდე რაა... არ უნდა და არ მოქცემს. ამის დედა... - ყურზე მოიკიდა ხელი და ანიშნა მეწყვილეს, დუ შაში ჩემთანააო. მეწყვილეს, აუცილებლად, ერთი კარის გახსნა მაინც უნდა მოეხერხებინა.
- არა, რა ეს ხელი წავაგეთ ომარ. ღმერთი არ გვწყალობს დღეს. გურულო მიდი აბა რას ჩამოხვალ არ ვნახავ? მაინც მოგიწევს ფანჯი მომცე ეგ ერთი გიჭირავს ხელში კენტად. მეცოდები ჩემმა მზემ.
- ნუ ამიკლებ, ერთი რა... მეიცადე და ჩამოვალ აბა რას ვიზამ თუ იცი? ფიქრი უნდა თამაშს, არ იცი მაი შენ?
- მე ვიცი, მაგრამ ჩემი საათის ისრებმა მოახერხეს უკვე დაწყვილება. იქნებ უშველო რამე?
- შენ არ იდარდო, მაგათ უკვე ბოვშვი გაკეთებული ყავთ, ე მაგ ციფერბლატზე, რო პატარა ისარი დარბის მოუსვენრად, ქე რო წამისა დაარქვი ეგაა მათი ბოვშვი, მაგრამ საათი ჯანდაბას, შენ რო ვერ მოგიხერხებია ცოლისთვის ვერაფერი ეგააა ცუდი ამბავი. მერამდენე წრეზე მიდის ეგ შენი ციფერბლატის ისრები თუ იცი? შენ კიდევ მუშაობ ხალასტოიზე. მაგი საათი მაჯაზე რო გიკეთია დროს მაინც აჩვენებს და შენ კიდევ ბოვშვი ვერ გვანახე უკვე მეშვიდე წელიწადია! - ვერ შეიკავეს სიცილი მეზობლებმა და ხარხარში გადაეზარდათ, რაც ერთმანეთისთვის ცრემლების წმენდით დასრულდა. ვის ახსოვდა თამაში?
- ნახე ვინ მოდის?
- ეს, რა კაცი გამოჩნდა. რად არ ჩანდი გიორგი?
- აბა რა გითხრათ მეზობლებო ვმუშაობ.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
- რას შვებით. ერთობით?
- აგერ ნიკოს უნიათობაზედ, გვაცინა ჩვენმა გურულმა.
- გურული იტყოდა ვიცი...
- მიდიხარ სადმე?
- კი. დიდ ქალაქში, საქმეზე.
- კეთილი მგზავრობა, აბა გიორგი. სიკეთეს გისურვებ. - სათითაოდ დაემშვიდობა მათ გიორგი.
- არა, რა კარგი ბიჭია. მიყვარს ეს ადამიანი.
- მართალი ხარ.
ავტომანქანაში ჩაჯდა. ღვედი შეიკრა და სანამ მანქანას დაძრავდა ტელეფონით მას დაურეკა. „მალე ჩამოვალო“ - უთხრა და შეხვედრის ადგილიც დანიშნეს!
ზღვისპირეთის დღის მოგონებებიდან, მხოლოდ ერთი კვირა გასულიყო. ძირითადად კლასიკას უსმენდა. ახლაც მანქანაში ისმენდა მისთვის ნაცნობ მელოდიებს. გალოთებული გონება აზროვნებამდე ნაბიჯებს ითვლიდა. სიჩქარის მაჩვენებელს შეხედა წამით, ას ოცს აჩვენებდა ისარი. სული უსწრებდა ცნობიერებას. გვერდითა საქარე მინა ოდნავ ჩამოეშვა და სწრაფი ნიავი შუბლზე მომდგარ ოფლს უყინავდა. ახურებულ ფიქრებს თავს ვერ უყრიდა. სიჩქარის კოლოფის ღერძს ჩასჭიდებოდა, თან საჭეს მართავდა. მარცხენა ხელის თითებში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი და მონდომებით ექაჩებოდა მას. დაფერფლილ კალთას ყურადღებას არც აქცევდა. დღის ემოცია ავტომანქანის სალონში სურნელებად იფრქვეოდა. ყნოსავდა გრძნობებს... ოცდაათი წუთის სავალი გზა დარჩენოდა მხოლოდ. სიჩქარეს უმატა... თხუთმეტ წუთში დაფარა დარჩენილი მანძილი.
ცისთვის თერძს პირქუში ამოეკემსა... ნაცრისფერ ქუდად დაფენილი ზეცა ჟინჟვლას ლამობდა, ცას აზვირთული მთების წვერები ნაცრისფერ ხელთათმანებს ირგებდნენ... მზეს, ალაგ დარჩენილ ღრიჭოებში სხივები დაეჭიმა დედამიწამდე, მაგრამ ამაოდ...
მანქანის გვერდითა საქარე მინა ბოლომდე ჩამოეწია ახალგაზრდა მამაკაცს. მოკიდებული სიგარეტი, ცერა და საჩვენებელი თითების საშუალებით ისროლა მინაჩამოწეული კარიდან. თვალები გვერდითა სარკეს ააწება. მასში ძონძებში გამოწყობილი მათხოვარი მოსაჩანდა! შეწუხდა გიორგი, თუმცა „რა გაეწყობაო“ წარმოსთქვა გულში და დაელოდა მის მოახლოებას.
- იქნებ გაიმეტოთ, ჩეთვის ერთი-ორი გროში პატივცემულო! მცივა, მშია, ტანსაცმელი არა მაქვს. შენი გულის ჭირიმე, შენი! - შეათვალიერა მამაკაცმა მის წინ მომღიმარი სახის მშვენიერი მანდილოსანი, რომელიც ურცხვად ითხოვდა თანხას, ერთ-ორ გროშს. „არადა რა ლამაზია ეს ძაღლისშვილი“ - გაიფიქრა ჯერ კიდევ მანქანის სალონში მყოფმა.
- ჰო, ახლავე! ერთი წამით! - მანქანაში დაუწყო ხურდას ძებნა. ვერსად იპოვა თვალსაჩინოზედ. საბოლოოდ ხელი ჯიბისკენ წაიღო. ქურთუკი გადაწია, შარვლის ქამარში გაჩრილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტი გამოუჩნდა. ხელი ჯიბეში ჩაიყო და რაც კი ჰქონდა ყველაფერი ამოალაგა. მარჯნევა სავარძელში ჩაყარა და ხურდები გამოარჩია. უკლებლივ ყველა მათხოვარს გაუწოდა.
- ღმერთმა დაგლოცოს, კეთილო ადამიანო! ღმერთი იყოს შენი მფარველი! - უთხრა გოგონამ და ნელი ნაბიჯებით მოსცილდა მანქანას.
- ნასვამი არ არის. შეიარაღებულია. გესმით ჩემი?
- რა თქვი გოგონა? - ვერ გაერკვია გიორგი. იფიქრა ისევ მე მომმართავსო და..
- არა, თქვენთვის არაფერი მითქვამს. გმადლობთ! - შიშისგან ათრთოლებული ხმით გასცა პასუხი.
- კარგი. მე მაინც ბევრი ფული მაქვს და იქნებ სხვებსაც უთხრა ჩემს შესახებ. მაინც არ მასვენებთ. რა მნიშვნელობა აქვს?! ერთბაშად მოგცემთ თვეში ერთხელ იმდენს, რომ მომდევნო თვემდე არ შემაწუხოთ!
- კარგით. ესე შეიძლება?
- კი, როგორ არა?! მთავარია ჩემი სურვილია!
- გმადლობთ!
- დაასრულე დროზე საუბარი და მოსცილდი მას. ეს ბრძანებაა! - ყურსასმენიდან მოისმინა ბრძანება მათხოვარმა.
