დღეს დილით ჩვეულებრივ მივედი სამსახურში. ჩვეულებრივ დავაგვიანე, რადგან ვიცი, რომ დირექტორი ჩემზე მეტს აგვიანებს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს კი არ აგვიანებს, არამედ ყოვნდება. თანამშრომლები ყველანი გაფრთხილებულები არიან, თუ დარეკა (ქალაქის ტელეფონზე რა თქმა უნდა - მობილზე თუ რეკავს, სულ სამუშაოზე ვარ) მოსული ვარ და ეს წუთია გავედი. ეს უსაფრთხოების ზომები აუცილებელია, იმიტომ რომ დაგვიანებისთვის ჯარიმა დაწესდა - ოცი ლარი. საერთოდ ხელფასი სამასი ლარი მაქვს და პრემიალურებიც ცოტა, აზრზე არა ვარ რისთვის. არადა, ყოველდღე თუ დავაგვიანებ, ჯარიმის სახით უნდა გადავიხადო დაახლოებით ექვსასი ლარი, ანუ იქეთ უნდა მივიტანო ხელფასი და ერთი იმდენი, ანუ დამედება ვალები... როგორ არ მიყვარს ვალები, სამაგიეროდ მიყვარს ჩემი მევალეები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისინიც იმავე გრძნობით მპასუხუბენ...
ხო, ავეჯის კომბინატში ვმუშაობ. ინვაიტ-მენეჯერი ვარ. ეს სამუშაო წელს იანვარში განცხადებით ვიპოვე, უფრო სწორად, ერთ უფასო სარეკლამო გაზეთში განთავსებული რეკლამით, რომელსაც მინდა არ მინდა ყოველდღე ტოვებს ჩემს კარებზე ვიღაც, ალბათ უცხოპლანეტელი. იმ დილითაც ვკითხულობ: სოლიდური ფირმა ეძებს ახალგაზრდა კაცს არაორდინარული აზროვნებით და უმაღლესი განათლებით ინვაიტ-მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე...
ცხრა თუ ათი იანვარი იქნებოდა. ასე იმიტომ მახსოვს, რომ ახალი წლის ქეიფები მოთავებული იყო უკვე, თრობის მორევიდან გამოსული ვიყავი და რომ არავინ მეძახოდა, დავლიოთო, მიხაროდა კიდეც... და რადგან ჩემს სახლში ზომაზე მეტად ციოდა და თურქული ზეთის რადიატორი მეტის-მეტი მადააღძრულობით ნთქავდა ჩემს წინა სამუშაოდან დარჩენილ ფულებს, მივხვდი რომ სხვა სამუშაო უნდა მეპოვა. წინა სამუშაო რა იყო?! დისტრიბუტორი ვიყავი ერთ ფირმაში. არა უშავს შემოსავალი მქონდა. ეს ტოტალიზატორები რომ არა, შეიძლება ფულიც დამეგროვებინა ცოტა, მაგრამ ამდენი ტოტალიზატორი რომ არის, იმათ იმდენი თანამშრომელი რო ჰყავთ, ხელფასი ვინ უნდა გადაუხადოს თუ არ მიხვედი და რამდენიმე ლარით არ შეეწიე?! მერე, დეკემბრის მიწურულს, ერთ ღამეს, ტელევიზორი ჩავრთე (ნეტა არ ჩამერთო) და პირველი რაც დავინახე, გენოვიჩი იყო - ჩვენი ფირმის პრეზიდენტი, თან გაღიმებული. ის იყო გავიფიქრე, როდის გახდა ეს ჩემისა ტელევარსკვლავი, ალბათ ახალ წელს გვილოცავს-მეთქი და პატრულიც გამოჩნდა, თურმე გადასახადების გადაუხდელობის თუ დამალვის გამო აჰყავდათ. მეორე დღეს კი მივედი სამუშაოზე, მაგრამ მოადგილე მეტისმეტძმარმოსხმულ და ცხარეპიმპილმოყრილი ლობიოს ნაჭამი სახით დაგვხდა და დაგირეკავთო დისტრიბუტორებს გვითხრა. მერე ერთი-ორჯერ მე თვითონ გა¬დავ¬რეკე, ხომ არ დაგირეკავთ-მეთქი, მაგრამ ცივი უარი რომ მივიღე, მივხვდი: დისტრიბუციამ მოგჭამა ჭირი.
