Litclub.ge

ვათავისუფლებ
ვათავისუფლებ ოთხ სტრიქონზე ჯვარცმულ რითმებს
და მარცვლებდათვლილ სიტყვებს ლექსში ვათავისუფლებ!
ვათავისუფლებ სიმღერაში დამწყვდეულ მტრედებს,
შეყვარებულებს, ბავშვებს, დედებს, მიცვალებულებს!
მხატვრის ფუნჯისგან ვათავისუფლებ ზღვის მორჩილ
ტალღას,
წელში მოხრილ ხეებს და ქარებს,
ნატურმორტებს, პორტრეტებს, ფრესკებს...
ჯოკონდას ღიმილს ვათავისუფლებ!
წუთებს, საათებს, დღეს და ღამეს,
დროს დროისაგან ვათავისუფლებ.
ფოტოსურათზე გაყინულ მზერას, ბაგეებს, ხელებს
ვათავისუფლებ.დაე, წავიდნენ ხალიჩიდან, გობელენიდან
თხები, ირმები, ყვავილები თავის ტყეებში
და თვითონ ტყესაც ვათავისუფლებ პეიზაჟის
ჩარჩოებიდან.
ვისაც ვუყვარვარ, ვისაც ვძულვარ და ვინც არ მიცნობს,
რაც კი მინახავს, რასაც ვნახავ და რასაც ვერა,
ვათავისუფლებ ყველაფერს, ყველას.
ვათავისუფლებ ვიოლინოს, საღებავს, ფანქარს,
სახლებს და ქუჩებს,
ყველა საგანს და არასაგანს ვათავისუფლებ!
ვათავისუფლებ დარაჯებს და არადარაჯებს
და მერე თვითონ თავისუფლებას ვათავისუფლებ!