Litclub.ge

სადღეგრძელო
ბახუსმა აღარ დამინდო,
დავითვერ ალადასტურით,
ღვინო იყო და რა ღვინო,
სათუთად ნაფერ-ნაწური.
თვალი შევავლე ჭინჭილას,
თითქოს შემიჩნდა მაცდური,
ირონიულად მიცქერდა
ხელადის ციდა ნათლული.
გულბაათ გამომეცხადა,
სათამადეთში განთქმული,
მითხრა: – ჭინჭილით არ შესვა,
ყანწი შეივსე ყანწური.
რჩევა ვისმინე, დავუთმე,
თამადას ვთხოვე დასტური,
მაჯაზე შემოვიგრიხე,
ჯიხვის რქა მამა-პაპური,
შევივსე, ქებით გავლუმპე
ალადასტურის დამწური.