შენ შეცდენილი ხარ ანგელოსი,
მხრებზე ციური შუქი გაყრია.
შენ შეცდენილი ხარ ანგელოსი,
მაგრამ რატომღაც ქალს გეძახიან.
უცხოს და ცისფერს ბრბო ვერ აიტანს,
ბაღს გაგითელავს და აგიოხრებს.
შენ გამოგძერწა ზეცამ მთვარიდან
ქალის ტანით და ქალის მიმოხვრით,
და მოგისაჯა მამრის გაოფლილ,
ხარბ, გაუმაძღარ სხეულთან იწვე.
შენც სასჯელს იხდი,
შორს მოგალობე
ჩიტების გუნდი მიფრინავს მზისკენ.
შენ თეფშებს რეცხავ, ახურებ ღუმელს,
დახრულ იატაკს ხეხავ ჯაგრისით,
რომ დაემსგავსო ოჯახზე მზრუნველ
და მოფუსფუსე დიასახლისებს.
მერე შლი ლოგინს, ასწორებ ბალიშს,
წვები ალერსის მაცდური ნიღბით,
და ბედნიერი გეხვევა ქმარი,
ქმარმა რა იცის, რომ სასჯელს იხდი...