Litclub.ge

საქართველოს რუკა
ვით ქართლის დედის წმინდა თავშალი,
ნიშა ხარების ნიკორა შუბლი,
რუკა, რომელიც ვერვინ წაშალა _
მოგვიტანია ხმლითა და შუბით.
რუკა, რომელიც დარუბანდს აღებს,
მიჰყვება ქედ-ქედ მარმარის თაღებს,
შეიფერადებს მთებს იქით ჯიქეთს,
ლურჯი სიშორის ველების იქეთ...
და აფხაზეთის ფერიც აქ არის,
აქ არის ფერი ჩემი აჭარის,
მესხეთი ჩემი _ სიტყვის ზანზარი,
და ჯავახეთის მიწა მწყაზარი...
აქ ავაზების, ლომთ-ვეფხვთ ღრიალში
შორდება ზოლი ქედ-ქედ თრიალეთს,
აქ ზოლმა მარჯვნივ გადაიარა,
აქ რუკას უჩანს ხმალით იარა.
და აგერ ფერი ჩემი დვალეთის,
ის _ სამაჩაბლო გიშრის თვალებით,
სათაფლიონის თეთრი თაღები,
დინოზავრების ცხელი კვალები...
ეს არის რუკა, ლომ-ვეფხვთა სრბოლა
და კამარები ნიამორების,
მშვილდის მოზიდვა, ჰოროლთა სროლა...
რუკა, ღმერთების ნაამბორები...
მიიკლაკნება შირაქს საზღვარი
და საინგილოც სადღაც აქ არის,
სადაც ერეკლეს სახემწყაზარი
შემოეყარა ინგილო ქალი!
არც ერთი ბიჯი ამ რუკის იქით!
ეს რუკა უხმობს ქართველს თილისმით,
და წვეთი ცრემლი მთაწმინდის ფერხთით,
ცისფერი წვეთი _ დედათბილისი!
ვით ქართლის დედის წმინდა თავშალი,
ნიშა ხარების ნიკორა შუბლი,
რუკა, რომელიც ვერვინ წაშალა,
მოგვიტანია ხმლითა და შუბით!