პირველი წვეთი დაეცა მანქანიდან გადმოსულ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც სარგინიგზო ვაგზლის მოსაცდელ დარბაზისკენ მიდიოდა. შორიდან დაეწყო ნინოს ძებნა მას. ჯერ თვალს არ ეკარებოდა მისი სილამაზე. ათი წუთის ხეტიალის შემდეგ მან ის იპოვა, მაგრამ თან ვიღაც ახლდა. ძალიან ლამაზი იყო დღეს ვაგზალი. უამრავი ლამაზმანი ტრიალებდა როგორც მოსაცდელი დარბაზის კედლებს შორის ასევე, მის გარეთ. ფერადი ნათურებით იმოსებოდა ნინოს თმები. გრძელ ფეხებს არაფერი უმალავდა. ზემოთ ტყავის ქურთული ემოსა მელიის ტყავით გაწყობილი, რომელიც ქურთუკის საყელოს ამშვენებდა.
- აი, ეს ბიჭია. გეუბნებოდი, გახსოვს არა? - მათ გიორგი მიუახლოვდა. - გაიცანი ეს ჩემი კურსელია.
- სასიამოვნოა! - მარჯვენა ხელი გაუწოდა მისთვის უცნობმა პიროვნებამ და თითების თამაშით ანიშნა: „იგივე მოქმედებით მიპასუხეო“.
- ეს ჩემი მეუღლეა გიორგი. - ორივე მამაკაცს გაოცების გამომეტყველებით ნინოს შეხედეს. უცნობმა გვერდიდან, გიორგი კი ანფასში გაცილებით უკეთ ხედავდა ნინოს დროებით გაბრწყინებულ თვალბს. უცინოდა მას სახე და მიმიკა მისი ყალბად იფანტებოდა გიორგის თვალებთან. ხელიხელ ჩაკიდებულნი მამაკაცები სუნთქვას ძლივს ახერხებდნენ! - რა დაგემართათ ხალხნო? კაცები არა ხართ? რატომ გვალოდინე ამდენ ხანს? სად იყავი?
- არსად. ნორმალური სიჩქარით მოვდიოდი. მგონი დროზე მოვედი.
- შეიძლება, მაგრამ ჩვენ მაინც გელოდეთ.
- დიახ მართალია, მაგრამ რისთვის მომიყვანეთ აქ? - უთხრა და ნინოს გახედა, უკვე როგორც მოსიყვარულე მეუღლის თვალებით.
- სამინისტროში უნდა მიმყვე ნინო. - მეტი ვერაფერი მოიფიქრა ახალგაზრდა მამაკაცმა. დაბნეულსა და გონება არეულს თავი სიზმარში ეგონა.
- დღეს ვერ მოვახერხებ გიორგი. ეს ტელეფონში გეთქვა და პასუხსაც გეტყოდი.
- ჰო, რა ვიცი... ვიფიქრე მოიცლიდი ჩემთვის.
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი მეორე ბავშვი ძიძასთან დავტოვე და ცოტა არ იყოს მეშიანია. მაინც არ ვენდობი ხო იცი?!
- ჰო, გასაგებია...
- ჩვენ წავედით, კარგი? არ გეწყინოს! შემდეგისთვის აუცილებლად მოვახერხებ დაგეხმარო.
- ჰო, მაგრაამ...
- რა მაგრამ გიორგი?
- იქნებ?!... იქნებ, გვესადილა? თან შენს მეუღლესაც ახლოს გავიცნობდი.
- არ ღირს დამიჯერე. შენც გაგვიანდება, ჩვენც გადარბენაზე ვართ. მოკლედ შეხვედრამდე კარგი? ან იქნებ როცა მორჩები საქმეებს გვესტუმრო სახლში. სტუმარი დიდი ხანია, რაც არ გვყოლია. ხო იცი დღეს რა დროა, ერიდებათ ერთმანეთთან სტუმრობა.
- მაშინ, მე რა ღმერთი გამიწყრება, რომ თქვენ გესტუმროთ?
- ჰო, რა ვიცი?! იქნებ შემოთავაზება მოგეწონა...
- არა, გმადლობთ, მეჩქარება, მაპატიეთ! - მობრუნდა ახალგაზრდა მამაკაცი დამშვიდობების გარეშე და მანქანისაკენ გაემართა.
ეულ მოსიარულე მამაკაცს მანქანამდე, თავს ზარი რეკდა... ხმაურიან გონებას, ქარიან ფიქრებს, ლამის დასდევდა. ფიქრებში ნელ-ნელა მონატრება შემოეჩვია, სულ რაღაც სამ წუთში ოჯახს ესაუბრებოდა. პატარას ეფერებოდა, გულში ცრემლებად ილექებოდა წარსულიც და აწმყოც.
- ეს რა სპექტაკლი მოაწყვე ნინო? იქნებ ამიხსნა ან გეთქვა რას აპირებდი...
- მაპატიე გელა. დაივიწყე რაც მოხდა. უბრალოდ ჩავთვალე რომ...
- შენ ჩათვალე, მაგრამ მე უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
- კარგი მოვრჩეთ. ისე ძალიან თავაზიანი ადამიანი სჩანდა. მის ადგილზე მე ვერ მოვითმენდი.
- რას ვერ მოითმენდი? მას ოჯახი ჰყავს.
- მართლა? არ ვიცოდი...
- შენ არაფერი იცოდი, ხომ არ დაგავიწყდა? მოკლედ აქ მოვრჩეთ.
- კი, მაგრამ ახლა სანამდე ვიყოთ ვაგზალზე? ვისადილოთ? მე გპატიჟებ.
- დარწმუნებული ხარ?
- რა თქმა უნდა.
- მაშინ წავიდეთ. რესტორანი შენ აირჩიე. ძალიან მშია. როცა ვნერვიულობ სიგიჟემდე მინდა ვჭამო.
- ესეც კიდევ ერთი უცნაურობა.
- დღეს რა დამთმობი ხარ გელა ან იქნებ კიდევ შებმას მიპირებ?
- რას ამბობ ნინ?! მე შენ...
- რა შენ, მე?
- არაფრი... დაივიწყე, როგორ მე დავივიწყე ის რაც ახლა მოხდა.
- მოხდა განა რამე?
- რა, არა?!
- ჰო, კი...
- და ასე, რომ დროა დავაკმაყოფილოთ შენი ნერვული სისტემა და მას საზრდო დროულად მივაწოდოთ, თორემ ადვილი შესაძლებელია კიდევ ვინმე გამოჩნდეს და მორიგი როლის თამაში მომიწიოს.
- არაფრის შეგეშინდეს. მორიგი შენ იქნები.
- ესეც ახალი ამბავი... მე რა შუაში ვარ?
- წამოდი, სად არის შენი მანქანა? გვაგვიანდება, დაგავიწყდა ბავშვი მყავს დატოვებული ძიძასთან.
- უი მართლა... დამავიწყდა. ჩვენი ბავშვია? - ეღიმებოდა გელას.
- ეგ არა, უფროსი. პატარა არც არსებობს, მოვიგონე. უნებლიედ წამოსცდა ნინოს ბავშვზე.
- როგორ თუ უფროსი?
- როგორ და ჭრელად... ზუსტად ისე, როგორც ჩვიდმეტი წლის წინ.
- მეკაიფები?
- ჰო რა... კაიფის ხასიათზე ვარ ახლა მე... ხო მეტყობა? - აზელილ სახეს ხელისგულები შეაშველა და კანი გადაჭიმა, თმებზე გადასმულ ხელს თმის საკრავიც გააყოლა და თითებში ბღუჯად მოქცეული თმები თავიდან შეიკრა.
ღამის პირი თეთრ ზეწარს იძრობდა, როცა ისინი სადილს მორჩნენ, არადა ვახშმად შეეძლოთ დარჩენილიყვნენ.
ახდილი ფარდა...
გახდილი ტყუილი.
ჩახდილი სინამდვილე.
უკუღმართი წლები...
დარჩენილი ძველი წუთები სახლამდე...
შვილი მათი და შემოსილი სიყვარული.
შერიგება ბედნიერი!
***
ის ისევ ფანჯარასთან დგას და ტირის!