ახალმა განცხადებამ ძალიან დამაინტრიგა. ინვაიტ-მენეჯერი აზრზე არ ვიყავი რა იყო, დანარჩენ ყველა მოთხოვნას ასე თუ ისე ვაკმაყოფილებდი: უმაღლესი განათლება მაქვს, არ მოვყვები რა სიმწრის ოფლი და რა მატრიკულებში ჩაცურებული ათლარიანები დამიჯდა სხვადასხვა მასშტაბით (საგნებს გაჩნია) ეს დიპლომი, მაგრამ ეს შიგ არ წერია. დიპლომში წერია, რომ მაქვს გეოგრაფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. არ წერია, მაგრამ ვიცი რომ ბჰუტანის დედა-ქალაქი არის თხიმთხუ და მორჩა. ეს ბჰუტანი და თხიმთხუ სკოლიდან მევასებოდა და იმიტომ გადავწყვიტე გეოგრაფობა. გეოგრაფიის მასწავლებელმა, გოგუცამ მკითხა ერთხელ გაკვეთილი. სანამ დაფასთან გავიდოდი, ჩემი მერხის ამხანაგს ვკითხე, რა გვაქვს გაკვეთილად-მეთქი და ინდოეთის ოკეანეო. მეც დავიწყე ინდოეთის ოკეანეს სერავენ ტანკერები და სუპერტანკერები-მეთქი - გოგუცას უყვარდა ამის თქმა გაკვეთილს რომ ხსნიდა, უცებ მეკითხება ბჰუტანის დედა¬ქალაქი მითხარიო. პირველად გავიგონე, ასეთი ქვეყანა. თხიმ-თხუ-მეთქი, სიცილი ამიტყდა. გოგუცა მასწავლებელი გაკვირვებული მიყუ¬რებდა - ყოჩაღო. არ დაიჯერებთ და დაემთხვა. პირველი ხუთიანი მი¬ვი¬ღე ჩემს სიცოცხლეში და მგონი უკანასკნელი, სამაგიეროდ ამის მერე შემიყვარდა ბჰუტანი და თხიმთხუ და გეოგრაფობა გადავწყვიტე. არაორდინალური მთლად კარგად ვერ მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო, ამიტომ გასაუბრებაზე იმავე დღეს რუბიკის კუბიკით წავედი. ეს კუბიკი წინა ღამეს დამხვდა ჩემს კარებთან და თან აწყობილი... ვინ მოიტანა, საიდან მოვიდა აზრზე არა ვარ, აქაც უცხოპლანტელებზე მაქვს ეჭვი...
ხოდა იმავე დღეს მინიშნებულ მისამართზე მივედი. გეოგრაფობაც გამოვიყენე და ადვილად მივაგენი. იანვრის ყინვით სავსე დღე იყო და ფეხსაცმელი არასაიანვრო მეცვა, ცვეთის უკანასკნელ სტადიაში, მაგრამ სანამ ახალ ფეხსაცმელს შევიძენდი ფული ხომ უნდა მეშოვნა, თან მალე გაზაფხულიც მოვიდოდა და ახლა რომ საზამთრო ფეხსაცმელი მეყიდა, გაზაფხულზე საზამთრო ფეხსაცმლით ხო არ ვივლიდი, ამიტომაც ძალიან არც ვჩქარობდი ახლების ყიდვას. თან უცხოპლანეტელების იმედზეც ვიყავი, რა იცი ერთხელაც და ჩემი ზომა ფეხსაცმელი დატოვონ კარებთან, მერე რა ვუყო ორ წყვილს და თან ორივეს საზამთროს...
