Litclub.ge

ჩემი გრამატიკა
მე ვარ სახელი არსებითი
და მე წარმომთქვა მიწამ შენმა
შენივე ზეცის გასაგონად...
ხოლო შენ ზმნა ხარ უზენაესი,
შენშია ყველა მოქმედება,
სულისჩამდგმელი...
შენშია ყველა ზმნა, რომელთაც
მე მაზიარე:
ვწერ, ვსუნთქავ, მიყვარს,
ვესალმები, ვლოცულობ, მივალ...
ეს შენ კარნახობ მოძრაობას ჩემსას,
ძლიერო,
და მე ვარ შენი ქვეშევრდომი,
შენი ქვემდებარე
და მიმსახურე,
სამშობლოვ, ჩემო შემასმენელო!..