Litclub.ge

იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი...
იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი ჭეშმარიტების,
თვინიერ ცოდვის, ანგარების, ამაოების...
მათ საფლავებზე მზე ამოდის ნათლის დიდებით
და კამკამებენ მოელვარე საღამოები.
იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი ჭეშმარიტების,
ერთი სახელი ერქვა ყველას _ კაცი კაცური...
შენ ვინც იმათი სიყვარულის ცეცხლით ინთები,
გასწი უშიშრად, ეს მღელვარე ზღვები გასცურე.
ნავსაყუდელი ელის მშვიდი ნაბრძოლ-ნაწამებს,
ვით გაზაფხული მოსდევს ზამთარს _ ამყვავებელი.
უკვდავებისთვის შესწირვიდე წარმავალ წამებს,
უსიყვარულო წუთისოფლის არ მყვარებელი.
იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი ჭეშმარიტების,
მოგვშუქებია ჩვენ იმათი დიდი ნათელი,
ვიაროთ ამ გზით, სიყვარულით, ჭირის დათმენით,
ოღონდ გვანთებდეს რწმენის ცეცხლი და ჟრუანტელი.