სოლიდური ფირმა ავეჯის კომბინატი ყოფილა. პატარა გორგოლაჭებზე შემდგარი დიდი რკინის ჭიშკრით, რომელსაც ასევე რკინის ღეროებით ‘კიდობანი~ ეწერა. ჭიშკრის გვერდით პატარა, აგურის მინაშენი იყო. ფანჯრიდან დავინახე ვიღაც გამოუძინებელი კაცი იჯდა შეშის ღუმელთან და ამთქნარებდა. უხერხულად კი მომეჩვენა, მაგრამ მაინც დავაკაკუნე და კარი გავაღე. ფირმა კიდობანი აქ არის-მეთქი, ვიკითხე. შენ რა, კითხვა არ იციო? კითხვა რომ ვიცი, იმიტომაც ვიკითხე-მეთქი. არა, ქართულის კითხვა თუ იციო?! იცი რა დაჯდა ეს წარწერა გარეთ, ჭიშკარზეო?! მე არ ვიცოდი რა დაჯდა წარწერა და გამოსვლა დავაპირე, დარაჯი რომ ასე შარიანია, დირექტორი რა იქნება-მეთქი, ჩავილაპარაკე და მეო დირექტორი ვარო... დარაჯიც შენ ხარ და დირექტორიც-მეთქი, - დამლაგებელი არ დავაყოლე, რა ვქნა, სამუშაო მე მინდოდა მას კი არა და არაო, _ აბა დარაჯი სად არის-მეთქი, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ფირმის დარაჯის ნახვაზე ვოცნებობდი. რაღაც თავი მტკივა და ციტრამონის საყიდლად გავუშვი, მოვკვდი გუშინ იმდენი ვსვი, ქართველებმა ხო ქეიფი არ ვიცითო... პირველი იანვრის მერე არ გამოვფხიზლებულვარ, ესაა საქმეო?! დამისვა კითხვა... სოლომონ ბრძენის ამბავი ხო იცი-მეთქი? რომელიო? რომელი და ერთხელ სუფრაზე რომ უგონოდ დათვრა და მიეძინა-მეთქი? არაო - დაინტერესდა, ხოდა წამოვიდა დილით სახლში თავისი ვირით, თან უგუნებოდ და დარცხვენილი, რომ ზომაზე მეტი დალია და სალათის თეფშზე თავდადებულს ეძინა. გზაში პატარა ღელე უნდა გაევლოთ. ვირი მოწყურებული იყო და წყალი დალია. სოლომონ ბრძენი ჩამოქვეითდა და ეუბნება ვირს - აბა კიდე დალიე ჩქარაო, არ დალია ვირმა, როგორ არ ეჩხუბა, როგორ არ ემუდარა არაფრით არ დალია ვირმა მეტი წყალი. მე ვყოფილვარ ვირი და შენ ყოფილხარ ბრძენიო, უთხრა ბოლოს დანანებით... მოვყევი ეს ამბავი და გვიან ვიკბინე ენაზე... როგორია, ჯერ სამუშაო არ დაგიწყია და უფროსს ეუბნები ვირი ხარო... არ წყენია, პირიქით გაუხარდა კიდეც, რატომ აქამდე არ ვიცოდი ეს ამბავიო და მერე დარაჯიც რომ მოვიდა ერთი დასტა ციტრამონით ხელში, თვითონ რომ დალია ერთი ტაბლეტი, დამპატიჟა კიდეც, შენც ხო არ დალევდი ერთსო? არ მადლობთ მთელი იანვარი სულ დალევასა და სმაში ვარ-მეთქი...
მერე მეუბნება შენ დარაჯის ნახვა გინდოდა თუ ჩემიო, არა სამუშაოს-მეთქი. წამოდი მაშინ კაბინეტში გავაგრძელოთ კასტინგიო.
