Litclub.ge

საბაქართული
შვილიშვილს _ საბა გახარიას
ეს სიტყვა გულში აყვავდა, ვით გულისაბას ყვავილი,
მერმე ხელებში აბალღდა _ გულითვე ამოყვანილი.
ამირანისძედ ვიოცე, როს ჩავამთვარდი თვალებში,
ავდექ და, დედიშობილა, გავფუთნე ცის ფართალებში.
ირმის რძე ჩამოვუწველე, არც ხოხბის დამიკლია და
ჯავრისქვაც გავაკბეჩიე, როგორც კი დაკბილიანდა!
ღვთისმშობელს მოვანათლიე _ მცხეთას ნადუღი მირონით,
ფასკუნჯის ფრთებით ვუჭალე ლაჟვარდთა სანაპირონი;
უსუპის წარბი ვუმშვილდე, ვამშიე ფარ-ხმლის ხმარება,
დევს რომ უმხარა, გენახათ, იახსრის ახარხარება!..
რთველი ვართველე, რა რთველი _ ხართვალა, მტევნებგიდელა,
ტანთ თუთარჩელა ვარჩიე, ღამე გავხადე _ დინდგელა;
სამეფო კვართი ვუკვართე, კვერთხიც ვუკურთხე, ისეთი...
მთლა შიშით გადაბაბანდა უკურთხი სამიზგითეთი!
გულს გავეწონე: _ ეგების, ვადა იწითნოს _ ვადამდე!..
ორბის ფრთით შემოვუთარგე _ ნიკოფსით დარუბანდამდე...
`დედაენიდან” ამოვსხი ანბანსისხამა იები,
ხან სული მიუნიავა, ხან _ წამწამ-ფარფალიები.
`სიტყვის კონაც” რომ გავშალე... ნეტაი, თავად გეხილათ,
ვით ალაღდა და აბაღდა _ მაღლარ სიტყვათა ხეხილად!
ფარშევანგის ფრთა მოვართვი, ვით ვაკადრებდი ბატისას,
მაფშალიამაც ურშვინა, ჭირიმე იმ ნისკარტისა.
გულის გრაალით დავლოცე: _ მტერიმც გეხილოს ძლეული,
ღვთისენად ამოგემხილოს ის ფარულზოსიმეული!..
აწ მართლა უნდა იმეფოს _ ვეფხისტყავშემოკვართულმა,
დედოფალსიტყვა მოჰგვარეთ, რომ ძეც შვას საბაქართულმა!