Litclub.ge

თებერვალი. ივრის ჭალები
ჩემს სახეს, ყვითელ ფოთოლზე დახატულს,
შენი ალერსი უნდა, მარინე!
მიბრძანე რამე, ვეებერთელა ლოდები მთაზე ამატანინე,
მარინე!..
ნეტავი ახლა ჩემი ივრის ფსკერზე მეძინოს
და ვარსკვლავები დამყურებდნენ მაღლა ზეციდან,
რა ბედნიერი ვიქნებოდი...
ზემოთ მთვარე,
მე – მდინარეში
და სოფლის ბოლოს თებერვალი,
შემძვრალი ხეში...
იწკრიალებდნენ ვარსკვლავები, მარინე!@
შენ ჩემი დაჟინებული ფიქრი მოგიყვანს
ჩემთან ამ ღამეში,
მარინე!
დავყურებ ქალაქს, ჩემი თვალები
სახურავს ხდიან სახლებს და ვხედავ
– მხოლოდ მას სძინავს მშვიდად, ვინც იცის,
რომ დღისით უნდა მოიპოვოს ღამის სიმშვიდე.
დავყურებ ქალაქს, როგორც სახინკლე
ქვაბს, და უსახურაოდ მდგარი სახლების
დრტვინვას შემკრთალი ლეკვივით ვუმზერ,
მიშველე რამე, წაქცეული ვარ
და მთვარის შუქი მაბიჯებს გულზე...
ანათებს მთვარე საქართველოს ლურჯ მდინარეებს.
ივრის ჭალებში დადის ცხენი კოჭლი, გამხდარი,
და ამ მილიონ... ამ მილიარდ... ამ სამყაროში
ვერავინ ხედავს მას მგლის მეტი...
იწვის ბუხარი
და ვიტანჯებით ერთმანეთის მარტოდენ ჭვრეტით.
მარინე,
მინდა ჩავყვინთო შენს ვარდისფერში,
შენს სიცხეში და სიმხურვალეში,
მივირთვა ყვითელ ფოთლების პეშვით
შენი ცრემლების ტკბილი სიმლაშე...
მარინე, შეამკე ჩემი თმები, მარინე...
დათოვონ შენმა ხელებმა ჩემი თმები, მარინე...
ივრის ტალღები განა წყალი არის, მარინე,
იგი ნემსების ნაკადია, მწველი, მსუსხავი
და ვაი იმას, განწირულად ჩათვალოს თავი,
ვინც მას გასტოპავს და წავა ტყისკენ.
ივრის ჭალებში დადის ცხენი კოჭლი, გამხდარი,
და ამ მილიონ... ამ მილიარდ... ამ ყინულეთში
უცებ გაისმის... ხმა კი არა,
არამედ ზარი: `მე აქ ვარ, ძმაო!..~
რა მხნე ხმა არის, ერთი უსმინე,
რა ტკბილი არის: `მე აქ ვარ, ძმაო~.
ტყიდან გამორბის სოფლის გლახაკი
და ყვავილები მოაქვს... მარინე!
რისთვისღა ვსინჯავთ ამ ჯადოსნურ, ღვთაებრივ სიზმრებს,
თუ თვალს გავახელთ
და ქვეყანა ისევ ის არის!
ან რად გაძალებ მე ზანზალაკს, რომ იყო ზარი...
მარინე, ჩამოახიე შენი სამყოფი მანდილი ღამეს
და, როცა მოვკვდე,
ქარში გაფრენილ ყვითელ ფოთოლს
თვალი გააყოლე, როგორც ჩემს ნიღაბს.