ცას გადაჰკვრია ნისლი ლიბრივით.
უბერავს ქარი, ავობს ტაროსი.
დღე, ახლა ჩვენთვის ჩვეულებრივი,
ხვალე გახდება საინტერესო.
იყო სხვაგვარი ციებ-ცხელება
და ვერ ვითვლიდი იმ მწველ იარებს.
მფრთხალმა დღეებმა,
როგორც ცხენებმა,
ჭაბუკს ზედ გულზე გადამიარეს.
გრძნობა დაბრმავდა.
აზრი უმია,
იწვი,
ამ ცეცხლს დრო იანგარიშებს.
შენ სდუმხარ ისე, როგორც მუმია
და კალმის წვერზე სძინავთ ქარიშხლებს.
აჰა, აბორგდა,
ლექსმა იწივლა
და სამომავლოდ სურს იტატანოს.
როგორც კვერცხიდან ჩვილი წიწილა,
ეს დღე მსურს
ლექსში გადავიტანო.
ცას გადაჰკვრია ნისლი ლიბრივით.
უბერავს ქარი, ავობს ტაროსი.
დღე, ახლა ასე ჩვეულებრივი,
ხვალე გახდება საინტერესო.