დაოთხილ წელში დროები მონაცვლეობდნენ. თეთრ სამოსში გამოწყობილ ბუნებას თოვლის ბაბუა ეწვია. საჩუქრებს არიგებდა დიდებისთვის. ზოგს ჯანმრთელობას ჩუქნიდა, ზოგს ღირსებით მოსავდა, ზოგს დაკარგულ რწმენას უბრუნებდა. დასავლეთის ერთ კუთხეში შუკის მახლობლად მდგარ სახლში თავი მოეყარათ ოჯახის წევრებს და სადღესასწაულო სუფრას მისხდომოდნენ. მორიგი სადღეგრძელოს წარმოდთქმისას ფეხზე წამოდგა გიორგი და მარცხენა ხელი ჯიბეში ჩაიყო. მჭერმეტყველებს ის. თითების თამაშით გართულმა ჯიბეში ქაღალდის ფურცელი შენიშნა. სადღეგრძელო დაასრულა. სკამზე ჩამოჯდა. ფურცელი ამოიღო. მასზე კი ტელეფონის ნომერი ამოიკითხა. ციფრები ძლივს მოსჩანდნენ. ვინ მოთვლის მერამდენედ გაირეცხა შარვალთან ერთად.
ახალი თავგადასავალი...
გვანცა, მაია...
სტუდენტი ქალის სურნელი...
საძინებელ ოთახში გავიდა მოქეიფე ქალოსანი. მდიდარი ფანტაზიის მქონე მამაკაცს ხელ-ფეხი ისევ გაეხსნა და მორიგ თამაშში ჩაება. ინტერესი სჯაბნიდა თავმოყვარეობას. გული, ისევ ისე ძგერდა როგორც ადრე პირველი სიყავრულისას. ყოველი გაფაჩუნება სახლში თრგუნავდა მას და შიშით გაჰყურებდა ჩაბნელებული ოთახიდან მინებიან კარს, რომელის საძინებელს ანცალკევებდა დერეფნისაგან. მობილურზე აკრიფა ნომერი და დაელოდა.
- გისმენთ! - გაისმა ხმა შორეული მხრიდან.
- ახალ წელს გილოცავთ!
- თქვენც! რომელი ხართ?!
- გიორგი.
- გიორგი?! - ვერ ამოიცნო ახალგაზრდა გოგონამ მამაკაცის ხმა, რომელიც აშკარად ლამობდა მასთან გასაუბრებას.
- დიახ, გიორგი. არ გახსოვართ?
- სამწუხაროდ არა. - დაასრულა მასთან საუბარი ახალგაზრდა ქალბატონმა და მობილური გათიშა.
- ალო... ალო... - აშკარად უშედეგოდ სცდილობდა გიორგი მასთან კონტაქტს.
- ვინ იყო მაი?
- ღმერთო! შენ არ იცნობ...
- რა გაფითრებულხარ გოგო?
- ნინ, კომპიუტერი სად დგას?
- გელას კაბინეტში.
- ვისარგებლებ კარგი? სასწრაფოა.
- ჰო, კარგი. ვერ მივხვდი რა გემართება?!
- არაფერი.
კაბინეტის კარი მიხურა. კომპიუტერთან დაჯდა და თავისი ელ-ფოსტა გახსნა. მისწერა მათ: „კონტაქტზე გამოვიდა. როგორ მოვიქცე?“ პასუხი ორ წუთში მოვიდა: „იმოქმედეთ. შეიყვარეთ“ შედეგები საღამოს მოგვახსენეთ კრებაზე. გელოდებით ზუსტად 00:00 წუთზე. ჩვენთვის ცნობილია IP. ჩვენ მივხედავთ კომპიუტერს. სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია“ სანამ კაბინეტიდან გამოვიდა მაია, კომპიუტერიც გაითიშა.
- ნინო, იცი უნდა დაგტოვოთ სასწრაფო საქმე მაქვს. ჩემი ნათლული ჩამიკოცნე აუცილებლად, როგორც კი მოვა სკოლიდან. გელა კარგად იყავი.
- იქნებ მოგეცადა... მეც გავდივარ და წაგიყვანდი.
- არა, გმადლობ, უკვე მელოდებიან სადარბაზოსთან.
- ჰო?!
- ჰო.
- ვინ არის?
- შენ არ იცნობ.
- რას გვიმალავ ძვირფასო? - გაუღიმა მაიას.
- არაფერს.
- ხომ გაგვაცნობთ?
- კი. ოღონდ, ახლა არა. გვეჩქარება.
- კარგი ჰო... აბა დროებით!
ქეიფს აგრძელებდნენ ოჯახის წევრები. დაღონებული სახით შეუერთდა მათ გიორგი. წესისამებრ ოჯახის უფროსი ალავერდისთვის ელოდა მის თანამსმელს.
- ყოჩაღ, გიორგი. ახლა მიყვებოდნენ შენს შესახებ. ძალიან კარგი საქმე დაგისახავს მიზნად. ვამაყობ შენით და მინდა სრულიად საქართველომ გაგიცნოს. ფული სალაპარაკო არ არის მეგობარო. ჩვენ დაგეხმარებით. იდეა კი ქართული სახელმწიფოებრიობის ხსნისა შენზე იყოს. თუმცა უკვე კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ეს მე მახარებს. გაუმარჯოს ერის მოყვარულ ქართველებს! არადა რა ბანალურად ჟღერს არა ზოგჯერ ეს სადღეგრძელო?! მიკვირს?!...
- უღრმესი მადლობა თქვენ, ბატონებო! მიმსახუროს ქვეყანამ მის სამსახურში!
- არა, რა ესეც ბანალურად ჟღერს. - ვეღარ შეიკავა თავი სტუმარმა და სიცილი აუტყდა.
- ბატონო ლავრენტი! თავისუფლება დამბაჩაში არ აგერიოთ, ისინი ერთნაირ ხმას გამოსცემენ.
- შენ ბრძენიც ჰყოფილხარ შვილო.
- რას ბრძანებთ?!...
- სიმართლეს შვილო. ფრთხილად უნდა იყო! იოსებ, იქნებ შენც სთქვა რამე სასიკეთოდ.
- მეორე მსოფლიო ომში, ბევრი ქართველი დავკარგეთ. შემდეგ აფხაზეთში ბრძოლისას დავამატეთ, დღეს კი ოსეთში პირტიტველა ბიჭები ზიარების გარეშე გავამგზავრეთ. საწყალი დედაჩემი, მორწმუნე ქალი იყო. სწამდა უფლისა, მეც ბავშვობაში სასულიერო სემინარიაში ვისწავლე, მაგრამ ამით მხოლოდ გაორება დამემართა. უფლის სახეს ვხედავდი სარკეში. შემდეგ ყაჩაღობას მივყევი ხელი და რა გამოვიდა? უბრალოდ სახელი დარჩა ჩემი საზოგადოებაში. დღეს კი მდევნიან და მებრძვიან. ლარენტი, შენ უფრო ახალგაზრდა ხარ ჩემზე და შეგიძლია განაგრძო.
- თქვენს მერე მე რა მეთქმის იოსებ. სიმართლე სთქვა გიორგიმ. თავისუფლება დამბაჩაში არ აგერიოთო! მაშინაც ერთი ხმა ჰქონდა ორივეს და დღესაც იგივეა. უბრალოდ ზოგი ჩახმახს დროზე ადრე გამოჰკრავს ხოლმე და ნაადრევი ბახით აყრუებს არემარეს. იქნებ დაფიქრება სჯობს სანამ დამბაჩას ხელში დავიჭერდეთ და გავისროდეთ. ხოლო ალამის აფრიალებას ყოველთვის მოვასწრებთ. ასპარეზს ახლა თქვენ გითმობთ ზვიად.
- სიამოვნებით. იქნებ გიორგის უნდა რამე თქვას.
- ვეჭვობ, რომ გვითხრას რამე. ტკბება ჩვენი სმენით. - მოქარგა ლავრენტიმ სიტყვები.
