ისე ცოტანი ვართ
ქართველები,
ვით ვერცხლის ხეზე ოქროს ჩიტები,
ერთი – ამირანი და ერთიც – ნათელა
არაბოროტები და არაფლიდები.
გვაქვს
ერთი მალამო გულის გამთელების –
ფერფლის და ძვლების დიდება,
თვალები ჩვენი ისე ნათელია,
როგორც არაგვის დინება.
ნეტავი,
ვინ ვართ
ქართველები?
ერთი – ლელა და ერთიც – მინდია,
თითო ქართველი – თითო სანთელია,
თუკი საწუთრო ბინდია.
ნეტავი,
ვინ ვართ
ქართველები?
ერთი შოთა – და ერთიც – თამარი,
როგორც სვეტიცხოვლის ციცინათელები,
ისე ნათელი და თამამი.
ალბათ
სხივები ვართ ნაზი გათენების,
ღრუბლები რომ ვერ ბინდავენ,
ისე ცოტანი ვართ ჩვენ, ქართველები,
რომ ყველას მოფერება მინდა მე.
ნეტავი, ვინ ვართ ქართველები?