იწყება ახალი კარნავალი
და ძველი ზღაპარი კვდება,
დღეს ჩემი ბავშვობის დედოფალი
სხვისი დედოფალი ხდება.
ნეტავ, რა მამღერებს ახლა, ცაო?
თრობას უდარდელად ველი,
ნუთუ ოცნებების სასაფლაოდ
იქცნენ ლაჟვარდები ძველი?
ნუთუ ღრუბლებს გაყვა ჩემი ფლოტი,
ცისკენ გაფრენილი გზნებით?
ნუთუ ამდენი ხნის დონ კიხოტი
უკვე სანჩო პანსა ვხდები?
არა, ნუ ინაღვლებთ, ლამაზებო,
თქვენ თუ შემოქმედის ნებით
უნდა სხვის ცოლებად იარსებოთ,
ჩემთვის დედოფლებად რჩებით.