Litclub.ge

მონატრება
ახლა მე ვფიქრობ სასაფლაოზე
მთაზე რომ მოჩანს ირმის ჯოგივით,
ახლა მე ვფიქრობ შენზე, რადგანაც
გაცივებულა ჩემი ლოგინი.
თუმც კვლავ ეტყობა შენი ნაწოლი,
ვით ნაგუბარში აშრება წყალი,
მაგრამ მე მინდა შენი სხეული
და გეძებ ორი ტანჯული თვალით.
ამიტომ წავალ, და სასაფლაო
დაფრთხება, როგორც ირმების ჯოგი,
და მე გიპოვი და კვლავ გავათბობ
ჩემს მიტოვებულ და ობოლ ლოგინს.