Litclub.ge

ნეგატივი
ნინო დარბაისელს

წარმოიდგინე ქალაქი პირიქით:
მაღალი ამწეები ცათამბჯენების საძირკვლებთან,
სადაც ჯერ ეს სახლები არ ჩანს
და ხრიოკ მიწას ამშვენებს მხოლოდ
ღრუბლები, ოქროსფერ მაგრამ ცარიელ ცაზე.
წარმოიდგინე ცხოვრების ნეგატივი:
გინდა მიუძღვნა შენი ხსოვნა
იმ დავიწყებულ, ვერგამოცნობილ
ადამიანებს,
ვისთანაც ცხოვრობდი, ადრე თუ გვიან, ასი, ორასი ან
მეტი წლის წინათ, მოვიდა დრო და დაემშვიდობე,
აღარც გინახავს.
თუ გინდა უთხრა: მე შენ მახსოვხარ, ძველებურად,
როგორც მიყვარდი, თუმცა ვერ გხედავ, აბა
სად ხარ?
მიჩურჩულე,
ხელით მანიშნე,
დამიქნიე ხელი ქუჩაში,
მითხარი: მე ვარ,
ეს მე ვარ, მიცანი?
წარმოიდგინე ნეგატივი:
აღარასოდეს აღარ კარგავ საყვარელ ნივთებს,
ნაცნობ ხმებს და საკუთარ თავზე უფრო ძვირფას
ადამიანებს.
შეგიძლია წარმოიდგინო?