Litclub.ge

ინტერვიუ ბექა ოთანაძესთან
 კორესპოდენტი: ჯანაშია ნათია
 
 
მორიგი რესპოდენტი:  ძალიან საინტერესო, ასაკით პატარა, მაგრამ ნიჭიერი ადამიანი.
"მე ახლა იქ ვარ,სადაც უნდა მიყვე, მიენდო,
ლექსებს-ანკესებს,
და მოზიდო ცხოვრება შენსკენ..."
ასე ეზიდება ბექა ოთანაძე თავისი ლამაზი ლექსებით ცხოვრებას ამაყად...დანარჩენს კი თავად გვიამბობს...

- ბექა, როგორ არის სალამი პოეტურად?

ძალიან უბრალო და ყველანაირი რევერანსების გარეშე.  მაქსიმუმ ხელზე ამბორი. : )

- ბექა, შენ ხარ ყველაზე პატარა მათ შორის,ვინც თანამედროვე პოეტების ანთოლოგიაში შევიდა...როგორ დაიწყო შენი გზა პოეტობისკენ?

ჩემი ძმა,  ნიკა ჩერქეზიშვილი იტყვის ხოლმე,  როგორც "გირტყამს" ცხოვრება ისე წერო.  მეც დამარტყა ცხოვრებამ და დავიწყე წერა სულ რაღაც 7 თვეა.  ჩემი დებიუტი არ უკავშირდებოდა სიყვარულს,  უბრალოდ მეწერებოდა და ვწერდი.  მართალია რასაც ვწერდი გადასაყრელი იყო უმეტესობა, მაგრამ გავიარე პატარა გზა დღემდე და ამ მცირე ბევრად  მოვასწარი რისი მოსწრებაც შეიძლებოდა. შემოქმედებით ზრდას ვგულისხმობ.

- პოეზიაში ზოგადად ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი,რომ პოეტი უნდა სვამდეს,ეწეოდეს..შენც არც ერთთან არ ძმაკაცობ..როგორ გსტუმრობს მუზა და რას ფიქრობ ამ საკითხზე ?

ვწერ ძალიან ჩვეულებრივ გარემოში, ხმაური არ მიშლის ხელს, შემიძლია დავწერო სამარშრუტო ტქსშიც, ან მობილურში ჩავინიშნო რაიმე ფრაზა და ა.შ. საერთოდ სიტყვა მუზა არ მიყვარს. რატომ უნდა წერო მუზით როდესაც არსებობს განწყობა, გრძნობა. ლექსი იწერება განწყობით და გრძნობით რასაც ჩვენ მუზას ვარქმევთ და რატომ ვარქმევთ ვერ გავიგე..

- სტერეოტიპზე რა აზრის ხარ?

არ ვეწევი.  ხანდახან ვსვამ და ამ ბოლო დროს ხშირად, ოღონდ არა იმიტომ რომ სტერეოტიპი არსებობს ასეთი.  ჩემი აზრით სისულელეა სტერეოტიპი თითქოს პოეტი აუცილებლად კაშნეთი უნდა მოძრაობდეს, და ეწეოდეს და სვამდეს.

- მოდი ვაღიაროთ,რომ პოეტებში შური მოდის...შენ თუ გიგრძვნია მეგობრებისგან და როგორ რეაგირებ მსგავს შემთხვევაში?

კი ყველა პოეტში არის რაღაც "შურის" მარცვალი.  ჩემ მიმართ ვის რატომ უნდა ქონდეს შური,  ჩემი ლექსების შემხედვარე : D  მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, თან ჩემზე გაცილებით უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან.  მე ყოველთვის ღიმილით ვხვდები ამ ფაქტს და ხანდახან სიცილითაც..

- როგორ ფიქრობ, შენს პასუხს მკითხველი ყალბ თავმდაბლობად არ მიიჩნევს? როცა საკმაოდ ლამაზ ლექსებს წერ და გაქვს ამბიცია იყო დიდი პოეტი...

