ვარდები ჩინჩხლებს მაფრქვევდნენ ბაღით
(ძველია თემა ბაღი და ვარდი)
დაზამთრდა უკვე, დაზამთრდა – ბარდნის,
თვლემს ხალიჩაზე ბუხართან ძაღლი.
ბაღს ქალის თმების აწვიმდა თქორი,
ბაღს ქალის თმების სურნელი ახლდა.
წავიდა მერე და მალე ბოღმაც
ჩამოიკაწრა სხეული თოვლით.
მქონდა ცხოვრება მარტივიც, რთულიც
(რა ვუყო მაინც თუ მისი ტყვე ვარ!)
მაკმარეთ ქართა კუდების რტყმევა
გულზე, _ ნაგვემი ვის მივცე გული!
თუ ღირდა ნეტა წამება რამედ –
სალ კლდეებს უქმად ნატყორცნი ნაღმი,
გაღმა გასული ხელს მიქნევს დაღლილს
წარსული –ჩემი ფერადი ღამე.