კმარა, ულისევ, ნუღა ფიქრობ შენს ითაკაზე, _
ქარს გაატანე ძველი ხსოვნა წყალთა, მდელოთა,
სადაც ოდესღაც მშობლიური კერა გელოდა, _
კმარა, ულისევ, ნუღა ფიქრობ შენს ითაკაზე.დათმე წარსული, _ ალამდრობა და სითავკაცე, _
კვლავაც მოგელის ცისკრის ბრწყინვა, მწუხრის ბნელობა
და ეზოს ჩრდილში მოთმინებას ქსოვს პენელოპა, _
ნუ ფიქრობ, ძმაო, კვლავ ნუ ფიქრობ ძველ ითაკაზე.
ტოკავს თავი და შესართავი, ბრუნავს დრო-ჟამი
და ტროას კართან გელოდება სპა აბჯროსანი;
ხსოვნის ფურცლები აქერონის ქარმა დახია,
მაგრამ ჩვენს გზებზეც იგივ ნგრევა და პარტახია
და ისევ მოაქვთ ჰექტორისთვის ცინკის საკაცე, _
კმარა, ულისევ, ნუღა ფიქრობ შენს ითაკაზე...