Litclub.ge

ნიღაბი
უღრანები ღამურებით იღამებს
და მთვარეა ცაზე, როგორც ევა.
ვერ ვიშოვე უკეთესი ნიღაბი
და ამ ბრბოში მაწანწალას ვგევარ.
იმ ხეების იდაყვებზე ტოტების
განიძარცვა ქარიშხალთან დავა.
ძველი სულის უძველესი გოდებით,
ნათხოვარი სხეულივით დავალ.
და აწყდება დავიწყება მგოსნებს _
(მოელვარე ვიტრინები ნახეს)
აედევნა სალუქ მანდილოსნებს
ნამთვრალევი მათხოვარის სახე.
საკუთარი ანარეკლიც მიცილებს
და არ იცის ნიღბის მიღმა მე ვარ.
ვერ ვისწავლე უკეთესი სიცილი _
ახირებულ კომედიანტს ვგევარ.
ჭიქის ფსკერით ვიყურები ცისკენ,
ირონიით ბრბო ერთობა ერთობ,
და მივიწევ თვითმკვლელობით მისკენ,
რად დამცინი, რად დამცინი, ღმერთო...