ლამაზად მოგვილ-მოწესრიგებული ეზოს შუაგულში ცენტრალური ოფისი იყო. უფრო სიღრმეში გრძელი შენობები იყო ჩამწკრივებული, ალბათ იქ ამზადებდნენ ავეჯს. იქვე მორების სახერხი ჩანდა და ქარის წისქვილი. წისქვილის ფრთებს იანვრის ქარი უბერავდა და აბრუნებდა. ხო არაფერია, მაგრამ გაგიხარდება კაცს რაღაცას ამუშავებულს რომ დაინახავ. ოფისში ავედით. ეტყობა რემონტი ახალი ჩატარებული ჰქონდათ - სისუფთავე და რაც მთავარია სითბო იგრძნობოდა. ის კი არა, დერეფანში რომ მივდიოდით ერთი ოთახიდან ყური მოვკარი გოგო როგორ ეჩხუბებოდა ბიჭს, დაუწიე მაგ ‘ზიმა-ლეტას~ ცოტა, ოფლად ვიღვრები, ან გამიშვი გაგრაშიო... ბიჭმა გაგრაში გაუშვა თუ არა გოგო, პოლიტიკური კლიმატიდან გამომდინარე, ვერ მივხდი, იმიტომ რომ ამასობაში კაბინეტშიც შევედით.
პროფესიით რა ხარო, გეოგრაფი-მეთქი. კარგიაო. ზუსტად ეს გვჭირდებაო. აბა _ ბჰუტანის დედაქალაქი მითხარიო. ‘ვაა~-მეთქი კი გავიფიქრე და თხიმთხუ-მეთქი. აგრძელებს: კაცო, ამას წინათ საბავშვო ატლასი გადავშალე და ეს შემხვდა. რა სახელები აქვთ, რა სჯობია საქართველო, გეორგია, თბილისი. ნახე რა ტკბილხმოვანებააო, _ ხო მაგრამ ეს ჩვენთვის და იმათთვის შეიძლება ჩვენ ვართ თხიმთხუ-მეთქი... ხო, კაი, გავანებოთ თხიმთხუს თავი, საერთოდ ამ თანამდებობაზე გოგონა სჯობს, გამოგიტყდებიო (თითქოს გესტაპოს ოფიცერი ვიყავი...). მეთქი გაუქანე ახლა და ლეწე, მაგრამ სამუშაოც რო მინდა? საწყენად არ მიიღო, უცხოელ დელეგაციებს უნდა დახვდეო, მაგრამ ჯერ არ გვწვევია არავინ და არც ეს არ არის პრობლემაო. ოღონდ ყოველ დილით ინტერნეტში ელექტრონული ფოსტა უნდა შეამოწმო, პაროლი ადვილია კიდობანი13, უწერტილოდ, უტიროდ და უინტერვალოდო. რატომ მაინც და მაინც 13, 14 მაინც ყოფილიყო-მეთქი. მაგაზე არ იდარდო შენ, წინა ინვაიტ-მენეჯერიც მეყო მაგაზე რო დარდობდაო და ის სადღაა-მეთქი, ლამაზი იყო და ცოლმა იეჭვიანა არცთუ უსაფუძვლოდ და კატეგორიულად მომთხოვა კაცის აყვანა, გაგიმართლაო... ხო მართლა, არაორდინარული რითა ხარო, _ მკითხა, მეც ვუთხარი აი, აწყობილი რუბიკის კუბიკის დაშლა ვიცი-მეთქი... შავი პარკიდან წინა საღამოს ნაპოვნი კუბიკი ამოვიღე, აწყობილი იყო და დაშლა დავიწყე. ყოჩაღო, აბა ახლა ისევ ააწყვეო, _ არა მე მარტო დაშლა ვიცი-მეთქი, _ არა უშავს, მიდი ახლა კადრებში, ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმეთ და ხვალიდან სამუშაოზე გელიო...
რო გამოვდიოდი, შემაჩერა, მთლად შენ სამსახურში არ შედის, მაგრამ სავარძლები გამოვუშვით ‘ტროიკა~ ახალი და ხვალ სარეკლამო სლოგანი მომიტანე რამე, არაორდინარულიო...
