გახსოვს? მიყვარდი... ზამთარი
რას ირჯებოდა ნეტავი?
აღარ მაცლიდა არც თავი
და აღარც ბედი _ კენტავრი.
არც დღე ავსილი ქარებით,
გულს სიყვარული ეწადა...
რიჟრაჟზე მთვარის ნალევი
ხმალივით ამომეწვადა,
მზე ამეფრინა დილიდან _
თუ სიხარული ვერ იცდის,
ვიდრე მთას გადაივლიდა
თვალები _ საზრდო ჩემი ცის.
ვიდრე ფიქრს შავი ღრუბელით
დაიტირებდა ნამი ცის.
შენ სიბერესთან თუ მელი,
მე _ ბავშვობასთან დაგიცდი.