- კარგით. ჩემი ჯერიც მოსულა. აქ დამსწრე საზოგადოებას მინდა ვუთხრა. სიფხიზლე აუცილებელია. დღეს ორმაგ გაჭირვებას ვხედავ და მეტ საფრთხეს თავად ქართველებისაგან. ჭირვეული ბავშვებივითა ვართ... პირები დაგვიღია და როგორც კი ლუკმას ჩაგვიდებენ პირში, ვკმაყოფილდებით. ისე როგორ ჭრის ეს მეთოდები არა? გუშინ ჩემს მეზობლად ქალი გახდა ცუდად და სასწრაფო გამოიძახეს. იცით, რატომ? „ახალ წელს გოჭის ხორცის გარეშე, როგორ შევხვდეო?!“ ის კი არ ახსოვდა, რომ მარხვაა. იქნებ ღირდეს ამის შემდეგ ვისაუბრო და სადღეგრძელოში ხაზი გავუსვა ღირსებას და პატივმოყვარეობას. სულიერ მხარეს და მის ფატალურ შედეგებს. მძიმე ხვედრი ერგო ქართველებს მოსავლელად. ეს ღვთისმშობლის მიწის ბატონ-პატრონობაა! სამწუხაროდ, მას პირიქით ვექცევით. დაუმთავრებელი თავისუფლება იცით თქვენ რას ნიშნავს? ეს იგივეა რაც ნებისმიერი, შუა გზაში მიტოვებული საქმე. მაგრამ როცა საკუთარ ოჯახებისთვის ზრუნვას ვიწყებთ, დამერწმუნეთ არც ერთი არ დავიშურებთ, რომ დღეს-ღამე გავუსწოროთ და შრომის შედეგად დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ხოლო როცა ეს მცნება ზოგადია და ოჯახს სამშობლო ეწოდება, სიზარმაცე გარანტირებულია. სახლიდან გამოსვლაც კი გვეზარება. მოკლედ, გამიგრძელდა ბატონებო და ქალბატონებო სუბარი. ვფიქრობ მიუხვდით ჩემს გულისძახილს. მადლობა გიორგის დღევანდელი დღისთვის და საერთოდ რომ გამოჩნდა ადამიანი ვინც ფიქრობს და ზრუნავს ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე. ადამიანი, რომელიც თავისუფალია და არ წარმოადგენს არც ერთ პარტიულ, ნომენკლატურულ-სტრუქტურულ ნაერთს.
გიორგიმ პარალელურად, დაასრულა საუბარი მობილურ ტელეფონზე და ბოდიშის მოხდით დატოვა მეგობრები საახალწლო სუფრასთან.
მამაო სენაკში შესულიყო და ცოცხალთათვის, სამშობლოსთვის ლოცულობდა. ეკლესიაში მხოლოდ ერთი ქალბატონი იდგა გაუნძრევლად. თხელი თავშალი წელამდე იშლებოდა.
სახით საკურთხევლისკენ მიბრუნებულს, ფეხსაცმელების მიერ ქვაფენილზე დატოვებული ნაკვალევის ხმის შეეშინდა და მკაცრად სწრაფად შემობრუნდა.
- გამარჯობა გვანცა.
- არა, მე მაია ვარ.
- სულ ერთია.
- ისევ ისე, არა?
- ჰო ისევ ისე...
- დღემდე სად იყავი?
- იქნებ წავიდეთ?
- მოითმინეთ შვილებო! - დაუძახა ბავშვობის მეგობარს მამაომ.
- გისმენ მამაო!
- ჩემთან შემოდი.
ქალისგან არასასიამოვნო მზერით დაჯილდოვებულმა მამაომ, თვალი აარიდა ახალგაზრდა ქალბატონს და თბილი ღიმილით იახლა ბავშვობის მეგობარი მცირე საკანში, სადაც ძირითადად აღსარებას იბარებდა მოძღვარი მრევლისგან.
- შვილო, რა ხდება შენს თავს?
- არაფერი მამაო, ყველაფერი კარგადაა!
- ვერ დავმალავ გიორგი. უნდა გითხრა დღეს ჩემთან იყვნენ. რაღაცეები გამომკითხეს.
- მაინც რა?
- ბოლოს როდის იყო ეკლესიაშიო? რა ინტესიობით ახერხებს თქვენთან ვიზიტებს, თქვენ თუ დადიხართო ხშირად მასთან და ა.შ...
- ხომ არ დაგემუქრნენ?
- არა. სიმართლეს გეუბნები. ვერ გაბედეს, მაგრამ შეიძლება ვინმე მეთვალყურედ დამიტოვონ... შინაურთაგან ვინმეს.
- მოკლედ რააა. რუის-ურბნისის კრებაა საასწრაფოდ მოსაწვევი. მხოლოდ ეგ უშველის ჩვენს დაბეჩავებულ და ხალხით გაბოზებულ ქვეყანას!
- ეკლესიაში ხარ შვილო!
- უფალი შემინდობს მამაო.
- გიორგი იქნებ ფრხილად იყო. ამ ქალს იცნობ?
- რა თქმა უნდა. კარგი ადამიანია. რატომ?
- ერთ საათზე მეტია რაც გაუნძრევლად იდგა და ტიროდა. ჩუმად ტიროდა. მხოლოდ ცრემლები ხაზავდნენ მის სახეს იარებად.
- მართლა?! ამიტომ მთხოვა სასწრაფოდ მინდა შენი ნახვაო?
- არ ვიცი შვილო?!
- კარგით, მე დაგტოვებთ მამაო. გავესაუბრები.
კიდევ ერთხელ შეავლო ხატებს თვალი, გიორგიმ. გუმბათს ახედა, ნესტით დაბერილ ბათქაშს მოჰკრა თვალი. ნანახმა გულს მოწოლილი სურვილი დაფინანსებისა ერთი-ორად გაუზარდა. ჯერად სურვილს გამხელა სჭირდებოდა, თუმცა უკვე დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ფუჭად არ ჩაევლოთ. ხარაჩოებზე, მოძრავ არსებებსაც მოჰკრა თვალი. ზოგი ფულს ელის, ზოგიც უანგაროდ ემსახურება ღვთის სახლის, უფრო ჩვენი სულების განსაკურნებელ, სარეაბილიტაციო ჰოსპიტალის, რესტავრაციას. ეს ის ეკლესია არ გახლდათ, რომელიც მშენებარეა. მამაო ამ ტაძარშიც მოღვაწეობდა. ფეხაკრებით, კარისკენ ზურგშექცევით დატოვა გიორგიმ პალატა, მაგრამ ჯერ არ განკურნებულმა. მამაოსთან საუბრისას ახალგაზრდა ქალბატონს დაეტოვებინა ეკლესია. შემობრუნებისას თოვლის ფანტელი დაეცა მხარზე. გაუკვირდა. როდესაც სუფრა დატოვა და გარეთ გამოვიდა, წვიმდა. გაუხარდა!
თოვლის ფანტელები, თოვლის ფანტელები... სიმღერის რიტმს აჰყვა და დამძიმებული ფიქრები, თეთრი ფიქრებით ჩაანაცვლა. ახალგაზრდა ქალბატონი, იქვე ეკლესიის ეზოში ელოდა მას.
ერთმანეთისთვის გასწორებულ ჭარხალივით თვალებში სიმორცხვე გამქრალიყო. უმზერდნენ და უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ბერეტიან ქალბატონს თმები გაეშალა. ხელთათმანიანი თითები პალტოს ჯიბეებში ჩეწყო და გიორგის მიახლოებამ თავი ჩააქინდვრინა. მოსწონდა მას ის.
- აქ რატომ ჩამოხვედი გვანცა? - საუბრის დაწყება ახალგაზრდა მამაკაცმა იტვირთა.
- მაია. ბოდიშის მოსახდელად და ძალიან მომენატრე!
- ჩვენ მხოლოდ ერთხელ შევვდით, ისიც ავტობუსში, მგზავრობისას.
- და მხოლოდ რამოდენიმე საათით.
- მაინც გადავწყვიტე დამერეკა. ფურცელი ვიპოვე ტელეფონის ნომრით.