ხელშეკრულება გავაფორმე, ხელიც მოვაწერე. სამასი ლარი ხელფასი კი მეპატარავა, მაგრამ მუშნი რომ ამბობს ზარანდია, ხელფასი უნდა ეყოს კაცს და არა კაცი ხელფასსო, თუ რას ამბობს? თან ‘ზიმა-ლეტას~ ხათრით უარი არ ვთქვი და უცხოპლანეტელების იმედად ვიყავი კვლავ. იმ დღეს პაემანზეც მოვასწარი მისვლა, კარგი გოგო იყო, მაგრამ სახლში დაპატიჟებაზე სასტიკი უარი განმიცხადა, _ რა ცუდი ხარ, ვიცი რატომაც მეპატიჟები სახლშიო, _ საიდან იცოდა რომ სახლი ორი თვის დაულაგებელი მქონდა, ვერ ვხვდები. ჩაის სახლში ყავა დავლიოთო, კარგი-მეთქი - გადამიქანდა გული. ვიყავი ადრე იმ ჩაის სახლში სხვა გოგოსთან ერთად და ორი ულუფა ჩაი ათი ლარი დაჯდა. მე მხოლოდ ექვსი ლარი მქონდა და იმ გოგოს ვალი დამედო, თუმცა არ გადამიხდია ჯერ. სადაც ჩაი ამდენი ღირს, ყავა რა ეღირება-მეთქი ვფიქრობდი და დაცვამ რომ მითხრა, უკაცრავად ადგილები არ არისო, კინაღამ ვაკოცე - ‘უცხოპლანეტელი~ მეგონა... მერე ორი საათი ვიჯექი იანვრის მზით ოდნავ შემთბარ ‘ვარდების~ ბაღში და ორი საათი მიკითხავდა არ ვიცი საკუთარს თუ ვიღაც-ვიღაცეების ლექსებს... მე კი დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი კედელზე მიხატულ ყელზე ბანტშემბულ ძროხას და სარეკლამო სლოგანზე ვფიქრობდი...
პაემანმა შედეგი გამოიღო. მეორე დღეს სლოგანი მზად მქონდა: ჩვენს სავარძლებში ძროხაც კი კარგად გრძნობს თავს...
არ მოეწონა, ცოლმა რამე არ იფიქროსო, რა უნდა იფიქროს, თან ინდოეთში ძროხას აღმერთებენ-მეთქი. ხო, მაგრამ ინდოეთში ხო არ ვართო...
ხო კარგი, სლოგანებს თავი დაანებე და შენს სფეროს მიხედეო... ოთახი გამომიყვეს, დიდი არ იყო, მაგრამ მაგიდა, სკამი და ინტერნეტში ჩართული კომპუტერი მქონდა... რა ცოტა რამეა სრული ბედნიერებისთვის საჭირო...
იანვრიდან ივლისამდე ვიმუშავე...
არცერთი დელეგაცია არ ჩამოსულა... სამაგიეროდ გულდასმით ველოდი... ყოველ დილით ვამოწმებდი ელექტრონულ ფოსტას. იქ კი ერთი და იმავე შინაარსის წერილები მხვდებოდა: ‘ვოტ ვილაჟილა ნოვიე ფოტკი, პასმატრიო~, - ცუდი ყოფაქცევის უცხოპლანეტელები თუ იყვენ ალბათ. ვუყურებდი ამ სურათებს და მცხვენოდა...
თან, რაც ინვაიტ-მენეჯერი გავხდი სიზმარი დამჩემდა ერთი: თითქოს რომელიღაც კუნძულის მეფე ვარ და ლამის ტიტველი მოდე¬ლები მახვევია თავზე...
ამ ამბიდან ცოტა ხანში ერთი ცნობილი ფირმის სარეკლამო ბილბორდები გამოჩნდა სავარძელზე წამოგორებული ბედნიერი, თვითკმაყოფილი მზერით აღსავსე ჭრელი ძროხით... იმ ფირმამ საიდან გაიგო ეს ჩემი იდეა, ახლაც არ ვარ აზრზე...
