სასაცილოა ლექსის წერა... მიეთ-მოეთი,
როდესაც შენ გყავს, რუსთაველი –მეფე-პოეტი.
შეება წყვდიადს და გააპო სივრცე ვერანი,
უკიდეგანოდ როცა მიჰქრის ტატოს მერანი.
სასაცილოა სურვილიც კი,
გერქვას ფრთოსანი,
როდესაც შენ გყავს, აკაკი და ვაჟა მგოსანი.
ბრძენი ილია, მამა ერის, მთლად სხივოსანი,
წმინდანთა შორის,
სულმნათი და გვირგვინოსანი...
და გოლგოთაა სანატრელი – უფრო იოლი,
ვიდრე ლექსს წერდე,
თვალწინ გედგას გალაკტიონი.
ჩუმად რომ ეშმა გისახლდება, ალბათ გენია,
სულის ტკივილი, ო... რა ძნელი მოსათმენია...
და გიწევს ჯვარცმა,
თუნდაც იყო გენი ბეღურის,
არა და... ნაღდი პოეტები, მაინც მეგულვის...
ლექსებს წერენო... ერთურთს ჰგმობენ...
სხვანი და სხვანი...
მე ლექსს არა ვწერ...
სულს ვარიგებ... ვით ფიროსმანი.