Litclub.ge

*** "უსასრულობის ქანაობს ლანდი"
უსასრულობის ქანაობს ლანდი, როგორც საკუთარ ძაფზე ობობა,
ვერ ვცნობთ ერთმანეთს და უწყის არვინ, საიდან მოგვდგამს ეს უცნობობა.
ჩემივე აზრის ლურჯი ბურუსი ეკვრის ისედაც უცხო სამყაროს,
რომ მაიძულოს დავფარო შიში, ცა გაამართლოს და შემაყვაროს.
იმ უძველესი სიშორისაგან, რომელსაც ისევ დაჰკრავს ცისფერი,
ვერ გამოვყავი ჩემი ცისკარი, ვერც საკუთარი თავი ვიხსენი.
ვერ მოვიხილე უცნაურობის ფრთის გასაშლელი ადგილ-სამყოფი
და იკვებება უნუგეშობა გაურკვეველი აზრის ნაყოფით.
ისევ უცხოა ცის დასავალი და უხმაუროდ მყოფი გონება –
მას ან გამგები, ან მეგობარი, ან მხარდამჭერი თუ ეყოლება...
მოვა კი ვინმე ნაცნობ იერით თუნდ ერთი წუთით, თუნდ საუცებად,
გარდა ზამთრისა, რომლის სითეთრე, ჩემს გაოცებას წინ გაუძღვება.