თანამშრომლებთან თბილი ურთიერთობა მქონდა. არ ვიცი ეს ‘ზიმა-ლეტას~ დამსახურება იყო, რომელიც ყოველ ოთახს თანაბრად ათბობ-აცივებდა თუ უბრალოდ კოლექტივი იყო კარგი. ერთხელ მაფრთხილებენ, ხვალ რევიზია მოდის და იცოდე არ დააგვიანოო. რევიზია ვინღაა-მეთქი და ჩვენი უფროსის უფროსი, ანუ მისი ცოლიო. იმ ღამით უცხოპლანეტელი მესიზმრა, თითქოს წერილი გამომიწოდა და წაიკითხეო მითხრა, წავიკითხე. `არც შეიყვარო, არც შეგიყვაროს - გაიყინები~, - ეწერა წერილში. დაახლოებით ისეთი წერილი იყო ნოსტრადამუსის ცენტურიები რომ არის. ვიფიქრე, ალბათ რევიზიის ვიზიტს ეხება, მე კი არ შევიყვარებდი, მაგრამ ის რა ვიცი რა თვალით შემომხედავდა. ამიტომ მთელი დილა ვვარჯიშობდი, როგორმე იდიოტური შეხედულება მიმეღო, რაც არ გამჭირვებია. მართლაც, მეორე დღეს ადრე მივედი, კომპიუტერი ჩავრთე და კარებზეც დააკაკუნეს. მე ნავარჯიშევი გრიმასა მივიღე და მობრძანდით მეთქი, თურმე დამლაგებელი იყო, ცოცხი კინაღამ გაუვარდა... რა გჭირს რა სახე გაქვს, რამე ხო არ დაგემართა, სასწრაფოში ხო არ დავრეკოო, - მკითხა შეშინებულმა, ე. ი. ვარჯიშს ამაოდ არ ჩაუვლია...
მერე რევიზიამაც შემოიხედა. არაუშავს, ლამაზი ქალი ჩანდა. მაგრამ ისე იყო შეღებილ, გაკრასკული, თავიდან რომელიღაც საღებავების ფირმის რეკლამა მეგონა. რა ხდება, მოდიან უცხოელი დელეგაციებიო, - მკითხა. რაცხა არ უჩანს მაგის პირი-მეთქი, ვუთხარი და ნავარჯიშევი გრიმასით გავიკრიჭე. ‘უი რა საყვარელი ხარო~, - მითხრა. კინაღამ ინფარქტი მივიღე. თურმე გადავრჩი. მერე არც შემოუხედია.
აი ივლისსაც გადავაგორებ და ზღვაზე წავალ-მეთქი ვფიქრობდი... თურმე მწარედ...
გუშინწინ კაბინეტში მიბარებს და ცოლს გავეყარეო, _ ვითომცდა ძალიან მანერვიულებდა ეს საკითხი, _ თან, პარლამენტარმა მთხოვა ერთზე, სამუშაოზე უნდა მოვაწყოო, და... ზუსტად არ ვიცი ჯერ... თუ მოვიდა წყენა არ ჩაიდო გულში, ხელშეკრულება მაინც გითავდება და არც მაგინოო...
კაი-მეთქი, დავპირდი...
ხო, დღეს დილით ჩვეულებრივ მივედი სამსახურში...
ის კი მისაღებში იჯდა. ისეთი ლამაზი იყო, სიზმარი გამახსენდა უცებ, კუნძულის მეფე რომ ვარ და თითქმის ტიტველი მოდელები თავს რომ მახვევია, იმ მოდელთაგან ჰგავდა ერთ-ერთს. რომ დამინახა გამიღიმა. ვიფიქრე მიცნო და მეც გავუღიმე - მეფურად. ის იყო შეყვარებას ვაპირებდი, იმან კი, ბატონი ჯემალი თქვენ ბრძანდებითო? _ დირექტორს ერქვა ბატონი ჯემალი. ჯერ-ჯერობით არა-მეთქი და ბატონი ჯემალი მალე მოვა, მე ის ვარ ინვაიტ-მენეჯერის თანამდებობაზე რო უნდა დავიწყო თქვენთან მუშაობაო, - გამახარა ვითომ. არ ვიცი ქალიშვილო, ნოლ-ცხრაზე დარეკეთ-მეთქი და ცხვირი აიბზუა...
არავის არ დავმშვიდობებივარ, არ მიყვარს ეს ცერემონიები, ავიღე ჩემი თუ რუბიკის კუბიკი თავის შავ პარკიანად და წამოვედი, სხვა არც არაფერი იყო ჩემი...