- მე უხეშად მოგექეცი. ვერ მოვითმინე და ჩამოვედი. ძალიან მენატრებოდი! ახლა უკვე გხედავ.
- ვის ხედავ?
- რა თქმა უნდა შენ.
- იქნებ სხვა, რომელსაც უბრალოდ გართობა უნდა შენთან?
- ის სხვა ავტობუსში იჯდა, ახლა უფრო დამაჯერებელი ხარ!
- რით დაგეჯერე?
- ზარით. ისევ ის სუნამო გასხია?
- ...
- მოხდა, რამე?
- შეიძლება ასე ითქვას.
- მაინც?!
- არაფერი. ის წავიდა!
- სად წავიდა?
- უბრალოდა წავიდა... - აშკარად არ სურდა, გიორგის, მასზე საუბარი. - შენ მასზე სასაუბროდ ჩამოხვედი? სანამდე ვიყოთ აქ? წავიდეთ დავსხდეთ, უკვე ვახშმის დროა.
- სიამოვნებით.
სასიამოვნო ატმოსფერო, რომელიც ჩილიმის ბოლითა და ჩაის ოხშივრით შევსებულიყო, მეტ ჰარმონიას ჰგვრიდა იქ მყოფთ. ტახტზე პატარა ბალიშები უწესრიგობდნენ... ძველ ხალიჩებს მოეყარათ თავი იატაკზე, ისინიც უწესრიგოდ განლაგებულან. უხდებოდნენ დანატოვარ ნატეფრალებს. ფერად ნათურებს მსუბუქი ფერებით შეემოსათ განმარტოების ოთახი. პირისპირ მსხდომთ ერთმანეთისთვის საკინძეები შეეხსნათ. სულის მხუთავი სითბოსთვის სცდილობდნენ თავის დაღწევას. მალე გაშინაურდნენ და ძველმოდურ, აზიურ, სტილს გაუთამამდნენ. მსუბუქად ივახშმეს. შემდეგ რამოდენიმე ჭიქა ქართული საფერავიც შესვეს და მჩატე განწყობით დატოვეს კაფე-ბარი. გარეთ გამოსულებს ცარიელი ქალაქი დახვდათ. უმოძრაობა სუფევდა მათ ირგვლივ, მხოლოდ ფანტელები ისხდნენ დედამიწის ზურგზე. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ისვენბდნენ. პეპლებივით ხანმოკლე იყო მათი სიცოცხლე.
- იქნებ ტაქსი გამოვიძახოთ, რას იტყვი?
- გეთანხმები.
- ვინმესთან რჩები დღეს?
- არავინ მყავს ახლობელი. მხოლოდ შენ.
- ისე რა თბილია ეს ზამთარი ჩემთვის?!
- ჩემთვის უცნაური!
- რატომ უცნაური?
- იმიტომ, რომ შენი მსგავსია.
- რითი მგავს?
- დაგვიანებით. ისევე დააგვიანა მოსვლა, როგორც შენმა ზარმა ჩემამდე. ახლაც მეჭორავები და ტაქსის გამოძახებაც მიგავიწყდა.
- მაპატიე, ახლავე! - გაეღიმა ახალგაზრდა მამაკაცს. ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
საუბარმა ორი წუთით შეაყოვნა ის. მაიას არსად ეჩქარებოდა. მხოლოდ მასზე...
***
სიკვდილთან ახლოს...
სულთან საუბარი...
დამნაშევე ერი...
მანკიერი სახელმწიფო...
ორნი ლამპიონის ქვეშ... ხელკავით დამშვენებული მამაკაცი. სიჩუმეში ჩაჭედებული ფიქრები. ბრტყელტუჩაც უმოქმედოა! თეთრი ტროტუარი იკრავდა მათ ნაკვალევს. გვიანი ღამე მალავდა სახეებს... ტაქსიც მოვიდა.
- სად ინებებთ წასვლას? მრავალ შობას დაგასწროთ გამჩენმა!
- გმადლობთ! ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე. სასტუმროში. იცით ალბათ...
- ზვიადის ქუჩა ჩვენთან, რომ არ არის?! აქაური არ ხართ?
- მაპატიეთ. კონსტანტინეს ვგულისხმობდი.
- ეგ სხვა საქმეა... სიამოვნებით!
დაასრულდა საუბარი მძღოლთან. უკანა სავარძელში მსხდომთ, ისევ ფიქრები მოეძალათ. სიჩუმეს მხოლოდ მუსიკა არღვევდა, რომელიც მძღოლს ჩაერთო მანქანის სალონში. კლასიკურ ჰანგებს თავის ქიცინით ჰყვებოდა მძღოლი. იშვიათობა გახლდათ, რომ მძღოლს მსგავსი მუსიკისთვის მოესმინა.
- მაპატიეთ ქალბატონო, თქვენ ჩვენებური არ უნდა იყოთ, არა?! - შენიშნა ტაქსის მძოღლმა.
- მართალი ხართ. რითი შემატყვეთ?
- ახლა უკვე საუბრითაც.
- მანამდე?
- მანამდე, გარეგნობით. ჩვენს ქალაქში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. აი თქვენ კი გიცნობთ. ხალხი გაფასებთ ბატონო გიორგი.
- გმადლობთ! თქვენი სახელი?
- თენგო. თენგო იმქვეყნიური.
- უკაცრავად, იმქვეყნიური გვარია? - ჩაჭრა საუბარი ახალგზრდა მამაკაცმა.
- რა თქმა უნდა არა. „კლიჩკაა“ რა... ისე გვარად ლოლუა ვარ. ძუკუ გაგიგიათ ლოლუა?!
- დიახ.
- ჰოდა მანდა ვარ მეც. გვარი გვაქვს ერთი. მეტი არაფერი.
- კარგი მოსაუბრე ჩანხართ ბატონო თენგო. - ქებით განაგრძო საუბარი მაიამ.
- თქვენ კი მომხიბვლელი. არ მიკვირს თქვენი ბატონო გიორგი. შესანიშნავი თანამგზავრი გიპოვიათ.
- კიდევ ერთხელ გმადლობთ, თენგო. მართალი ხართ. არაჩვეულებრია მაია.
- ჰოჰ, მაია ჰქვია?
- დიახ!
- ჩემს გოგონას ნინო ჰქვია. დედა და თვითონ დედაქალაქში გავუშვი სასწავლებლად. სკოლაც იქ დაამთავრა. შემჭამა კაცო.... სულ თავისით ჩააბაროთქო, ვერ ვიტყვი. ტაქსის მძღოლი კი ვარ, მაგრამ, მეც მაქვს კავშირები თბილისთან ახლაც. კი, როგორ არა?! ბავშვის იმედი მქონდა მაგრამ, აბა ახლა, მე, მამამ, ხელი ხომ უნდა გამენძრია?! რა ვქნა, განა არ იცი ქართველი კაცის ბუნება? ვერ მოისვენებს ისე... უნდა დავეხმაროთ შვილებს.
- ჰო, მაგრამ, იქნებ შვილს არ სურდა თქვენი დახმარება?! - იკითხა სხვათაშორის ქალბატონმა.
- რა თქმა უნდა არ სურდა, მაგრამ, ხომ გითხარით: მშობლების გული ვერ ითმენსთქო. თან მეუღლემაც მაიძულა, რომ მეთქვა ჩემი ერთი მეგობარი პროფესორისთვის. ბავშვობის მეგობარი იყო. ახლა აღარ არის ცოცხალი საწყალი. ეჰ, გამომეცალა მეგობრები. უკვე აღარავის არ ვიცნობ. ნახევარ საუკუნეზე მეტი მოვილიე კაცმა დავბრუნდი დედაქალაქიდან და დღეს საჭეს ვატრიალებ.
- რა შუაშია ნახევარი საუკუნე და საჭე ბატონო თენგიზ? - მაიამ ეჭვნარევი ტონით დაუსვა შეკითხვა ტაქსის მძღოლს, რომლის შვილსაც ნინო ერქვა.
