წვიმდა, წვიმდა, წვიმდა კახეთს,
თამბაქოსფერ ნისლში თვლემდა
ახმეტა
და ალაზნის ველს
ლურჯ სიზმარში დაათენდა.
გოგო ჭრიდა ნაწვიმარ ველს,
წვიმა უკენკავდა კალთას
და ტყისაკენ ციცქნა კრავებს
ღრუბლებივით მირეკავდა...
გადიარა წვიმამ ბონდი,
მერე სულაც გადაიღო.
ზღაპარ-ზღაპარ მოვდიოდით,
ო, რა კარგი ზღაპარ იყო.