ღამე კი ძალიან სიზმრიანი გამომივიდა:
პირველი სიზმარი: ასფალტიჭამია მომსდევდა სევდიანი თვალებით და თან მაზუთგადასხმულ ასფალტს ისე ჭამდა, როგორც კარაქგადასმულ პურს. ასეთი სევდიანი თვალები რატო გაქვს-მეთქი, ვკითხე, _ აბა ჭამე ყოველდღე ასფალტი და ერთი ვნახავ რა თვალები გექნებაო, _ ვინ გაძალებს-მეთქი. შენ ვერ გაიგებ, უცნობი ხარ და უცნობს გული რატო გადაგიშალოო, თან რა ვიცი, იქნებ მერიაში გყავს ვინმე ნაცნობიო. მაშინ რას მომსდევ, რომელი შენი ძმაკაცი ვარ-მეთქი, _ საიდან მოიტანე რომ მოგსდევ, უბრალოდ დრო-ჟამმა ამ მომენტისათვის ერთად შეგვყარა და ჩვენი გზები ერთმანეთს დაემთხვნენ, ეს არის და ესო. შენ რა ფილოსოფიურად მოაზროვნე ასფალტიჭამია ხარ და რა მიზნით დამესიზმრე, ის მაინც მითხარი-მეთქი, _ არ გეყო ის სიზმარი, კუნძულის მეფე რომ ხარ და ლამის ტიტველი მოდელები რომ დაგტრიალებენ თავსო, თქვა და წავიდა, ასფალტის ჭამით გააგრძელა გზა... მე სხვა სიზმარში გადავედი უცებ, გვერდი თუ ვიცვალე ალბათ...
მეორე სიზმარი: სიღნაღში, ფიროსმანის სახლ-მუზემში ვარ. შესასვლელში, იქვე, ტყვია გაუმტარ მინაში მილიონი დოლარი დევს რომელიღაც ბანკის სარეკლამოდ ალბათ და მწვანედ ხასხასებს, თან ოთხი მთასავით ქართველი იცავს, ზემოდან კიდე ვიდეო იღებს. ვფიქრობ, რად უნდათ ტყვილად რომ უდევთ, მომცენ ეს მილიონი, რამდენ რამეს გავაკეთებდი. რას გავაკეთებდი?! რა ვიცი რას გავაკეთებდი, ალბათ ბანკში შევიტანდი, პროცენტებით ვიცხოვრებდი... ხოდა კი არის ბანკში და ახლა სხვა ცხოვრობს ალბათ პროცენტებით... უცებ მუზეუმში ნიკალას ვხედავ, აი ფიროსმანის ქუჩაზე რომ პატარა ოთახი ქონდა კიბის ქვეშ, იმ ბინაშია თითქოს. ის ბინაც ფიროსმანის ქუჩიდან ახლა თითქოს მუზეუმში აქვთ გადმოტანილი. მინდა მივიდე და ვუთხრა, რომ ძაან მაგარი კაცია, რომ მის ნახატებს მთელი მსოფლიო განცვიფრებაში მოჰყავს, რომ მისი ნახატები ამ მილიონზე ძვირი ღირს და ნაბიჯიც ვერ დავძარი. დაჭედებული ვარ თითქოს. უცებ პიკასო შემოვიდა მოლბერტით და ნიკალას ეხვეწება, ერთი წამი გამიჩერდი, დაგხატავო. ნიკალამ კიდე, აჰა და წამიც გავიდა, მეტს უკვე ვერ დაგელოდები, დუქანი მაქვს მოსახატი, შენც წამო, ერთად მოვხატოთ და მერე კარგად ჩავუჯდეთ იქვე დუქანშიო. ხო კაი, მერე დაგხატავ მაშინო, _ პიკასომ და წავიდნენ. გული დამწყდა, რომ მე არ დამიძახეს. ამ დროს კარებზე აკაკუნებენ, რუბიკის კუბიკი იყო აწყობილი და მიცინოდა. რას მიცინი შეჩემა, ვალი კი არ მაქვს შენი ასი ლარი-მეთქი, _ ვუთხარი გაბრაზებულმა. ნიკალას გამარჯობაც რომ ვერ ვუთხარი, ამის გამო კუბიკზე ვიყარე ჯავრი და პასუხად სიმღერა დაიწყო, ‘სულ მარე ლუჩიტა, ლასტრო და ჯენტო...