Litclub.ge

ვახტანგ მეექვსე
ვერა, ვერ გაასწორა ბედისწერის ანკვირა,
მისი ეტლის სიმრუდემ თვითონაც გააკვირვა.
რასაც მეფე უთქვამდა წუთისოფლის ლამპართან,
იყო დიდი ნუგეში ძეთა და წინაპართა.
თოვლმა მოჭრა თვალები...ეჰ, ეგ არის რაც არის...
სხვას კოცონი და სითბო _ მას ყინვა და ნაცარი...
ის ნაცარიც სხვის ბაღებს მოაყარეს სასუქად,
სხვის ბაღებში ხარობენ კროკონები მას უკან!
არ ყოფილა იოლი _ გქონდეს _ მაინც ისესხო,
სხვის კერაზე იალო, სხვის ბუხარში იცეცხლო,
უსაშველო დარდისგან არ გიხსნიდეს დანა პირს,
გპირდებოდნენ და მერე _ არ გატანდნენ დანაპირს !
ენა იტყვის იოლად, რადგან ენა რბილია,
ვით გტაცებდა ყვავი ვარდს _ ძერა ობოლ ბრილიანტს...
_ მომიყევი, მეფეო, ასტრახანზეც ოდესმე,
შენ მიამბე, მე სისხლით და ძარღვებით მოგისმენ...
შენი შვილიც სხვის კარს ზის, თუმცა ტახტის ღირსია...
ღელეს მიაქვს ნაფქვავი, თუ წისქვილი სხვისია...