წაიკითხეთ... წაიკითხეთ თორღვაის ლექსები:
მიუშენეთ... მიუშენეთ იმედს _ იმედი...
შეუდექით... შეუდექით მამულს ბეჭებით...
ატარეთ სიტყვის საბეჭური და უეჭველი _
ფხოველ სარანგის ნასწორფრალი ვერცხლის ბეჭედი...
ამოიყვანეთ თორღვას მთვარე თქვენი ბეჭიდან!!!
ნუღა წახვალთ სანადიროდ ძველი ურმებით...
მოძებნეთ თოვლზე საკუთარი ნაფეხურები:
როცა ლომის კვალს გადაკვეთავ _ ლომად იქცევი!?
როცა კურდღლის კვალს გადაკვეთავ _
კურდღლად იქცევი?!
ნუ გაებმევი შინაური დათვის ხაფანგში!..
ნუ დაიფქვები შინაური დარდის საფქვავში...
გაიხსენეთ... გაიხსენეთ მტრების პორტრეტი:
მათი თვალებით დამარხული ჩვენი აპრილი...
ჩვენს საფლავებზე აღმართული მათი სალპინგი*...
წაიკითხეთ... წაიკითხეთ ვაჟას ლექსები,
დაიხსომეთ `გველის მჭამელი~...
ამოივსეთ მწარე სულის ადათ-წესებით...
გველის ნაკბენი მოიშუშეთ _ გველის წამლებით...
შეაჭამეთ... შეაჭამეთ კამეჩს თვეები:
გაზაფხულები... ზაფხულები... შემოდგომები...
გაიხსენეთ ჭიანჭველას ძველი ომები (?!)
არ შეაჭამოთ კერძო ვირებს** ნედლი კვირტები _
არ დამიღეჭოთ ჩემი ლექსის მანუსკრიპტები***!!
------------------------
* სალპინგი _ მკვდრების საყვირი
** კერძო ვირი_ ვირზე უდიდესი, ანუ ჯორი (საბა)
*** მანუსკრიპტი _ ძველი ხელნაწერი