~, რა შუაში იყო. არ მიყვარს აწყობილი რუბიკის კუბიკები, თან მომღერალი. მოვკიდე ხელი და ავშალე, ამასობაში მეორეც მოვიდა, ისიც აწყობილი, ‘დდტ-ს~ სიმღერას მღეროდა, ‘ეტო ვსიო, ჩტო ასტანეტსია, პოსლე მენია...~, ისიც ავშალე, მარა რად გინდა? მოდის და მოდის ეს აწყობილი რუბიკის კუბიკები, თვლა არ აქვს. მოდიან, მე ვშლი, _ ბოლოს ვხედავ მთელი ქვეყანა, ხალხი, პარლამენტი, პრეზიდენტი, რუბიკის აწყობილი კუბიკებია და პინკ-ფლოიდის სიმღერა რომ არის ‘ედუკეიშენ~, ‘კედელიდან~ იმას მღერიან, თან მწყობრი ნაბიჯებით მოდიან და მე გავრბივარ... ისევ იმ სიზმარში, კუნძულის მეფე რომ ვარ, მინდა მოვხვდე, მაგრამ უცებ...
მესამე სიზმარი: გერმანიის ნაკრები ესპანეთის ნაკრებს ხვდებოდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. პირველი ბურთი ბალაკმა გაიტანა, მეორე კლოზემ... მერე ტორესმა ლამს მოქაჩა უკნიდან, კარიდან უდროო დროს გამოსულ ლემანს დაასწრო და ერთი ბურთი გაქვითა... მე ათი ლარი მქონდა დადებული გერმანიაზე და მეორე დღეს ოცდაცამეტი ლარის ასაღებად მივედი. ტოტალიზატორის მოლარემ, გერმანიის მოგება რა, სიზმარში ნახეო, ხო-მეთქი და შენ საიდან იცი-მეთქი, ხოდა სიზმარში აიღე მოგებული თანხაო და გამიღიმა, თითქოს ის სიზმარიც იცოდა კუნძულზე მეფე რომ ვარ... მეც გამოვედი ტოტალიზატორიდან და იმ სიზმარში მინდოდა შესვლა, ოცდაცამეტ ლარს რომ ავიღებდი, მაგრამ ამაოდ..
მეოთხე სიზმარი, ყველაზე შავი. ოტელო ვარ, ის მომენტია ზუსტად დეზდემონას რომ ვახრჩობ, დეზდემონა კი ის ქალია, ახალი ინვაიტ-მენეჯერი და გამეღვიძა... უფრო სწორად ხმაურმა გამაღვიძა, რუბიკის კუბიკი იყო გადმოვარდნილი წიგნის თაროდან, თან აწყობილი... ნეტა ვინ ააწყო... ააა, გამახსენდა, სამსახურიდან გზაში ავტობუსისთვის ორმოცი თეთრი არ მქონდა მისაცემი, ვნერვიულობდი და უაზროდ ვატრიელებდი ხელში, ალბათ მაშინ ავაწყვე... უცებ სიზმარი აღვიდგინე, ბოლო. გასაგებია სპეცსამსახურები რომ ხალხს ჩუმად უსმენს, ნეტა სიზმრებსაც თუ ათვალიერებენ... მოკლედ ადამიანის მოკვლას კუბიკმა გადამარჩინა... კიდე კარგი დროზე გამაღვიძა...
დილაა. კარები გავაღე - უცხოპლანეტელებმა დამიტოვეს იქნებ რამე-მეთქი. სარეკლამო განცხადებების უფასო გაზეთიც არ იყო. ეეე, იმათაც დავავიწყდი. წავედი. უფასო რეკლამა უნდა გავაკეთო რომელიმე გაზეთში...
..ახალგაზრდა კაცი, არაორდინარული აზროვნებით და უმაღლესი განათლებით, ეძებს სამუშაოს... მაქვს ინვაიტ-მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის ექვსთვიანი სტაჟი...~
10.07.2008 წ.