შენმა სიშორემ
საუკუნოვან ღამედ მაქცია,
გატანჯული შავი ხეების ღამედ, რომლებიც
გულისწამღებად კვნესიან ქარებში.
შენმა სიშორემ
ყველა საზღვარი და ნაპირი ჩამომიქცია
და კლდეებიც ვერ აკავებენ
ჩემს მბურღავ მზერას,
რომელიც აალებული სულიდან იწყება...
შენ ვერ აღორძინდი
ჩემ სიცარიელეში, როგორც ვარდი,
შენი სურნელი, გამაბრუები, ვერ მოსწვდა სხეულს,
და მე აღმოვჩნდი მდინარის გზაზე,
მერყევი და გაუნდობელი,
დრო კი, როგორც ქვა. ჩემ გულში იდო
და დიადი კაკუნი მისი შიგნიდან მჭირდა.
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
საუკუნოვანი ღამე
არ მანებებს სიზმარს-თავის მოსატყუებლად,
მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის.
ჩვენ ერთმანეთისკენ მივდივართ
შენს შორეულ მდუმარებაში
მაგრამ ერთმანეთს უფრო ვშორდებით...
გაქრობის სუნთქვა მეზიდება
მართმადიდებლურ ნათელ წიაღში.
მე დავამტვრიე ჩემი ფესვები,
იმ ფესვებიდან უფრო ახლოს რომ დამენახე,
ქალბატონი ცოდვა იყო ჩემი მეგზური,
ეჭვების, შიშის, უნდობლობის, შემთხვევითობის
საუკუნოვან უძრავ ღამეში.
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
რომელიც მოკლე დანასავით ბზინავს ცივ შუქზე...
შენ არ გიცხოვრია
ვარდის ფერისა და ცისაფერი საუკუნეებში,
იამბიკოსა და მაღალი შაირის სამლოცველოში,
არ გიკრეფია ღვთის გულიდან წმინდა ყვავილი,
არ ჩაგიყვინთავს ქრისტიანი ბავშვის სიზმრებში.
შენ ფრთა ხარ-ჩუმი და მოტეხილი,
რომლის ბოლოში განუწყვეტლივ შრიალებენ
ძველი ქარები და დროში,
შენ იმ მიწიდან
ფესვებიანად ამოთხრილი ყვავილი ხარ,
რომელსაც დილით წყალს თუ დაუსხამ,
ოთახშიაც მშვენივრად გაძლებს,
მშვენივრად გაძლებს და აყვავილებს
სანამ ფესვები გულში ამოვა.