Litclub.ge

*** "გულო, ერთხელაც დაიღვენთები"
გულო, ერთხელაც დაიღვენთები,
როგორც სანთელი ქარში დაღლილი,
ერთხელ მოგთხოვენ პასუხს ღმერთები,
გაილესება შენზეც მახვილი.
ნუ შემიდრკები, ძვირფასო, მაშინ, –
ვალი ვალია და შენც ივალე,
ჭირში თუ ლხინში, მზეში თუ ქარში,
ძმობილო, ჩემთან მოხეტიალევ.
ყველას ხვედრია, ყველას თან დასდევს
ის ძველი ცელი პირჟანგიანი,
ჩვენც შევერკინოთ, არ დავუზავდეთ
წყალობას ნუ ვთხოვთ, – კრიჟანგი არი.
ჯერ კი, ხომ მივქრით... და რჩება უკან –
გზა ცაზე, ზღვაზე, მთაზე, ვაკეზე,
გვხიბლავს სიჭრელით სამყაროს რუკა
და გიჟ ოცნებებს სრბოლად აქეზებს.
ფიქრთა და აზრთა საზღვართა მიღმა
გვახეტიალებს ბოშა ოცნება,
ჩვენივ თავს ვეძებთ ჩვენ სხვათა მიღმა,
ვერ გვიპოვნია და... გვეოცება.
ვესწრაფით, ვჩქარობთ, ვრჩებით და ვუსწრებთ,
დარი ხან დარობს და ხან ავდრდება.
დრო კი ხევს ჩვენი სიცოცხლის ფურცლებს
და შორეული ახლო მთავრდება.
ვეძებთ ცხადლივ და ვეძებთ ანდეზე,
ბედი კი სწორეს გვიმრუდებს მუდამ,
ვკეცეთ, ვკეცეთ და ვეღარ დავკეცეთ,
უკან გაფრენილ გზებს დავრჩით უკან.
მაინც მგელივით მუხლი შაიბი,
გადი, გამიყვა, მოგდევ, იარე,
ბეწვის ხიდებზე იმუშაითე,
ჩემო ძმობილო, ჭირმოზიარევ.