შორია შარიშური შარათა,
მოჰქრიან სოველი ქარნი,
ბორიო – ფლოქვების მარაბდა,
ალები ტალებად მდგარნი.
სანთელი მთიების მფანტველი,
ლიცლიცებს ციალით ნელი,
კანკალებს კილამონ-კანკელი,
ბანი და ებანი ბნელი.
ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე,
დამთიე სუდარა დარად, –
ამით რამ იდარა მითი რამ,
არკადებს აკრია: კმარა!
II
ელიან ლიანს და ლელიანს,
ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი,
გულიანს ბროლიან-ყელიანს,
ხახაში იხერგავს მტკვარი,
ქვიშათა ქუშია ქაშვეთი,
დროთა მარაბდულთა სევდა
ვის ავი ლაშებით ღლავ-შეთი
მუსვრად და სალმობად სდევდა.
ან არარატებად არი რად,
კეცტყავი კეცილი კეცად?
მამულო გაქრობად ლამულო,
მრისხვალი თვალი თუ გეცა?