- რა შუაშია, შვილო და ადრე საამშენებლო ტრესტის დირექტორი ვიყავი. დღეს კი მძღოლი ვარ. ჩემს გოგონას დახმარება ხომ სჭირდება?! შვილიშვილი მყავს. ენაცვალოს ბაბუა. მიყვარს ჩემი ოხერი ბაღანა. ვაჟკაცი მყავს, ვაჟკაციი!
- ღმერთმა სასახელო გაგიზარდოს! - დაულოცა გიორგიმ შვილიშვილი მონატრებულ ბაბუას.
- შენც, გიორგი. ისე მაინც ფრთხილად იყავით თქვენ ბატონო გიორგი. ჭირდებით ერს!
- შევეცდები თენგიზ!
- აი მოვედით!
- უღრმესი მადლობა თენგიზ ბატონო! - თანხა მიაწოდა მძღოლს.
- აბა, როგორ გეკადრებათ, ბატონო გიორგი. თქვენისთანა კაცი, მე მეორედ ჩამიჯდება?! არც არასოდეს. ღმერთმა ჰქნას ისევ თქვენ გიხილოთ ჩემთან მანქანაში.
- კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.
- არაფერია სამადლობელო... - მათ საუბარში მაიას მოესწრო მანქანიდან გადმოსვლა და გიორგის სასტუმროს შესასვლეთან უცდიდა. - კარგი დროს ტარებას გისურვებთ ბატონო გიორგი. - უთხრა და თვალი ჩაუკრა უკანასკნელად ახალგაზრდა მამაკაცს ტაქსის მძღოლმა. კარიც მიიხურა. მანქანა დაიძრა.
***
- სასტუმროში მივიყვანე.
- გასაგებია! შენებურად ბევრი ხომ არ ელაპარაკე?
- არა. ცოტა ვისაუბრეთ. კარგი ბიჭია ეს გიორგი. იქნებ არ გინდათ ჰაა?!
- როდის შემდეგ მამა, ასეთი გულაჩუყებული?!
- ჰო, კარგი. ჩემი დავალება შესრულებულია. ფრთხილად იყავი.
- რა თქმა უნდა. როგორც ყოველთვის დაგიფასდება.
- იმედი მაქვს!
სუსხიანი ღამე სასტუმროს შესასვლელთან დატოვეს. განცხრომის ნომერი შეუკვეთეს. თეთრზე გადაფენილი შავი ზღვა... ქვიან სანაპიროს ზღვის აქაფებული ტალღები ეხეთქებოდნენ. დალურჯებულ ჯებირებს ნაიარევები დაღად შერჩენოდათ სამუდამოდ. იდუმალებით აღსავსეს და მრავალი ისტორიის მესიდუმლეს გაჰყურებდნენ ორნი სასტუმროს ნომრიდან. გაავდრება დაეტყო ამინდს. თბილ ოთახში გაყუჩებულან ქალი და მამაკაცი. სივრცეში მიმოფანტა დუმილი. თითებით დაწყებული ურთიერთობა, მათში გაბნეული მონეტრება...
- გიორგი, სიკვდილზე გიფიქრია ოდესმე?
- კი, როგორ არა.
- მერე?
- მერე... მარტო ვრჩები.
- მეც.
- ლამაზია არა, სიკვდილი?
- შეიძლება! - თავი წამოსწია მაიამ და ახალგაზრდა მამაკაცს სახეზე დააკვირდა.
- ამჩნევ, რამეს?
- სიცოცხლის სურვილს. მეშინია!
- რისი?
- სიკვდილის. შენ არა?
- არა. პირიქით მიყვარს.
- იცი, როგორია?
- წარმოდგენა არ მაქვს. როცა სრულდება განსჯა, მეცინება-ხოლმე.
- სიკვდილი სასაცილოა?
- კი, სასაცილოა და თან სევდიანიც.
- რატომ სევდიანი?
- გინდა სული დაფერთხო და დაცლილი ესტუმრო სამსჯავროს.
- მაგრამ, არსებობენ ისინი, ვინც სულის დაფერთხვას სევდად არ თვლის, არამედ პირიქით ისწრაფვიან და სიხარულით ივსებიან.
- განა არ ვთქვი, რომ სასაცილოათქო?
- შუქი ჩავაქრო?
- კი. ზედმეტია!
მისაღები ოთახიდან ჩქმალი სინათლის სხივები აღწევდა მათ საძინებელში. თეთრ სამოსში გახვეული ქალაქი სუნთქავდა ცივად... ყინვის კრისტალები ფანჯრის მინებს კაწრავდნენ... ოთახში თბილა... ფითქინა სხეულს დაეწაფა ახალგაზრდა მამაკაცი. კისრის არემარეში მიმოფანტა თითები და მათი მოძრაობა სუნთქვას დააფინა. თბილი სიო, მონაბერი სუნთქვისას, არხევდა თმებს ქალისას... ჩქარობდა ლტოლვა, ეძალებოდათ ვნება და კიაფობდა მათ თვალებში სინათლე გრძნობებად გაფანტული. ჩამოხსნა ვაჟმა სახიდან წუხილი და იქვე მდგარ ტუმბეზე დაასვენა. გრძნობდა ქალი მის მზერას, რომელიც გათავისუფლდა სიმძიმისაგან... ჩაიკარგა ის, ნდობა გამოუცხადა მის გრძნობებს და თვალებნაბული მიეცა სრულ ნეტარებას. ბეგენი მისნი დაეწაფნენ მაღალ მწვერვალებს, თბილი ამბორით დაინამა კერტები ქალისა... დაცვარულ სხეულს ეკვროდა სხეული ვაჟის ქალის კვნესა ჩაესმოდა მას სულში... ნაიარევს მოჰკრა თვალი მამაკაცმა. დაუკოცნა და თითით უალერსა მას. ქალის ხელები ზურგს ეფინება... წყნარი მოძრაობით მისკენ იზიდავდა სხეულს და დასვრეტილ სულს კვნესით უმღეროდა უკანასკნელ სიმღერას... ტუჩები ტუჩებს ჰკოცნიდა, თვალები თვალებს ნატრობდა... გული გულს ეხუტებოდა... აკინძულა სიყვარული ორად... გაშლილ, თეთრ მდელოზე იწვა ორი სხვადასხვა სქესის წარმომადგენელი. შიშვლები უმზერდნენ ჭერს, მათ თავზე გადაფენილს... მუქი ლურჯი იყო, ისეთივე როგორც სამყარო სხვის ორბიტაზე მბრუნავი. დანამულ სხეულებს დასვენება ეწადათ, მაგრამ დაუოკებელი ვნებები ქარბორბალასავით ტრიალებდნენ მათ სხეულებში.
ორ შიშველ სხეულს დაჰყურებს უფალი...
მათთვის სამყარო მარტოა...
ქალი ხესთან ახლოს იდგა...
- იქნებ ვივახშმოთ, რას იტყვი?
- სიამოვნებით!
- ახლავე დავრეკავ! - ყურმილი აიღო ბერკეტიდან მაიამ და სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდა. - გმადლობთ! - დაასრულა საუბარი მან. ხუთ წუთში მოგვიტანენ ვახშამს.
- მშვენიერია!
- მე აბაზანაში შევალ, კარგი?
- მე, შენს მერე.