მე რასაც ვწერ, ყოველთვის ისე ვფიქრობ და მკითხველი რასაც იფიქრებს მკითხველის საქმეა.  ისე ყოველთვის მირჩევნია ჩემ თავზე და ჩემს პოეზიაზე ჩემი აზრი ნაკლებად ვწერო და მკითხველმა შეაფასოს.  მე არ მაქვს ამბიცია, რომ ვარ დიდი პოეტი. მეტიც, მეცინება ამაზე. მოდი და ეხლა იფიქროს მკითხველმა რომ თავმდაბლობსო.  მე ვწერ ლექსებს და ძალიან დიდი გზა მაქვს გასავლელი ამ კუთხით. ბოლოს რა იქნება არავინ იცის..  : )

- და მაინც, ვფიქრობ, ამბიცია სულაც არაა ცუდი, როცა კარგად წერ... როცა შენი მეგობრები პარკში სვამენ (რაც თითქმის ყოველღეა მოსალოდნელი) შენ რას აკეთებ ამ დროს?

არ ვიცი საიდან გაქვთ ინფორმაცია თითქოს არ ვსვამდე : )  უმეტესწილად მეც ვსვამ ხოლმე.  თუ არ ვსვამ მაშინ ვუსმენ მათ ათასჯერ წაკითხულ ლექსებს ათასმეერთედ 

- 27 თებერვალს გაქვთ საღამო, სად ჩატარდება, პოეტების შემადგენლობა... და რას გეგმავთ?
ვგეგმავთ ისეთ საღამოს, რომელიც ჯერ არასდროს ჩატარებულა.  გამოვა ბროშურაც სადაც შვიდივე ავტორის ლექსები იქნება.

2010 წლის თებერვლის ბოლო შაბათი - 27 
19 საათი და 15 წუთი - 19:15
აკ. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი - გ.ლეონიძის ქ. #11ა
პოეზიის საღამო - "წამო, შევიშალოთ, როგორც პოეტები"
დევიზი - ანტიბიოტიკი

ნიკა ჩერქეზიშვილი
ნუკრი ბერეთელი
გიო ზედვაკელი
სანდრო დგვარელი
ბექა ახალაია
ბექა აბუთიძე
ბექა ოთანაძე

- დევიზი ანტიბიოტიკი - არა?

საუკუნე ქვევრია, 
ჩასძახებ და გეძახის,
მიყვე,
უნდა გაუსწრო,
ჩამორჩები ჩაგტოვებს,
უნდა დაიმორჩილო,
ლექსებს თუ დაეძალე,
ქუჩას შენი აჩრდილი ერთხელ თუ დაატოლე,
ლექსი თუ არ დაწერე,
მიწას უნდა მოშივდეს,
სისხლით უნდა აპურო, სისხლით, განა ღვინოთი,
პოეზია - ომია, ხალხი (ყველა) - გოშია,
გქონდეს მუდამ სასხლეტზე ხელი -
(დროის საჭერი)
მათკენ, ვისაც ხედავ, რომ
თითქმის უკვე მკვდარია,
ესვრი... არ დაეღვრება,
(რადგან) სისხლი მდორე აქ.
მოდი ძმებო მოვსინჯოთ,
დრო ჩვენს ხმაზე კიოდეს.
ლექსი თუ არ დაწერე,
მიწას უნდა მოშივდეს,
მიწას უნდა ტკიოდეს.
ბევრი რომ არ გავწელო,

ვწერ ამ ლექსს და სახელად ვარქმევ - ანტიბიოტიკს

მოჭარბებული ვერლიბრომანიის მერე,  ჩვენი კონვენციური ლექსები ანტიბიოტიკივით სჭირდება ორგანიზმს.
მანიფესტი - ანტიბიოტიკი 

- რამე არაორდინალური, პოეტური თუ ჩაგიდენია ცხოვრებაში? მაგალითად გოგოსთვის ექსპრომტად თუ დაგიწერია ლექსი?

