Litclub.ge

*** "ნაზამთრალ ზეცას"
ნაზამთრალ ზეცას მორღვეოდა ნისლის საკინძე,
ცაცხვებში სხივი ცრიატებდა _ მკრთალი და ციდა
და გაზაფხულის ნაადრევი სიმამლაყინწე
მრავალჭირნახულ შემოდგომას ნერვებზე შლიდა.
მზე იღვიძებდა _ ნათლიერის თვითნაბადი მზე _
და სოფლის ყველა ბინადარი _ გარე თუ შიდა _
ხედავდა, როგორ ეცემოდა ნაცნობ ბაგინზე
სიკვდილმისჯილი ანგელოზი _ ჩუმი და წმიდა.
ლამობდა სული _ ავეტაცე, ალმად ვჭეროდი
და ზეცის კართან მივებჯინე მთის კენწეროთი;
რა ფუჭი იყო მისი ფრთონვაც, მისი ფაფხურიც, _
ელავდა ცელი _ სიკვდილივით ცივი და მკაცრი
და პროცესიას მიჰყვებოდა მზე გაზაფხულის,
ვითარცა უცხო სინამდვილის ფერმკრთალი ასლი...