- ... - თბილი მზერა დაუტოვა აბაზანისკენ მიმავალმა მაიამ. „ღმერთო ვერ შევძლებ, ეს ჩემს ძალებს აღემატება. სისულელეა, რატომ? რატომ უნდა გავიმეტო სასიკვდილოდ? გასაგებია სახელმწიფო დავალებას ვასრულებ, მაგრამ მე ხომ ადამიანი არასოდეს მომიკლავს?! სად ჯანდაბაშია ეგ იარაღი? ხო მითხრეს ნიჟარის უკან იქნება დამალულიო?! ღმერთო იქნებ ვიპოვო მალე! არსად არ არის... ნეტავ რა ხდება? უფალო, მაპატიე! გთხოვ მაპატიე! რამეთუ არ ვიცი რას ჩავდივარ. ვწირავ ადამიანს, რომელიც ხალხს და ქვეყანას უყვარს, მეც მიყვარს! მეც სიგიჟემდე მიყვარს!... ძალიან მომხიბვლელია და გასაფრთხილებელი. ვერ ვივიწყებ მის მზერას, სიტყვებს, ქცევას, ალერს და ვნებით დახუნძლულ სხეულს. მშია! მისი სახელი მშია!“ გასცქეროდა სარკეს აბაზანაში, რომელიც ხელსაბანი ნიჟარის თავზე, კედელზე ჩამოეკითად სასტუმროს მშენებლებს. უმზერდა საკუთარ სახეს. სული შეამჩნია, თვალებიდან უმზერდა მას. „რა იქნებოდა ისეთივე თასმები ჰქონდეს ჩემს სულს როგორც ფეხსაცმელებს, შევხსნიდი სხეულს თასმებს და... იქნებ გაცილებით უკეთ შემესრულებინა დავალება, მაგრამ ამაოდ ვირჯები სულისთვის... დაავადებულ სულს და გახრწნილ სხეულს არაფერი შველის გარდა ერთისა... იქნებ მონასტერმა მიშველოს?! თუმცა ჯერ დავალება და მერე მონასტერი! ეს ბრძანებაა... ღმერთო მაღალო! ფალავანი მაინც ვყოფილიყავი, ორთაბრძოლების დიდოსტატი, რათა კვანტი დამედო სხეულისთვის და წაქცეულს ტკივილი მეგრძნო სულისა! სად ხარ სულო, სად? რას მერჩოდით დამპლებო, ნაგვებო, უსულო არსებებო! სხვა ვერავინ იპოვეთ?“
- მეთოთხმეტე ნომერში, იმყოფებიან. სამი წუთის წინ დარეკეს ნომრიდან და ვახშამი მოითხოვეს.
- ვახშამი მზად გაქვთ?
- დიახ!
- გმადლობთ დახმარებისთვის! დაგიფასდებათ.
- თქვენც გმადლობთ!
- არაფრის ლამაზო! ძალიან ლამაზი ხარ!
- თქვენც! - მორცხვად უპასუხა მას, ადმინისტრატორმა.
- გიჟი ხარ?
- არა! - არ ელოდა ასეთ პასუხს ის.
- გაგიჟდებით, აუცილებლად გაგიჟდებით. არადა მენანებით. მართლა კარგი გოგო ხარ!
- ვერაფერი გავიგე.
- ვერც მე, მშვენიერო! იქნებ ნომერი გაამზადო ჩვენთვის. რა იტყვი?
- ... კარგი სიამოვნებით. ნომერი თავისუფალია. - გაუცებულმა და დაბნეულმა უპასუხა კვლავ.
- იქ დამელოდე, მალე მოვალ. აბა დროებით!
- დროებით!
კარზე კაკუნის ხმა. ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ ნებივრობდა ლოგინში. მაია ისევ ფიქრებს ებრძოდა, აბაზანაში. ზლაზვნით აკრიფა სხეულის ნაწილები გიორგიმ, ტანთ ჩაიცვა და კარებს მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
- მობრძანდით!
ახალგაზრდა ქალბატონი ხმას არ იღებდა.
- იცით?! სახეზე მეცნობით.
ახალგახრდა ქალბატონმა მხრები მაღლა ასწია და ისევ დაუშვა ნიშნად გაკვირვებისა.
- არა, ნამდვილად მეცნობით?! - ზედაც არ შეხედა მას. თვალს არიდებდა. იქნებ შემომხედოთ? მაგრამ არა, თქვენ ის არა ხართ, მას ოქროსფერი თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა. - ისევ დახარა თავი ახალგაზრდა ქალბატონმა და გამზადებული ვახშამი, იქვე ახლოს მდგარ მაგიდაზე დაალაგა.
- მიირთმევთ, ჩემთან ერთად?
- არა. - იყო მოკლე პასუხი, ახალგაზრდა ქალბატონისა. ის თქვენთვისაა.
- მაშინ, თქვენ გაგიმარჯოთ!
- გმადლობთ, გაამოთ!
გამოსცალა გიორგიმ ჭიქა და ყელზე წაიჭირა ხელი. ვერაფერი თქვა, ისე მიუახლოვდა სასთუმალს და ჩამოჯდა. შეხედა მას ისე, როგორც პირველი შეხვედრისას. მხოლოდ ამის შემდეგ წარმოსთქვა დამარცვლით
- გიცანი, რატომ შენ? - სთქვა და გათავდა.
აბაზანიდან მაია გამოვიდა.
- ნინო? შენ აქ რა გინდა? გიორგის რა სჭირს?
- ალბად სძინავს. უფრო სწორად, სამუდამოდ.
- რა თქვი?
- ჰო, სამუდამოდ. განა შენ არ აპირებდი ამის გაკეთებას?
- არა, არ ვაპირებდი!
- ჰოდა დაგასწარით.
- ნაგავო! - წარმოსთქვა და ნინოსკენ გაიწია. იარაღმა შეაჩერა.
- იქნებ, დამშვიდდე. სჯობს ჩემს მითითებებს დაემორჩილო. ისე გიხდება ეს ტრუსები. ხალათი ჩაიცვი და წინ გამიძეხი. - იძულებით მორჩილებას დაჩვეულს არ გასჭირვებია ბრძანება შეესრულებინა.
კარზე კაკუნის ხმა. ახალგაზრდა გოგონა, გამჭვირვალე ღამის სამოსით მიუახლოვდა კარს. ფრთხილად ჩამოსწია სახელური და ერთის ნაცვლად კარებთან ორი ახალგაზრდა ქალბატონი დახვდა.
- სამნი ვიქნებით? - სიამის თვალებით უცქერდა მათ გოგონა.
- იქნებ ჯერ შეგვიშვა და მერე გეტყვი თუ ვისთან იკაიფებ. - გასცა პასუხი ნინომ.
ახალგაზრდა გოგონამ შეიპატიჟა ისინი ნომერში. ნინოს ხელში იარაღი შენიშნა და ცახცახმა აიტანა.
- დამშვიდდი, არაფერი მოხდება, მხოლოდ ის, რაც შენ და ამას ცამეტი წლიდან სურდა ჩემთან. გაიხადეთ და დაწექით საწოლში. სრაფად!
ორივემ გაიხადეს და დედიშობილა დაწვნენ.
უკვე ორი შიშველი სხეული უცქერდა უფალს.
მათ სამყარო პატარა ბურთად ექცათ, სადაც ფეხის ცალ თითსაც კი ვერ დაატევდნენ...
მამაკაცი სახიფათო თამაშებს გარეთ აღმოჩნდა...
- როდის გაიღვიძა შენმა ლტოლვამ ჩემს მიმართ? - კითხვა დაუსვა ნინომ.
- ...
- როდის-მეთქი? სწრაფად მჭირდება პასუხი!
- როცა პირველად დარჩი ჩემთან. მაშინ ძალიან ლამაზი იყავი! როგორ მახსოვს შენი ახლად ამოკვირტული ძუძუს თავები! თვალებს ვერ ვაცილებდი. ჯებირებს ვამტვრევდი ჩვენს შორის, მაგრამ ამაოდ. ძალიან მიყვარდი და ვერაფერს ვბედავდი. შენ გელოდი! იქნებ ოდესმე მიხვდეს თუ როგორ მიყვარსთქო! მაგრამ არასოდეს გითქვამს. მხოლოდ ვხუმრობდით და ასე ვირთობდით თავს. გახსოვს ვბწკენდით-ხოლმე ერთმანეთს, რამდენჯერ გვიკოცნია ერთმანეთისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დიდი მეგობრობის შედეგად ხდებოდა. არასდროს ვაპატიებდი თავს, რომ შენთვის, ჩემი საიდუმლო გამენდო. თან ქართული ღირსება მბოჭავდა. მრცხვენოდა. შენი დაკარგვისაც მეშინოდა. ჩემი სურვილი მალევე მოკვდა, მაგრამ არა სიყვარული. დღესაც მიყვარხარ და ვეტრფი შენს სულს, რაც არ უნდა მახინჯი იყოს.
