Litclub.ge

პოეტთა სუფრა
თიხის ფიალით ვაჟა თამადობს,
შორიდან ისმის ყვავილთა სუნთქვა,
ჩარგალში მზისებრ უკიდეგანო
ზეიმობს ქართველ პოეტთა სუფრა.
აბაშიძეებს სურთ, რომ დალიონ,
გამსახურდია აქებს ჩაუქებს,
პირისპირ უზის ნოეს ალიო,
ომი ვერ აკრთობს ფიცხელ ჭაბუკებს.
იწვის შამფურზე მწვადები ირმის,
ილია ჯავრობს მოწყენილ მამულს,
ბარათაშვილის მერანი მიქრის
და რობაქიძე უცდის გაზაფხულს.
მოსაშვილი კვლავ გომბორზე ფიქრობს,
აბაშელს აკრთობს მზე და ჰაერი,
ქართველი დედა ატირებს სიმონს,
სიცხიანია, არ სვამს გრანელი.
უჭირს დასტამბვა ლადოს ნაწერის,
ლაღობს აკაკი, სუფრას ამშვენებს,
ტუჩმოვერცხლილი ჯიხვის ყანწები
უხმოდ შეუსვამთ ცისფერყანწელებს.
გრიშაშვილი წერს, ლამაზებს ამკობს,
გოგლა გართულა ყივჩაღზე ფიქრში,
თავისთვის ზის და არაფერს ამბობს
სამადაშვილი ალუბლის ჩრდილში.
დალოცა ერი, ვაჟა ღვინოს სვამს,
გალას სულს უმღვრევს ვიწრო ქვეყანა,
ჩახუტებია კრავი ფიროსმანს
და ურმულს მღერის დედასლევანა.