ეს დასასრულის დასაწყისია,
დრო თავგანწირვის და გადარჩენის,
ბედმა და წერამ ერთად მიწია
და ჯილდოდ მერგო ქალი _ სასჯელი.
......................................
ცად ავარდნილი ტანი ლერწამის,
თვალი გიშრის და ბაგე ბადახშის...
პიტალო მკერდზე ვიგვემ-ვეწამე
და ტრფობის ზღვაში ვნებით გადავრჩი.
...............................................
ბასრი ჩანქერის სხივით განმგმირა
და დამეპკურა ანკარა წყაროდ,
მომსრა, მაცოცხლა...
ასე, ამრიგად,
ჩემში განივთდა მთელი სამყარო.
....................................
დაცემული და აღმატებული,
ქალი მჩქეფარე და დაშრეტილი,
კაცი _ მირიად ვარსკვლავთ კრებული
და უსასრულო ერთი წერტილი.