- გაჩუმდიიი! გთხოვ გაჩუმდი!
- ჩემმა სიყვარულმა დაგაბრმავა, შენ ყოველთვის გრძნობდი, რომ მიყვარდი, როგორც მეგობარი და როგორც ქალი. მაგრამ დღეს მხოლოდ ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ და ეს დიდი ხნის წინ მოხდა. მას შემდეგ, რაც გელას გადაეყარე პირველად.
- შენ, მე დამიმალე და კაცი წამართვი, ვისთვისაც ბრძოლას ვაპირებდი.
- ვინ წაგართვი, ვერ ვხვდები?!
- გიორგი, ის ჩემი იყო! შენ კი წამართვი. ის სულ მაიას და გვანცას გაიძახოდა. მაია, გვანცა, მაია, გვანცა, მაია... შევეკითხე ვინ არიანთქო? იცი რა მიპასუხა?! გვანცა წარსულიაო, აი მაია კი მიყვარსო. მის სუნამოს მაიას ეძახდა... სურნელიც შენი ასდიოდა, შენი... გესმის?
თვალწინ კადრებად დალაგდა მაიას ფიქრებში, ავტობუსში განვითარებული სცენა. სცდილობდა გარკვევას, მაგრამ უშედეგოდ...
- არაფერი მესმის?! კი მაგრამ შენ და გიორგი საიდან ერთად? - სრულიად ზედმეტად თვლიდა თავს მესამე, ახალგაზრდა გოგო.
- თუ შეიძლება, მე წავალ კარგით? აქ მე არაფერი მესაქმება. მხოლოდ ხელს გიშლით.
- ჯერ ვერ წახვალ. დაიწყეთ, მინდა გიყუროთ. დაიწყეთ-მეთქი! მაინტერესებს, როგორ მომეფერებოდი, ვნებისაგან როგორ დაიცლებოდი ჩემთან. სწრაფად-მეთქი!
- არ შემიძლია! მხოლოდ შენთან შევძლებდი.
- შენ რა გქვია, მშვენიერო? - შეეკითხა ნინომ ახალგაზრდა გოგონას.
- ... - არ სურდა სახელი ეთქვა მათთვის.
- დროზე მიპასუხე!
- გვანცა! - აათამაშა მოცახცახე ბაგეები.
- აი დამთხვევა?! - ორივე გაკვირვებით დააცქერდა გვანცას სახეს. დაცრემლილ ტუჩებს ხელისგულებით იწმენდა. - და შენ ეს მითხარი: გიორგის ხომ არ იცნობდი?
- არა, წარმოდგენა არ მაქვს ვისზე საუბრობთ.
- არც ჩვენ! არც კი ვიცნობთ მას. არა მაი?
- ჰო ეგრეა.
- დაიწყეთ მეთქი. მუსიკა, ხომ არ გნებავთ? ახლავე ჩავრთავ. - იარაღი ჯერ კიდევ შემართული ჰქონდა. გაფრთხილებების ძახილით იხევდა უკან და უახლოვდებოდა სარკმელთან იატაკზე მდგარ ყუთს, რომელიც ძალიან სევდიანი ხმით აკვნესდა. - აბა გელოდებით!
დამძიმებული ოთახი...
ვნებაში ჩაკერებული იძულება.
გრძნობებს მიღმა გატარებული ჩახუტება.
ფერება უნიათო, დასუსტებული, არაფრის მგრძნობი თითებით...
წინდებში ჩაყოლებული ლტოლვა...
- მორჩით, გეყოფათ. ვეღარ გიყურებთ. საზიზღობაა. ახლა შეგიძლია წახვიდე გვანცა ძვირფასო! იქ გარეთ დაგხვდებიან, როგორც შეგპირდი.
- რას შემპირდით?
- საგიჟეს ძვირფასო, დაგვიწყდა?
- არ წავალ.
- ახლავე, გადი, რადგან თუ აქ დარჩები მოკვდები. გპირდები! ხელიც არ ამიკანკალდება ისე გამოვკრავ თითს სასხლეტს. სწრაფად გადი ოთახიდან, თუ კიდევ შეგრჩენია სურვილი სიცოცხლისა! - იმ წამსვე, მოიხურა თავისი თხელი ხალათი გვანცამ და ოთახიდან გავიდა.
***
ფოიეში გამოსულს, გრძელმკლავიანი ხალათით დახვდნენ მედიკოსები. ავტომანქანის უკანა სავარძელზე დასვეს. ორივე გვერდიდან მიუსხდნენ, როგორც პატიმარს. მძღოლი ისევ თენგიზია. სიტყვაც კი არ დასცდენია.
- დავრჩით მე და შენ მარტო მაი! რას მერჩოდი, რა დაგიშავე? რისთვის გადაეკიდე გიორგის?
- თუ ღმერთი გწამს, რა... გონს მოდი! - ხმის ტემბრი შეცვალა მაიამ. მძაფრი იყო მისი მოთხოვნა. - რატომ გიორგი ან მე რას მერჩი?
- ორივემ გამყიდეთ: შენ ხორცით და სულით გამყიდე, ხოლო მან სული და სამშობლო. მოღალატის საზღაური ასეთი დასასრული იყო. დამაკმაყოფილებელია პასუხი?
- იდიოტი ხარ!
- რომელი გირჩევნია: იარაღი გესროლო თუ საკუთარი ხელით გადაიჭრი ვენებს?
- საკუთარი ხელით. განა სხვა არჩევანი მაქვს?
- არა. გელოდები! აჰა ჯაყვა.
***
ტელეფონის ზარი გაისმა კაბინეტში, რომელიც ევროპულ დონეზე გაერემონტებინათ. "გამჭვირვალე საქმიანობით" დაკავებული მაღალჩინოსანი პასუხობს შემოსულ ზარს:
- გისმენთ!
- დავალება შესრულებულია! - მტკიცე და ნაზი ხმით უპასუხა ახალგაზრდა ქალბატონმა.
- დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
ტელეფონის ზარი გაისმა საავადმყოფოში.
- გვამი მზად არის, გადასატანად?
- დიახ! როგორც თქვენ ბრძანეთ, გვამი მამაკაცისაა!
- მშვენიერია! მოვლენ სამ წუთში და გადაიტანენ შესაბამის მისამართზე. გმადლობთ! დაგიფასდებათ!
დილით ცხელი ინფორმაცია გადაიცა ტელე-ეკრანებიდან: ნაპოვნია ორი მამაკაცისა და ერთი ქალბატონის გვამი. ორი მამაკაცი ერთ ნომერში, ხოლო ქალბატონი საკუთარ ბინაში, რომელიც მშობლებმა იპოვეს სახლში დაბრუნებისას.
***
ის ისევ ფანჯარასთან დგას და ტირის!
- დაასრულეთ, მოთხრობის წერა ქალბატონო?
ჩუმად გაუწოდა ფურცელი მთავარ ექიმს, რომლის უშუალო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა პაციენტი.
- შენი დაქალი სად არის? აჰა ისიც აქ ყოფილა! - შენიშნა მთავარმა ექიმმა მის გვერდით მდგომი გვანცა, რომელიც შემობრუნდა და ანფასით წარსდგა მის წინაშე. თანაავტორი მოთხრობისა.
დედას ისევ ეძახდა პატარა: „ძილის დროა დედა!“
ძალიან გრძელი და ვიწრო დერეფანი.
უფერული სამყარო, უფერული სამოსით...
სახიფათო თამაშები გრძელდება!
პალატამდე თოთხმეტი ნაბიჯი, უფლის შეცნობამდე დაუთვლელი!
ილტობოდა***** სამყარო!
15 იანვარი 2011 წელი
____________
* დიან-მუ - ჩინურ მითოლოგიაში ელვის განმასახიერებელი ქალღმერთი.
** მადერა - ერთგვარი მაგარი ღვინო.
*** ილინჭა - ჩიტის მახე.
**** მბალი - დალბილებული.
***** ილტობოდა - სველდებოდა.