Litclub.ge

*** "კარგია, როცა გეტყვიან კის"
კარგია, როცა გეტყვიან კის,
ცუდია, როცა გეტყვიან არას,
მთესველი სწორედ დათესილს მკის,
მწყემსი უძაღლოდ ვერ უვლის ფარას.
მარცხი ცერა თითს თავდაღმა ხრის,
ტყუილი მართალს ალიყურს სძალავს,
ზოგი ახალ წელს ძველმანებს ჰყრის,
ზოგიც სიყვარულს ლექსებში მალავს.
ჭორი სხვის ხელით სამარეს თხრის,
ორგულს ერთგულის სიმტკიცე ზარავს,
ღამე მზის სხივის ხილვისას თრთის,
სხეულს სამოსი თვალისგან ფარავს.
ყრუს არ აღელვებს ტკივილი ხმის,
არ იწმენდს ლანჩი მიჩვეულ ტალახს,
ბედი შესაღებ კარებთან ზის,
სულ არ აშინებს თმის ფერი დალაქს.
ნება შეუვალ ცხრაკლიტულს ხსნის,
აბრუნებს კაცი ცხოვრების ჯარას,
მადლის მთესველი სიკეთეს მკის,
რწმენა ნერგისთვის ბრძენ მიწას ბარავს.