Litclub.ge

*** "ცირკის ლომივით დავყევ სხვის ნებას"
ცირკის ლომივით დავყევ სხვის ნებას,
ხელს ამიქნევენ, წადი, მოდი, შენ.
ცხოვრება რთული როგორ მექნება,
როცა ადვილად წავიბოდიშებ.
ვინც აქ არ არი, ან მიმატოვა
ქალმა, ლექსი რომ ცვალა ბორკილში, _
განუზომელად ვინაც მიყვარხარ,
სიყვარულისთვის დიდი ბოდიში.
არავინ იცის, ტირის, იცინის
ვინც ზის `ჰამერში~ ანდა `ბოინგში~.
ალბათ, გულგრილად მთვლიან ისინიც,
გულგრილობისთვის დიდი ბოდიში.ვინაც დარდობდა, ნუ დარდობს ახლა,
ძილს ნუ გაიკრთობს ჩემს მოლოდინში.
დიდი ბოდიში, სიონის გლახავ,
ბეჩავთერემო, დიდი ბოდიში.
წლებმა ცხოვრება როგორ გაჯოხა,
ვინ ზეცად კვდება, ვინ კი ლოგინში,
ჩემგან კი ალბათ ამის თქმა სჯობდა.
თუ ვსვამ ბოდიში, ვსუნთქავ? ბოდიში.
გული საგულით ამოსვლას ლამობს,
თუ ეშველება _ სრულ გამოთიშვით.
რა მოგივიდა, ბებერო ლომო,
როგორ ხშირ-ხშირად ამბობ: ბოდიში.
აქ ირონია არაფერს ახლავს
და მაინც უნდა მეთქვა ბოდიში,
თუ კვლავ გაწუხებთ ჩემი დანახვა,
არსებისათვის დიდი ბოდიში.