ნახვამდის! Aარა!
მხოლოდ მშვიდობით!
მე გზა მიჭირავს, როგორც ბებუთი,
კარიც ღიაა, სარკმელებიც და
ვარსკვლავებიც ჩვენებურად
არის პურზე ღვინოსავით დაწვეთებული...
წავედი, ვაგდებ ამ ჩემს შექმნილ,
გამოგონილ თუ აწყობილ ჩემივ სამყაროს _
(ღმერთმა უწყის, ვისთვის ავაწყე,
ანდა ვისთვის გამოვიგონე)
აღარ მჭირდება!
ახლა ნება მაქვს, რომ იქ მივიდე,
სადაც უკეთესს ანდა უარესს
სამყაროს მოვქსოვ ობობასავით და
იქ მარტო ვიმოძრავებ
მდუმარებაში, ბინდში და ნელა...
მარადიულო პანტომიმავ,
გაუგებარო ყველასათვის,
იქ არც ხემსია, არც სამოსელი და
არც მუსიკა ტექსტითა და არანჟირებით და
ვერ გაიგებ, რა ფერისაა
დანერგილი ბინდში ჩრდილები...
სამკაულები სხვა გზებისაა!
დარჩეს იმ გზაზე, რომელიც უკვე
აღარც კი მახსოვს რისთვის გავცვითე...
ხმაც არ მჭირდება, არ გავიღებ,
რომ არ დაგღალოთ და დაგაბეროთ, _
მე ხომ ძველი ეგოისტი ვარ...