Litclub.ge

პოეტები და პრივატიზაცია
ვაი, ქართული სიტყვის ბრალია,
ლექსი გვიკვდება ნათამამარი,
ალბათ, სულ მალე, ჩვენს სახლ-გალიას
იყიდის ვინმე ნაყაჩაღარი.

და რაღაც გროშად, რაღაც მანეთად,
ო, ღმერთო ჩემო, დიდება შენდა,
სადაც ლილისფერ სარკმელთა სევდა
ძვირფას სახელებს ვარდებს აფენდა...

სარკმელს გადაღმა ლალის თვალებით
მევედრებიან ნეკერჩხალები,
პირველ სართულზე პრინცი ჰამლეტი,
დადის ვაჭარი _ წკენტის ვალეტი.

შმაგი ყვავილით ჰყვავის იელი,
მღერის ბარძიმთა ყარყარა ყელი,
აქ ასი ჩიტი გაფრენას ელის,
ასი ბულბული გაწვდილი ყელით.

ხელმწიფევ ზღვათა, გულანშაროთა,
ენამზიანო, საქმესვიანო,
რადგან ბულბულიც ძმაა ფრინველთა,
ქათმის ბაზარზე გაგვყიდიანო...

წუხელ ვტიროდი სამშობლოს ბედზე,
ეტრატებს გული გადავუხსენი,
როს საქართველო ჰკიდია ბეწვზე,
მამულით ვაჭრობს ბევრი უსენი.

საქართველოში ხეცა და ლოდიც
თუკი გაჰყიდეს ცოდვის კაცებმა,
მე დამიტოვეთ ნეკერჩხლის ტოტი,
დავჯდე და მოვთქვა ქვეყნის დაქცევა.

1994