თბილი ნიავი
ბავშვივით მკოცნის,
დგას გაზაფხული
იისთვალება,
თითქოს ახლახან
ვიყავი ოცის,
უცნაური და...
ცოტა თავნება.
ვიყავი ოცის,
სავსე ოცნებით,
მივუყვებოდი
ბილიკებს აღმა,
მერე გაფრინდნენ
წლები _ ფრთოსნები
და ნაჩუქარი
ყვავილიც გახმა...
დღეს სხვებს ამშვენებთ
წარმტაცი ოცი,
ჰგვანან ირმებს და
ტალღების ღელვას,
ვჩუქნი ღიმილს და
ვაცილებ ლოცვით:
_ ღმერთო, მშვიდობით
ატარე ყველა...