ერთხელაც, გავიხედავ ფანჯარაში
და ზღვა მოვა,
ქვისშუბლებიან სანაპიროს მოიყვანს,
ქვიშა სხვაგან არის,
უფრო კომფორტულ ქვეყნებში
ეს ქვეყანა ვინც დამიტოვა,
ჩემსავით, ეზოს ჭაში იყურებოდა?
ზღვა საწოლის ქვეშ ჰქონდა ამოდებული?
ვერ იმძლავრა გენეტიკამ:
ჩემი ზღვა ფანჯრიდან თუ შემოვა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტ,
ქვებს შორის ქვიშის შეღავათით...
მზისგამძლე შუბლები და ჩემი, შაკიკიანი...
სიცოცხლეში – კატეგორიულობა,
მერე – უსაზღვრობა,
ხავსი ამოუვათ, ნაოჭებს გაუმკვეთრებს
ღამე სიზმარზე დგას
და ნაკლებ სანდოა
ფანჯარა სულ ღია გქონდეთ,
ვინც `პოეტის~ დიაგნოზით ცხოვრობს!
ზღვა, შეიძლება დღესავით მოვიდეს,
ან ლოცვის დავიწყებული სიტყვებით,
ან ტკივილზე მოქანავე საწოლივით
და უნდა იცნო...