თითები – ნეფერტიტის,
თითები – ანგელოზის
ტანჯავდა ფარაონს, როდენს,
მხრებიდან ტერფამდე
თითებით გეფერები,
ტუჩებით გეხები ოდეს.
თითები – ტიციანის,
თითები – რაფაელის
ვარდივით ფურცლავენ დილას,
გავშალოთ თითების
მთრთოლვარე დარაია
და აქვე ჩამოვსხდეთ ფრთხილად.
თითები – თინათინის,
თითები – მარიამის
მაისის ალივით მთენთავს,
ვიყიდოთ თითების
წითელი როიალი,
კონცერტი გავმართოთ მცხეთას.
თითები – ვირსალაძის,
თითები – ისაკაძის
ცვილივით ადნობენ ბექთარს,
ავაგოთ თითების
მცხუნვარე ეკლესია,
დილამდე ვილოცოთ ერთად.
თითების ხეივანში,
თითების სასახლეში
ფრთადაფრთა ვიფრინოთ ღამით,
გავშორდეთ არმაზს და
მტკვარიდან არაგვამდე
გავცუროთ თითების ნავით.
თითები – ქრიზანთემის,
თითები – იასამნის, –
ცისგულა იების ფარდი,
თითებით ვიცნობდი
ისმენეს, ესმერალდას,
თითების მიმყვება დარდი.
თითების ჰარმონიით,
თითების ანდამატით
პოეტებს კურნავდნენ ადრე,
ავდგეთ და თითების
პირველი ვერნისაჟი
მოვაწყოთ თბილისში სადმე.