Litclub.ge

კაცი-არაქაური
ტყისკენ გარბოდა ცელქი ბილიკი,
ნაირგვარობა ჩანდა ჩეროთა...
კაცი _ ქარებზე დაყრდნობილი კი
ხორშაკგადავლილ ცას გასცქეროდა.
მან განიცადა ხილვით ღმერთი და
ყოფნა _ მსუსხავი ჟამ-ხაროებით...
იდგა, ესმოდა ცისმიღმეთიდან
ხმები _ შორეულ სამყაროების...
დუმდა ზენური მზერით მზირველი,
არ ეკუთვნოდა აქაურობას...
კაცი _ ვეება ტანჯვის მზიდველი _
იდგა და მასში ზღვა ხმაურობდა.