Litclub.ge

პირველად
მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,
იქუფრებიან თვალები ნისლით.
თუ გავამსხვრიე განგების ღობე,
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.
ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,
პირველად დედას დავუკრეფ იებს.
დედის მანდილში აპრილი გალობს,
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.
თუ უკვდავების ვიპოვე წყარო,
პირველად დედას მოვუტან პეშვით.
ნანინას ნამი აკვნაზე ელავს,
როგორც კვირტებზე ღიმილი ფესვთა.
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,
პირველად დედას ავიყვან მზესთან.