Litclub.ge

მაწანწალა ძაღლის ბალადა
(ვუძღვნი ჯიშიან ძაღლებს)
მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა
და ცხოვრობს, როგორც ძაღლის წესია,
ნაგვის ბუნკერში დაეძებს სახრავს
და უმიზეზოდ ქვასაც ესვრიან.
მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა,
თუმც ცრემლიანი თვალები ამხელს,
რომ ვერ მოერგო ცხოვრებას ახალს
და გამვლელებსაც არიდებს სახეს.
მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა,
ქარი და წვიმა უბურღავს კეფას,
ოცნება გახრულ ძვალივით მარხა
და სწავლობს ქუჩურ ღრენას და ყეფას.
მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა,
ალერსით არვინ ეძახის სახელს,
ღირსების ზღვარი ვერ გადალახა,
თუმცა შიმშილი სულ უგებს მახეს.
გაირინდება სულ ერთი წამით,
ჯიშის ძახილი თუ მიაყუჩა,
ის დაწანწალებს წვიმიან ღამით
იშვილა დედინაცვალმა ქუჩამ...
მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა,
დაედევნება ნაცრისფერ პალტოს,
ხელში შერჩება უგულო ახვარს,
ასე რომ ჰგავდა გარდაცვლილ პატრონს.
მაწანწალაა ეს ძაღლი ახლა,
ცხოვრობს ძაღლურად, როგორც წესია,
ნაგვის ბუნკერში დაეძებს სახრავს
და უმიზეზოდ ქვასაც ესვრიან.