I
პოეტმა ყველა წააგო ბრძოლა...
და ბოლოს ერთი მოიგო ომი.
პოეტში დაჰქრის შიში და ძრწოლა
და ოქროსფერი, მზერამზე ლომი.
პოეტმა იცის ფოთლების ენა,
და კაცთა ენა მაინც არ იცის,
პოეტს ნურავინ ნუ ჩათვლის ბრძენად,
იგი სილაღის ცხოვრობს ხალისით.
თბილ ლესტერებში მოსულო ვარდო,
შენი ფერია მისი აჩრდილი,
მზედაშანთული, ის მზეზე დარდობს,
შავ ლაქებს ნაღვლობს სიკვდილაცრილი.
გთხოვთ, აღარავინ არ იწყოთ მეტად
მისი დაცინვა და ცალყბა ღიმი;
სარკიდან მოდის მარადი დედა,
რომელსაც მკერდზე შეხსნია ღილი.
II
პოეტისა და კეისრის დუელს
ასდის საავდრო ღრუბლების სუნი.
პოეტი ყველგან ერთია: უელსს,
მესხეთს და თბილისს _ თუნდაც მისურის.
სიკვდილ-სიცოცხლის შიშთვლით წამოსულს,
ნუ დასცინებთ და ნუ ესვრით ტალახს;
კბილით ძლივს იჭერს იგი ამო სულს,
თავის საფლავის ბორცვსა და ბალახს.
როგორც ვერავინ ამოხსნას ქალში,
თუ ვით მწიფდება ნაყოფი ქალი,
ვერც ვინ დარახტოს პოეტის რაში,
პოეტის გრძნება და ნაფიქრალი.
გთხოვთ,
გაუფრთხილდით ბავშვობის ღამეს,
ღამემ შვა დილა და დილამ _ ხიდი;
თქვენთვის არსებობს _ პოეტი, ლამის
თქვენივე _ მეხი და მეხამრიდი.
გემუდარებით: მისთვის ილოცეთ,
ვინც თქვენ გეკუთვნით ღამით და დღისით.ბრმა მერცხალია მისი სიცოცხლე...
ბრმა მერცხლის ფრენა _ ცხოვრება მისი.
როცა სხეულში გადის ის ძაბვა,
ბრძენთაბრძენსაც რომ წამში დაფერფლავს,
რად გიკვირთ,
ხელით რომ გიგლეჯთ ჯაგნარს?
თქვენს ტერფებს იცავს და თქვენს ნატერფალს.
III
როცა მარტო ვარ, მე უფრო ვიცი.
და ჩემი სული დღისითაც ხედავს.
Vენი და Vიდი და თანაც Vიცი?!
არ დაუჯეროთ, ვინც ამას ბედავს.
მე ბევრი ცრემლი დამჭირდა, რათა
გადამეწია რიდე ოცნების:
იმ ერთხელ მაინც გაიპო ფარდა,
ნიჭიც სახეა პატიოსნების.
ასეა, ასე _ დიდება უფალს!
რომ ისევ ცოცხლებს კოცონში გული,
და ამ სასწაულს ვერსად წაუვა
მოდგმა ეჭვებით გულდაკარგული.
იყავით კარგად, დუმილით მქოლეთ,
მე მაინც მიყვარს ყველა თქვენგანი.
გიტოვებთ გულს და... დინება მდორე
მიმელის, როგორც თეთრი ზეგანი.