შეგყურებ როგორც მორწმუნე წმინდანს,
თუმცა მატულობს სევდა და ჯავრი,
ჯერ მხოლოდ შენი სიცოცხლე მინდა,
თორემ სიყვარულს სწერია ჯვარი.
ისევ ვკითხულობ ბლოკსა და პუშკინს
და ზეციური გალობა მესმის,
როცა დაღლილი თვალების შუქში
დაიბადება ახალი ლექსი.
თითქოს განგების თვალებით მიმზერს
ზეცა, რომელმაც მასწავლა ფიცი
შეყვარებული გოგონაც ვიცი.
ვიცი, ტკივილი გამაქრობს ბოლოს,
ვერც რას გავხდები შიშით და ძრწოლით,
ისევ გრანელის ცხოვრებით ვცხოვრობ
და იმედებსაც მისხლობით ვწონი.
ისევ არაფერს ვაბრალებ იღბალს,
თვალბედნიერი პოეტის ქნარით,
სიზმარში ისევ შემოდის ვიღაც,
რომ ამაშოროს არყოფნის ქარი.
შემოდის სულში ზეციურ ბინდად
შორეულ გზებზე დაღლილი ჯარი,
დღეს მარტო შენი სიცოცხლე მინდა,
ხვალ სიყვარულსაც სწერია ჯვარი.
ჯვარი სწერია იმ წლებს და იმ გზებს,
თორემ დღითიდღე ძნელდება ფიცი,
რადგან ლექსების პაწია წიგნზე
შეყვარებული გოგონაც ვიცი.