(ლევან დევაძეს)
............................
ცხოვრებას ნაჭუჭს
სააღდგომო კვერცხივით აცლი,
წვიმების სეზონს
მიწურული ოქტომბრის კვეთავს
და რაც დრო გადის გულის ნაცვლად
არეში მარცხნივ -
გიფეთქავს დედა...
ცაა ისეთი თითქოს ამინდს
შენს სულს სწირავდნენ
და შემოდგომის ბოლო დღეებს
აკლდებათ სითბო,
რჩები მარტო და გრჩება განცდა
რომ სიკვდილამდე -
მოკლულხარ თითქოს...
მაგრამ იმედი იმედია!..
ის პირველ ყოვლის -
ჯვარზე გაკრული ღვთის სისხლივით
ტკივილზე წვეთავს...
და გჯერა ცამდე
რომ იანვრის პირველი თოვლი
ჩამოთოვს დედას!..