Litclub.ge

უცხო სტუმარი
ის აჩქარებით ამოჰყვა კიბეს,
ჩამესმის მისთა ნაბიჯთა ჩქამი.
აი, მოვიდა, ხელს ხელზე მკიდებს,
აი, ჩემს გვერდით დაიდგა სკამი.
მიყვება რაღაც უცნაურ ამბავს,
თან მაშტერდება თვალებით ცივით,
სიტყვებს ნაცნობი სინტაქსით ლამბავს,
მაგრამ ხმა იგი – გველივით წივის.ჯერ ვერ გავიგე სტუმრობის აზრი,
ჯერ ნელა, ნელა მოცოცავს შიში...
მიყურებს, თითქოს ცელი პირბასრი,
მიკეტავს არეს და წასვლას მიშლის.
დგება ოთახში თამბაქოს ბოლი,
წვება ოთახში დუმილი მძაფრი.
მსურს ვითამაშო მასპინძლის როლი,
ის სავსე სასმისს უკანვე მაწვდის.
ვათვალიერებ ღარიბულ ბინას,
რა მივცე? რითი მოვულბო გული?
ღამეა, ახლა მზეობლებს სძინავთ,
აი, რაცა მაქვს, ღმერთი და რჯული.
ის იღიმება და ჩემთა ფერხთით
გორად მიხვავებს შუქნათელ ლითონს...
გონებას ვძაბავ, თანდათან ვხვდები –
რისთვის მოსულა – ის სინდისს ითხოვს!..
და დამცინავი, ქილიკი მზერა
თითქოს ბაგეზე მიყინავს უარს.
ყვირილით ვშველი დაჭიმულ ნერვებს,
მაგრამ ვინ გისმენს... ეტყობა ყრუა...