მულღაზანზარულ მუზარადთა ზმათ და ზარებათ,
ზეიდალთაებრ მზე – ზარნიშით მბზინვარე ზღვათა,
ზედგამზრახველთა არგამწირავთ მუქაფის ზღვადა,
ზეგარდმო ქნარნი მუნ ამკობენ ზეშთა ზარებად.
გაჭრად იჭურვის ჭარმაგოსან ჭაბუკთა ჭმუნვა,
სული სათთა და სპეტ-სოსანთა იფრქვევა ნაზი,
ბროლის კუბონი, ბროლ-ბაკმათნი მზეობენ მუნვე,
გიშრის ტბათაგან ლალს მოადენს მუტრიბთა საზი,
ბივრილ-სათთაგან და ელვარე საფირონთაგან
მუნ კიანთობენ ლაღ სტრიქონთა სამაჯურები
ლალ-მარგალიტნი ათასგვარნი, ათასჯურები,
სცვივა მთიებთა ნაკვალევზე განარონთაგან,
მნათობთა თანადს მას უყვარდა ზიმზიმი მზეთა,
ზერგნა ბოროტი ცთომილების მას უხაროდა,
დაბნედით განცდა სინარნარეთ და სინაზეთა,
გულის წარტყვევნა უდილეგოდ და უხაროდა,
ლაღად მიმფრენი ტაიჭები, შავარდენები,
სიხაფე ხაფთა და მათრახით ხლეჩა ხორცისა,
მონათა ყორე გმირთა მაჯით წანახოცისა,
ბედისწერადი ნიაღვრების შავი დინება,
ვეფხური მზერის დადუნება ვეფხურ შეტევით,
ეხო მგრგვინავი უდაბნოში ატეხილ ლომთა,
სამუმის ბუღში გაჩაღებულ მძვინვარე ომთა,
გაფიცხება და ცას მიწევნა ცეცხლის სვეტებად,
ზეგარდმო მადლი მოავლინა ჩვენზე ზენამან,
გულს განახლება, ხოლო სმენას მოსცა სიამე,
მიუთხრობელი ვით მოგითხროთ ბრგვნილმან ენამან,
თუ ვით დიადობს სამყაროზე მზიანი ღამე!
არ დაიმცრობის მამაცურთა მკლავთა კვეთება,
მიჯნურის სახმილს რა ძალით ძალუძს, აბა დაშრეტა,
დგას შეუღწეველ სრა-დარბაზად შემოქმედება,
ვით უბურღავი კლდე-გრეხილი ურღვევთა შრეთა!