შენ გივიწყებდნენ ყოველთვის მალე,
შენ ივიწყებდი ყოველთვის გვიან,
და ახლაც იმ სხვებს წაყოლილ ქალებს
შენი ცხოვრების ქალები ჰქვია.
შენ გიშორებდნენ ყოველთვის ადრე,
შენ იშორებდი ყოველთვის გვიან;
სხვების დაცვენილ ნიღბებს და ჩადრებს
შენი ცხოვრების დღეები ჰქვია.
შენ გიმეტებდნენ ყოველთვის მალე,
შენ იმეტებდი ყოველთვის გვიან;
მეგობრებს, მტრებს და სიკეთის ალებს
შენი ცხოვრების მიზეზი ჰქვია.
შენ ერთნაირად სწამდი სიმაღლეს,
ლექსებს და სიზმრებს, ფერდობებს ქვიანს;
ხომ იყვარებდი ყოველთვის მალე,
რად შეგიყვარეს ყველაზე გვიან.