Litclub.ge

ჩიტები წუხან თავის ენაზე
ჩიტები წუხან თავის ენაზე,
ჩიტურად უყვართ ჩიტებს გალობა;
ვერ იმღერებენ სხვათა ენაზე,
ჩიტური ენა ეძღვნათ წყალობად.
ჩიტებს – ჩიტური, ქართველს – ქართული,
გზნება-სიმაღლე- გრძნობა დართული...
ვით ჩიტს ჩიტურად, გალობისათვის
ყელი ქართულად მაქვს მომართული.
რომც დავიმღერო სხვათა ენაზე,
ის ვერ იქნება ჩემი ნამღერი,
იმა სიმღერით მე ვერ შემიცნობთ,
ვერ გამოჩნდება ჩემი ნაღველიც;
ჩემი ზეობის გამოჩინებას
შესწვდება მარტო ქართულის ძალა...
ჩემი წუხილის დაფარვაზედაც
ქართულმა უნდა მიშველის კვალად.
შევერთებივარ ყოველი წვეთით
მშობელი ენის უსიერ წიაღს...
მაღლით ქართულად დამნათის მთვარე,
ქართულად გააქვს შრიალი ნიავს.
მხოლოდ ქართულად მოხტის არაგვი, _
გრძნობა-სილაღე-გზნება დართული...
ვით ჩიტს ჩიტურად, გალობისათვის
ყელი ქართულად მაქვს შემართული.