რამდენად პოეტურია ეს ამბავი არ ვიცი მაგრამ ლექსი მენანება.  : D ერთი ჩვეულებრივი სტუდენტის დღე იყო. სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი, უკან მიყვარს დაჯდომა და აი ისეთი გოგო ამოვიდა საშინლად რომ მოგეწონება.. გვერდით მომიჯდა და ცოტა შევიშმუშნე. რასაც თქვენ მუზას ეძახით, ანუ განწყობა და ემოცია მოვიდა უცებ ისეთი, რომ ვაღიარებ ძალიან მაგარი ლექსი დავუწერე. დავამთავრე თუ არა მივაწოდე და მისი ჩასვლის დროც იყო თურმე. ერთი სიტყვაც არ მითქვამს.  ის გაკვირვებული მიყურებდა, ვინ იცის წაიკითხა და სადმე მიაგდო.  არადა მაგარი ლექსი იყო, ვერ ვიხსენებ.

- საშინლად ლამაზი ქალი როგორია შენთვის? და არ გიფიქრია რომ ჩაყოლოდი?

ჩაყოლაზე არ მიფიქრია.. ვერ მოვედი აზრზე  ალბათ იმ წამს. საერთოდ მორიდებული ვარ და იშვიათად რომ რაიმე "დიდი ნაბიჯი" გადავდგა. 
საშინლად ლამაზი ქალი ბევრნაირი შეიძლება იყოს. ამჯერად მწვანე თვალები აქვს და სწორი ღიაყავისფერი თმები..

- ბექას პირველი კოცნა...

პირველი კოცნა ვისთვის რომანტიულ და ვისთვის მობეზრებულ ადგილას იყო.  მთვარიან ღამეს ზღვის ნაპირზე.  
რა რომანტიული ვიყავი 13 წლისა თურმე..

- პოეტი და ე.წ. ქუჩის ინსტიტუტი...

ქუჩის ინსტიტუტი კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. მე ისეთ პერიოდში გავიზარდე, როდესაც "ქუჩამ" და მისმა გავლენამ პიკს მიაღწია,  თუმცა ჩემ ცხოვრებაში არანაირ როლს არ თამაშობს.  ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს თითქმის ყველასთან.  პოეზია ქუჩასთან თითქმის არანაირ კავშირშია. ჩემი მეგობრები ვინც იგებენ რომ ლექსებს ვწერ ყველა ძალიან დადებითად ხვდება ახალ ამვბავს და ინტერესით უდგება ჩემს ლექსებს.  ბევრს პოეზია შეუყვარდა, რაც ჩემი დამსახურებაა. მოდის თაობა რომელსაც აინტერესებს პოეზია და მე ძალიან მიხარია.

- თანამედროვე პოეტებიდან ვის გამოყოფ?

გიო საჯაია პირველია.  ძალიან მიყვარს გიოს პოეზია.  ასევე ნუკრი ბერეთელი და ნიკა ჩეერქეზიშვილი.
მიყვარს ბექა ახალაიას, გიო ზედვაკელის, თეა თაბაგარის ნინო ნეკერიშვილის ნუციკო დეკანოზიშვილი.. ლექსები.  
და არის კიდევ რამდენიმე..

- რადგან ექსპრომტად წერა შესაშურად გამოგდის, მოდი ერთი სტრიქონი დაგვიტოვე ექსპრომტად...

ღამე ჩამადნა ხელებში, 
დამდნარს სტროფები ეწერა, 
ძილი სმასავით შემეშვა, 
ვფხიზლობ და ლექსებს ვეწევი.

- კარგი, ჩემო კარგო, დაგემშვიდობები კვლავ უკეთესი ლექსების მოლოდინში...ვფიქრობ შინაარსიანი ინტერვიუ შედგა, შენს შემოქმედებით ზრდას თვალყურს ვადევნებთ და წარმატებებს გისურვებთ... უფალი გვფარავდეს!

დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ ყველას!


 2010 წ. თებერვალი